Facebook Twitter

ბს-668-668 (2კ-18) 04 ოქტომბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ნ-ემ 04.12.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 08.05.2015წ. №000022 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 30.10.2015წ. №693 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.08.2017წ. გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „ზ. ნ-ის წარმომადგენლის ნ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 30.10.2015წ. №693 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 08.05.2015წ. №000022 დადგენილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.

კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ ზ. ნ-ე დაჯარიმებულ იქნა, როგორც მესაკუთრე და არა, როგორც მშენებლობის მწარმოებელი პირი. ზ. ნ-ე უთითებდა, რომ 2003 წელს სადავო ობიექტი შეიძინა არსებული სახით, სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო წინა მესაკუთრის მიერ, თუმცა მოკველვის შედეგად დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ არის დაცული 2005 წლამდე გადაღებული აეროფოტო. 2005 წლის აეროფოტოზე კი ქონება უკვე არსებული სახით არის, ამდენად ვერ დგინდება მიშენების 2003 წლამდე მოწყობის თარიღი. შესაბამისად, ზ. ნ-ე დაჯარიმდა, როგორც სადავო ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე. კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრის მოწვევა არ იყო საჭირო, რადგან მის მიმართ არ ხდებოდა სადავო აქტების გამოცემა, შესაბამისად, მისი ახსნა-განმარტება ვერ შეცვლიდა ფაქტობრივ სურათს.

კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა აღნიშნა, რომ სარჩელის მიხედვით ზ. ნ-ე მზადყოფნას გამოთქვამდა განეხორციელებინა უნებართვო ნაგებობების დემონტაჟი, რაც ადასტურებს, რომ ის თავის თავს მიიჩნევდა სამართალდარღვევის გამოსწორებაზე პასუხისმგებელ პირად. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ვერ დაასაბუთა წინა მესაკუთრის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმის საჭიროება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ამჟამინდელი მოსარგებლეა ზ. ნ-ე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ დარღვევის ჩამდენ პირს, ხოლო თუ დამრღვევის ვინაობა ვერ დგინდება - სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს. გასახილველ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს, რომ უძრავი ქონება უნებართვო მინაშენთან ერთად, ამჟამად არსებული სახით იყიდა 2003წ.. მხოლოდ ის გარემოება, რომ ორგანომ მოიძია 2005 წლის შემდეგ შედგენილი ორთოფოტო, არ ადასტურებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, რადგან ორთოფოტო შესაძლოა იყოს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მტკიცებულება. ის, რომ 2003 წლამდე არსებული აეროგადაღება ვერ იქნა მოძიებული, არ გამორიცხავს მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების ამჟამად არსებული სახით შესყიდვას. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში უნდა ჩართულიყო უძრავი ქონების წინა მესაკუთრე, მოსმენილი უნდა ყოფილიყო მისი ახსნა-განმარტება, გამოკვლეული უნდა ყოფილიყო მის ხელთ არსებული მტკიცებულებები. საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობის განხორციელების პერიოდის შესახებ ორგანოს შეეძლო ინფორმაცია მიეღო აგრეთვე სხვა პირებისაგან, მაგალითად, მეზობლებისგან და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება ზ. ნ-ისათვის სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივრებს არ აქვთ წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი