41აგ-11 ქ. თბილისი
16 ივნისი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, გ. შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ნ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის განაჩენით ნ. ნ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია; ასევე _ ყაჩაღობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რისთვისაც ნ. ნ-ას სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მიესაჯა 6 წლით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მას განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე განაჩენით ლ. ა-ე და ზ. წ-ე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ძალადობის მუქარით ჩაიდინეს ხულიგნობა, რისთვისაც მიესაჯათ 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2007 წლის 17 აგვისტოდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: ნ. ნ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე და ამ მუხლით მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: „ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულები _ ლ. ა-ე და ზ. წ-ე გათავისუფლდნენ სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2011 წლის 16 მაისს მსჯავრდებულმა ნ. ნ-ამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ნ-ას შუამდგომლობა არ იქნა დაშვებული სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საჩივრის ავტორი _ მსჯავრდებული ნ. ნ-ა საჩივარში აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენები არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან და ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებებს, რომლებიც კრიტიკულად არ გამოკვლეულა და არ გაანალიზებულა; სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმის მასალები ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად; არ დაუდგენია დანაშაულის ჩადენის დრო; არ გარკვეულა, დანაშაულის ჩადენის დროს დანაშაულის ადგილზე შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყვნენ როგორც დაზარალებული ზ. მ-ე, ისე _ ნ. ნ-ა დაუდგენელ პირებთან ერთად; შპს „ჯეოსელის” ინფორმაციის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის დროს ზ. მ-ის ტელეფონი დაფიქსირებულია ჯერ კიდევ ბათუმში და არა _ ქუთაისში. ზ. მ-ის ქუთაისში ყოფნა დაფიქსირებულია მხოლოდ 2007 წლის 17 აგვისტოს 08.59 საათზე; აღნიშნულის გასარკვევად სპეციალისტის დაკითხვაზე სასამართლომ დაცვის მხარეს უარი განუცხადა; კომპეტენტური სპეციალისტის დაკითხვის შედეგად რომ დადგენილიყო რადიოტალღების გავრცელებაზე მწვანე კონცხის ქედის დამაბრკოლებელი ხასიათი და სიგნალების გავრცელების სხვა პარამეტრები, საქმის საბოლოო შედეგიც სხვა იქნებოდა.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმეების _ ნ. რ-ის, ს. ქ-ას, ა. ხ-ის, გ. ჯ-ის, მ. გ-ის, თ. ზ-ისა და უ. გ-ის ჩვენებები, რომელთა ჩვენებებს, გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა, არ ეწინააღმდეგება გამოძიებისა და სასამართლოს მიერ გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება. მიუხედავად დანაშაულების „ცხელ კვალზე გახსნისა”, გამოძიებას არ მოუპოვებია არც ერთი ნივთიერი მტკიცებულება.
საპატრულო პოლიციის იმერეთის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების _ ბ. ზ-ისა და რ. თ-ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ 2007 წლის 17 აგვისტოს, 10.00 საათზე, მათ მიმართა ზ. მ-ემ და აუწყა, რომ ღამის 3 საათზე მასზე განხორციელებული ფიზიკური ხელყოფის გამო თავს შეუძლოდ გრძნობდა და ითხოვა სამედიცინო დახმარება, თუმცა ძარცვის შესახებ არაფერი უთქვამს. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბათუმის ცენტრალური ავტოსადგურიდან ქალაქ ქუთაისის გასასვლელამდე 146,5 კმ-ის გასავლელად სამარშრუტო მიკროავტობუსისათვის საჭიროა 2 საათი და 13 წუთი. თუკი ზ. მ-ე ღამის 4 საათზე ბათუმში იყო, მაშინ იგი ქუთაისში ჩამოვიდოდა 8 საათის შემდეგ, თუ, მისივე განმარტებით, ავტობუსმა დაიგვიანა, და არა _ 04.00-05.00 საათზე, როგორც ეს სასამართლოებმა ჩათვალეს. 09.00 საათზე ზ. მ-ემ დაურეკა ზ. ნ-ეს და აცნობა, რომ ღამით დააყაჩაღეს, იმყოფებოდა პატრულთან ერთად და საავადმყოფოში მიჰყავდათ, თუმცა მან საპატრულო პოლიციას მიმართა მხოლოდ 10.00 საათზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზ. მ-ე ქმნიდა ყაჩაღობის სიმულაციას, რათა ზ. ნ-ესთან გაამართლოს ამ უკანასკნელის კუთვნილი ფულის _ 2000 აშშ დოლარის “გაქრობა”. თუკი ყაჩაღობა მართლაც მოხდა, მაშინ ეს უნდა ყოფილიყო ბათუმ-სამტრედიის მონაკვეთში.
