Facebook Twitter

ბს-465-465(კ-18) 04 ოქტომბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ს. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ლ-მა 23.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა ს. ლ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების იძულებით საჯარო აუქციონზე გაყიდვის თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 14.06.2016წ. NA16013411-015/001 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.11.2016წ. განჩინებით, სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „…“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.02.2017წ. გადაწყვეტილებით ს. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ლ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. ლ-ის მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ აუქციონი ს. ლ-ის უძრავ ქონებაზე ჩატარდა კანონდარღვევით, რადგან ს. ლ-ი არ იყო ინფორმირებული აუქციონის ჩატარების შესახებ. ამასთანავე, უძრავი ქონებაც აუქციონის ვებ-გვერდზე კანონსაწინააღმდეგოდ იყო განთავსებული, არ იყო მითითებული ქონების საკადასტრო კოდები, რის გამოც ვერ ხერხდებოდა ვებ-გვერდზე უძრავი ქონების მოძიება. კასატორი აღნიშნავს, რომ აუქციონის ჩატარების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გაასაჩივრა ქონების შეფასების დასკვნები. აუქციონზე გატანილ იქნა მხოლოდ ს. ლ-ის ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება უზრუნველყოფილი იყო გ. მ-ის ქონებითაც. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ მიიღო არსებითად არასწორი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ აღმასრულებელს არ ეკისრებოდა აუქციონის შესახებ მოვალის დამატებითი ინფორმირების ვალდებულება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, აღსრულების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება (მე-6 პუნქტი), აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება თავისი უფლებების, სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგების, იძულებითი აღსრულებისათვის შესაძლო გასატარებელი ღონისძიებების, აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესისა და საშუალებების შესახებ ხორციელდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, როდესაც მოვალეს ეგზავნება 7 დღის ვადაში ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება (მე-7 პუნქტი). მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება (მე-8 პუნქტი). განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს. ლ-ს ჩაბარდა ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება, რომლითაც მას განემარტა აგრეთვე იძულებითი აღსრულების მოსალოდნელი ღონისძიებები, აუქციონის შესახებ ინფორმაციის ვებ-გვერდის მეშვეობით მიღების შესაძლებლობა. კასატორის მითითება, რომ ვებ-გვერდზე არ იყო აღნიშნული უძრავი ქონების საკადასტრო კოდები, რის გამოც ვერ შეძლო აუქციონის მოძიება, არ არის დასაბუთებული, რადგან საქმეში დაცული ვებ-გვერდის ამონაბეჭდში მითითებულია ს. ლ-ის ქონების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 47.2 მუხლის თანახმად, თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღწერა-დაყადაღების შემდეგ სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელდა ს. ლ-ის ქონების შეფასება. ს. ლ-ი ორგანოში წარდგენილ საჩივარში არ ეთანხმებოდა შეფასების შედეგებს, თუმცა მას არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია მცდარი შეფასების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ს. ლ-ი ვერ ასაბუთებს სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებული შეფასების შედეგების უსწორობას. ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მითითება მხოლოდ თავისი უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ს. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2018წ. განჩინება;

3. ე. უ-ს (პ.ნ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.05.2018წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი