ბს-362-362(კ-18) 18 ოქტომბერი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ძ-მა 15.04.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 13.02.2015წ. N51 ბრძანების ბათილად ცნობა და მ. ძ-ის თანამდებობაზე აღდგენა, თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 24.02.2015წ. N11 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა მ. ძ-ის ნაწილში, თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საპრეტენზიო კომისიის 24.02.2015წ. N2 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2 თვის ხელფასისა და მისი გადახდის ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის შრომის კოდექსით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2016წ. გადაწყვეტილებით მ. ძ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიის 24.02.2015წ. N2 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება მ. ძ-ის მიმართ დადგენილი შედეგის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 24.02.2015წ. N11 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება მ. ძ-ის მიმართ დადგენილი შედეგის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მ. ძ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მ. ძ-მა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2017 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის მიერ.
კასატორები აღნიშნავენ, რომ კომისიის მიერ მ. ძ-ის საბოლოო შეფასებამ ვაკანსიასთან დაკავშირებით შეადგინა 3 ქულაზე ნაკლები, რაც გამორიცხავდა მის კანდიდატად წარდგენას. დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება შეფასების კრიტერიუმების არარსებობის შესახებ, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ შეფასება მოხდა ინდივიდუალურად, წინასწარ შემუშავებული ექვსი კრიტერიუმის საფუძველზე, კონკრეტული ქულების მითითებით. მერიის მიერ განსაზღვრული კონკურსის ჩატარების წესის მიხედვით, კომისია არ იყო ვალდებული ეწარმოებინა გასაუბრება წინასწარ დადგენილი კითხვარის მიხედვით და შეედგინა ოქმი. გასათვალისწინებელია, რომ კონკურსის ჩატარების წესი მ. ძ-ს სადავოდ არ გაუხდია. ასევე დაუსაბუთებელია მ. ძ-ის მოსაზრება კონკურსის არაობიექტურად და მიკერძოებულად ჩატარების შესახებ. კომისია გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჯარო სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობა, მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად. საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მიიღწევა კანდიდატთა გამჭვირვალე, ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასების გზით. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი მიმდინარეობდეს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რათა არ მოხდეს კონკურსანტთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება კანდიდატებისთვის, მათ შორის მ.ძ-ისათვის, დასმული შეკითხვების შინაარსი და მათზე გაცემული პასუხები, არ არის შედგენილი გასაუბრების ეტაპის მიმდინარეობის ამსახველი ოქმი. კასატორთა მოსაზრება, რომ ინდივიდუალური შეფასების ფორმებით მოხდა თითოეული კანდიდატის 6 კრიტერიუმით შეფასება, რის გამო არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები, არ არის დასაბუთებული, რადგან შეფასების ფორმებში ქულის შემოხაზვა არ ქმნის შეფასების კონკრეტული საფუძვლების დადგენის შესაძლებლობას. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში არ გამორიცხავს აქტის დასაბუთების საჭიროებას, კონკურსის მონაწილემ უნდა იცოდეს რა გარემოებების გათვალისწინებით შეფასდა, რატომ ეთქვა უარი ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენაზე. სადავო აქტები არ შეიცავს სათანადო მოტივაციას. ამდენად, მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის სადავო აქტები მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი