Facebook Twitter

ბს-749-749(3კ-18) 09 ოქტომბერი, 2018 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ი. ტ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „…“ 10.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა მიმართ და მოითხოვა: ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 28.06.2013წ., 22.04.2014წ. გადაწყვეტილებებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 11.07.2016წ. ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.08.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი. ტ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 28.06.2013წ. N766021 გადაწყვეტილება, 22.04.2014წ. N1230610 ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 11.07.2016წ. N1-1208 ბრძანება, რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ი. ტ-ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2018წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ი. ტ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 28.06.2013წ. N766021 გადაწყვეტილება და 22.04.2014წ. N1230610 ბრძანება, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.03.2017წ. გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 11.07.2016წ. N1-1208 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ი. ტ-ის მიერ.

კასატორი ი. ტ-ი მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელისათვის ცნობილი იყო განხორციელებული მშენებლობის შესახებ 2015 წლის ნოემბრიდან, როდესაც მან მიმართა სსიპ ქ. თბილისის ზედამხედველობის სამსახურს ი. ტ-ის დაჯარიმების მოთხოვნით. კასატორი თვლის, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტების მიმართ აქვს კანონიერი ნდობა, აღნიშნული აქტების საფუძველზე განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, გაწია ხარჯი, შესაბამისად, ამ აქტების გაუქმებით ი. ტ-ს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შელახვა, დაუსაბუთებელია სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს შეეძლო არსებითად გადაეწყვიტა დავა, არ დასტურდება სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლების არსებობა, სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილი იყო თავად შეეგროვებინა მტკიცებულებები ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით.

კასატორი სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური მიიჩნევს, რომ დავა დასაშვებია, რადგან მსგავსი შინაარსის ადმინისტრაციული აქტის კანონიერება უზენაეს სასამართლოში დავის საგანი აქამდე არ ყოფილა. კასატორი აღნიშნავს, რომ ნორმატიულად არ იკრძალება 220 კვ-იანი საჰარეო ელექტროგადამცემი ხაზის 25 მეტრიანი დაცვის ზოლში შენობა-ნაგებობის განთავსება, თუმცა საჭიროა გატარდეს ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებები ან მოხდეს მისი გადატანა. ამ ღონისძიებების გატარება უნდა განხორციელდეს უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე. ამდენად, აღნიშნული გარემოების შესწავლა უნდა მოხდეს არა ნებართვის გაცემის კანონიერების, არამედ დამკვეთის ქმედებების მართლზომიერების შესწავლის ფარგლებში. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს მოსაზრება ხაზის მომეტებული საფრთხის წყაროდ მიჩნევის შესახებ არ არის დასაბუთებული, საფუძველს მოკლებულია ასევე მსჯელობა იმის შესახებ, რომ ხაზის დაზიანების შემთხვევაში დაბრკოლდება მისი შეკეთება ან აღდგენა. კასატორი მიიჩნევს, რომ არ დგინდება სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობების არსებობა, ასევე არ დასტურდება აღმჭურველი აქტების ბათილად ცნობის საჭიროება.

კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი მოქცეულია ელექტრული ქსელების დაცვის ზონაში დამკვეთის მიერ მშენებლობის დაწყებამდე უნდა განხორციელდეს ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარება ან მისი წინასწარი გატანა ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად. ამდენად, დამკვეთს ვალდებულება გააჩნდა გაეტარებინა შესაბამისი უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებები სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე და არა ნებართვის გაცემის სტადიაზე. ნებართვის გაცემის მომენტში ორგანოს არ ჰქონდა დამკვეთისთვის ელექტრონული ხაზის დაცვის ზონის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის დაკისრების ვალდებულება. სამუშაოების განხორციელების პროცესში უსაფრთხოების ნორმების დაცვა დამკვეთის მოვალეობაა. კასატორი მიიჩნევს, რომ სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტები აღმჭურველი აქტებია და ი. ტ-ს მათ მიმართ ჰქონდა კანონიერი ნდობა. ამასთანავე, არ დასტურდება მოსარჩელის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების არსებითი შელახვის ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ი. ტ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

არასწორია კასატორ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მოსაზრება, რომ სასკ-ის 34.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არსებობს საკასაციო საჩივრის დაშვების წინაპირობა, რადგან უზენაეს სასამართლოს მსგავს სამართლებრივ საკითხზე აქამდე არ უმსჯელია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო განიხილავს კონკრეტულ დავას და ამ დავის ფარგლებში აფასებს სამართლებრივ საკითხებს, საკასაციო სასამართლოს განმარტება კაზუალურია. უკეთუ ორგანოს მხრიდან გამოკვლევას საჭიროებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ნორმათა განმარტების სისწორეზე, რადგან სუბსუმფციის განხორციელების უპირველესი პირობა სწორედ ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი დადგენაა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების საფუძველი და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების სრულ ჩანაცვლებას. სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტების გამოცემისას არ იქნა გათვალისწინებული სამშენებლო ნაკვეთის მიმდებარედ ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზის არსებობა, ნორმატიულად დადგენილი ხაზის დაცვის ზონის საზღვრები მიუხედავად იმისა, რომ ი. ტ-ის მიერ სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ დოკუმენტაციაში ელექტროგადამცემი ხაზები ნაჩვენები იყო. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ არქიტექტურის სამსახურმა არ ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, არ დაადგინა სამშენებლო ობიექტის ელექტროხაზებიდან დაშორების მანძილი, არ გამოიკვლია სს „…“ თანხმობის მოთხოვნის საჭიროება.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტები აღმჭურველი აქტებია, ი. ტ-მა მათ საფუძველზე განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, შესაბამისად მას აქვს კანონიერი ნდობა აღნიშნული აქტების მიმართ, თუმცა ეს გარემოება იმთავითვე არ გამორიცხავს აქტების ბათილად ცნობის შესაძლებლობას. უკეთუ დასტურდება სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მესამე პირების კანონიერი უფლებისა და ინტერესის ისეთი შელახვა, რომელიც აღემატება აღმჭურველი აქტების ბათილად ცობის შედეგად ი. ტ-ისათვის მიყენებულ სავარაუდო ზიანს, მაშინ იარსებებს სადავო აქტების ბათილად ცნობის წინაპირობები. ამასთანავე, კანონიერი ნდობა არსებობს სოციალური აქტების მიმართ, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საუბარია ტექნიკური ნორმების დაცულობის საკითხზე, ტექნიკური მოთხოვნების დაცულობის საჭიროებას არ გამორიცხავს კანონიერი ნდობის არსებობა სადავო აქტების მიმართ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე გამოკვლეულ უნდა იქნეს აქტების ბათილად ცნობის და მათი ძალაში დატოვების თანამდევი შედეგები, თითოეული მხარისათვის მიყენებული შესაძლო ზიანის ოდენობა, უნდა დადგინდეს აქტების ძალაში დატოვების თანამდევი რისკები, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ ელექტროგადამცემი ხაზი მომეტებული საფრთხის წყაროა. მხოლოდ ამ და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების გამოკვლევის შემდგომ არის შესაძლებელი სადავო საკითხის არსებითი გადაწყვეტა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ი. ტ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ი. ტ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2018წ. გადაწყვეტილება;

3. ი. ტ-ს (პ.ნ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.06.2018წ. N4 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს.კ. 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.06.2018წ. N01237 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი