Facebook Twitter

27აგ-11 თბილისი

30 მაისი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ე. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის (2005 წლის 10 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც მას „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის ზომად ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ე. ჯ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა _ 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელის ზომად ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ე. ჯ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2005 წლის 10 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ე. ჯ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ პუნქტზე (2000 წლის 5 ივნისის რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. ე. ჯ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2008 წლის 8 დეკემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის განჩინებით პროკურორ გ. დ-ს, მსჯავრდებულ ე. ჯ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ დ. ჯ-სა და ა. ჭ-ს, დაზარალებულ ქ. უ-ს დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2011 წლის 10 მარტს მსჯავრდებულმა ე. ჯ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ კი საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ა” და ,,ზ” ქვეპუნქტების შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ქ. უ-ე, როგორც წინასწარი გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლოში საქმის განხილვისას იძლეოდა ცრუ ჩვენებას, რაც დადასტურებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განაჩენით რ. ჩ-ს მიმართ. ამასთან, აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი _ ე. ჯ-ს სააპელაციო საჩივარი და იგი გათავისუფლდა ქ. უ-ს სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდისაგან, რაც ასევე მიუთითებს მის უდანაშაულობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით ე. ჯ-ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზეცნობილ იქნა დაუშვებლად.

მსჯავრდებული ე. ჯ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინების გაუქმებასა და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში. ამასთან, კასატორის განმარტებით განჩინება გამოტანილია საქმის შეუსწავლელად უკანონო სასამართლო შემადგენლობის მიერ _ სასამართლო შემადგენლობის ერთ-ერთ მოსამართლეს საერთოდ არ ჰქონდა აღნიშნული საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს. რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას იმის თაობაზე, რომ მისი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განიხილა სასამართლოს უკანონო შემადგენლობამ, ვინაიდან სასამართლო შემადგენლობის ერთ-ერთ მოსამართლეს, საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საერთოდ არ ჰქონდა აღნიშნული შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობის უფლება, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. აღნიშნული საპროცესო ნორმა მოსამართლეს უზღუდავს ახლად გამოვლენილ გარემოებების საფუძველზე საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობას იმ შემთხვევაში, თუკი იგი მანამდე მონაწილეობდა ამავე საქმეზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილი შუამდგომლობის განხილვაში. მაშასადამე, საქმის არსებითი განხილვაში მონაწილეობა, მოსამართლეს არ უზღუდავს უფლებას მონაწილეობა მიიღოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ე. ჯ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ე. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინება მსჯავრდებულ ე. ჯ-ს მიმართ დარჩეს ძალაში.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.