გარდა ამისა, ზ. მ-ეს ნ. ნ-ას მამამ წარუდგინა თავისი შვილის ფოტოსურათი, რაზეც დაზარალებულმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მასზე აღბეჭდილი პირი არ იყო თავდამსხმელი. დ. ც-ის განმარტებით, 2007 წლის 17 აგვისტოს, 05.30 საათიდან 06.00 საათამდე, სამი პირი _ ნ. ნ-ა, ზ. წ-ე და ლ. ა-ე მისი თვალთახედვის არეში იმყოფებოდნენ. ამ დროს მოუხდათ მათ ინციდენტი ბ-ესა და ა-ესთან. პატრულის თანამშრომლების _ შ. გ-ისა და ბ. ტ-ის ჩვენებებით, მათ მიიღეს შეტყობინება, რომ ა. ბ-ეს ავტომანქანა „ბმვ-ში” მყოფმა პირებმა მიაყენეს შეურაცხყოფა და წაართვეს ოქროს ყელსაბამი, თუმცა საპატრულო სამსახურში შეტყობინება რეგისტრირებული არ ყოფილა. მოწმედ დაკითხულმა ა-ემაც განაცხადა, რომ არ იცის, ა. ბ-ეს ოქროს ყელსაბამი ჩამოჰგლიჯეს თუ არა. მოცემულ ეტაპზე დ. ც-ე ახლად გამოვლენილი რეალური მოწმეა, რომელიც იძლევა ობიექტურ ინფორმაციას.
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ” პუნქტის მიხედვით, მსჯავრდებულმა ნ. ნ-ამ სასამართლოს წარუდგინა ახალი ფაქტები და მტკიცებულებანი, რომლებიც გადასასინჯი განაჩენების გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და გაანალიზებული, თუმცა სხვა გარემოებებთან ერთად ამტკიცებდა ნ. ნ-ას უდანაშაულობას. ახლად გამოვლენილ გარემოებებს ამტკიცებდნენ მოწმეები _ რ. მ-ე, გ. ლ-ა, ბ. ზ-ე, რ. თ-ი, ნ. რ-ი, ზ. ნ-ე, მ. წ-ე, ე. ნ-ა, დ. ც-ე, ჯ. ბ-ი, უ. გ-ე, კ. ჩ-ე, ზ. წ-ე, ლ. ა-ე, მაგრამ სასამართლომ 2011 წლის 27 მაისის განჩინებით უარი თქვა შუამდგომლობის დაშვებაზე იმ მოტივით, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები გამოკვლეული და შეფასებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ნ. ნ-ა ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმებას, შუამდგომლობის დაშვებასა და საქმის არსებითად განხილვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის “ზ” პუნქტის შესაბამისად, განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებენ გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებებს ამტკიცებს გამოკითხული მოწმეები; დაზარალებულის კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადგილზე ყოფნის დასადგენად საჭირო იყო კავშირგაბმულობის კომპანიის სპეციალისტის დაკითხვა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მომხდარა; განაჩენს საფუძვლად დაედო მხოლოდ დაზარალებულთა ჩვენებები; სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებისას დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, არ შეაფასა დაცვის მხარის სასარგებლოდ მეტყველი მტკიცებულებები, შეუსწავლელი დარჩა შპს “ჯეოსელიდან” ამოღებული დოკუმენტი და არ დაიკითხა კომპეტენტური სპეციალისტი; სასამართლომ არ გააანალიზა ფიჭური კავშირგაბმულობის ანძების რადიოტალღების გავრცელების პარამეტრები და არეალი.
გარდა ამისა, საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მოპოვებული მასალების შესაბამისად, 03.34 წუთზე დაზარალებული ჯერ კიდევ იმყოფებოდა ქ. ბათუმში და მასზე თავდასხმა ქ. ქუთაისში ვერ განხორციელდებოდა.
პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ აღნიშნულ და საჩივარში არსებულ სხვა გარემოებებზე აპელირებდა დამცველი სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას. ამასთან, საჩივარში მითითებულ მოწმეთა ნაწილი, მათ შორის _ შპს “ჯეოსელის” სპეციალისტი დაიკითხა სასამართლოში. საქმეს ერთვის შპს “ჯეოსელის” მომსახურე ანძების ნუსხაც.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. ნ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.