ბს-1081-1075 (კ-17) 9 ოქტომბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-მა 17.03.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.02.2016წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მ. ბ-ის საკუთრების უფლების (ს/კ ...) რეგისტრაციის შესახებ 23.07.2009წ. N...-03 გადაწყვეტილების აღდგენის დავალების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.03.2016წ. განჩინებით მ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, სადაც მ. ბ-მა სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 23.07.2009წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.02.2016წ. N37449 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 23.06.2016წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი ცნობილ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 23.06.2016წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 23.06.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ ერთპიროვნულად, არაკანონიერად არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. სასამართლოში წარდგენილი დათვალიერების ოქმი ადასტურებდა კასატორის უფლებას სადავო მიწის ნაკვეთზე. მოსამართლემ ცალსახად გაითვალიწისნა მოპასუხის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება, მათ შორის მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ი. გ-ის მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზზე დატანილი მოსაზღვრე მეზობლების მითითება, რომელიც არასწორადაა შედგენილი, რამეთუ გრაფაში მითითებული პირები არ წარმოადგენენ მის რეალურ მეზობლებს. ი. გ-ის მეზობელს აღმოსავლეთით წარმოადგენს მ. ბ-ი. კასატორის მიწის ნაკვეთის ნომერია N56. აღსანიშნავია, რომ მის მეზობელ მიწის ნაკვეთებს ნომრები არ აქვს მინიჭებული, ხოლო ერთ-ერთი მეზობლის დ. ე-ის მიწის ნაკვეთს მინიჭებული აქვს N110 ნომერი. ამდენად, გაუგებრობას იწვევს, თუ რის მიხედვით მიენიჭათ მიწის ნაკვეთებს შესაბამისი ნომრები. სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის 10.05.1992წ. N32 საინვენტარიზაციო აქტი, რის საფუძველზეც მ. ბ-ს გადეცა N100 მიღება - ჩაბარების აქტი. სასამართლომ არ გამოიყენა 10.03.1992წ. N209 დადგენილება, რომლის მიხედვითაც მ. ბ-ს, როგორც სანერგე მეურნეობის დასახლებაში მუდმივად მცხოვრებს, ამ დადგენილების მიხედვით მიეკუთვნა 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი. ამდენად, სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასებით მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა ჩაატარა ადგილზე დათვალიერება, შეამოწმა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მასალები, დაადგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები და გეოგრაფიული მდებარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა მ. ბ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტების იდენტურობა, რის შედეგადაც მ. ბ-ს საკუთრებაში რეგისტრირებული ჰქონდა ერთიდაიგივე მიწის ნაკვეთი N... და ... საკადასტრო კოდებით. აღნიშნული გარემოება მიუთითებს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული პირველადი რეგიტრაციების დროს დაშვებულ შეცდომაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონით დადგენილ შემთხვევებში ძალადაკარგულად გამოაცხადოს ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლი არ კრძალავს სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვას, დაშვებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მისი ტერიტორიული სამსახურების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტარციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ჩატარებული წარმოების შედეგად გამოვლინდა რეგისტრირებული მონაცემების საგანთა ნამდვილ მდგომარეობასთან შეუსაბამობა, რაც რეგისტრაციის შესახებ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 23.07.2009წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2017წ. განჩინება;
3. მ. ბ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.12.2017წ. N2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი