ბს-651-651(გ-18) 17 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ მ. ა-ი
მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 1 მაისს მ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა - მთიანეთის სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის Nტ-5/93 წერილის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის განჩინებით მ. ა-ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტიზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, მე-18 მუხლებზე მითითებით, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა განსჯად მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა -მთიანეთის სამხარეო სამმართველოს Nტ-5/93 აქტს, რომლითაც ამავე ადმინისტრაციულმა ორგანომ 2011 წლის 24 ნოემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს, სახელმწიფო საკუთრებად დაერეგისტრირებინა ქ. მცხეთაში, ... ქუჩა N... მდებარე ... სართულიანი შენობა (განაშენიანების ფართი 534,32 კვ/მ, მასზე განთავსებული 1500 კვ.მ არასასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართთან ერთად), რის გამოც მოცემული დავის ტეროტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, სასამართლომ მიუთითა, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე-6 მუხლზე, რომლის თანახმადაც სააგენტო თავის უფლებამოსილებებს განახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, მომსახურების ცენტრების ტიპიური დებულება დამტკიცებულია მინისტრის ბრძანებით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 01 მაისის N1-1/107 ბრძანების თანახმად, შიდა ქართლისა და მცხეთა -მთიანეთის მომსახურების ცენტრი წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ -ტერიტორიულ ერთეულში (გორი, კასპი, ქარელი, ხაშური, მცხეთა, ახალგორი, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი), ამდენად ცენტრი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს კომპეტენციას მიკუთვნებულ შესაბამის ღონისძიებებს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრის დებულების თანახმად, ცენტრი ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას სააგენტოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე დებულების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში. ამდენად სასამართლომ მიიჩნია, რომ სტრუქტურული ერთეულის მიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში უფლებამოსილების განხორციელებათან დაკავშირებული დავის ტერიტორიული განსჯადობა, სადავო აქტის გამომცემი ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის ადგილმდებარეობის მიხედვით უნდა გადაწყდეს. სასამართლომ მიუთითა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად, განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია თვითმმართველი ქალაქის - მცხეთის, მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით. (16.06.2014 N 1/55 ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს სწორედ იმ სასამართლოს მიერ, რომლის სტრუქტურული ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის მიერ გამოიცა სადავო ადმინისტრაციული აქტი - მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განჩინებით მ. ა-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის წ №1-1/1742 ბრძანების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ა) „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1–1/2780 ბრძანება; ბ) „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1–1/1540 ბრძანება; გ) „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის №1-1/24 ბრძანება; დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1563 ბრძანება, რის შედეგადაც გაუქმდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა -მთიანეთის სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის Nტ-5/93 წერილი, მოპასუხე მხარეს კი წარმოადგენს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას არ განეკუთვნება აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბერის №ბს-596-593(გ-17) განჩინება) და მიიჩნია, რომ ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადგილსამყოფელის მიხედვით (ქ. თბილისი) - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა ნივთის ადგილსამყოფელს, არამედ სადავო ინდივდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების (მოპასუხე იურიდიული პირები) ადგილსამყოფელი ქალაქი თბილისია. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრულ ნივთობრივ განსჯადობას, რადგან სარჩელით სადავოა არა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, არამედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების კანონიერება, რის გამოც ვერც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით განსაზღვრული დებულებები იქნება გამოყენებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებებს და მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მცხეთის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამასთანავე, ადმინისტრაციის ცენტრალიზმის შედეგად განსჯადობის ზემოაღნიშნული წესი ხშირ შემთხვევაში იწვევს ადმინისტრაციულ საქმეთა კონცენტრაციას დედაქალაქში, რაც განაპირობებს ამ წესისაგან გამონაკლისების გათვალისწინებას.
განსახილველ შემთხვევაში, მ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნაა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის Nტ-5/93 წერილის ბათილად ცნობა. გასაჩივრებული წერილი საფუძვლად დაედო მცხეთაში, ... ქუჩა N... მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ფართი 1615 კვ.მ ს/კ ...) დარეგისტრირებას. მ. ა-ი მიიჩნევს, რომ აღნიშნული წერილით არსებითად ილახება მისი საკუთრების უფლება, რამდენადაც 1986 წლის 24 სექტემბრის N231 გადაწყვეტილებით ქ. მცხეთაში, ... დასახლებაში (ამჟამად მუხრანის ქ. N...) მცხეთის სახ. დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ გამოყოფილ იქნა 1500 კვ. მ მიწის ნაკვეთი, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 1991 წელს დაიწყო 30 ბინიანი კორპუსის მშენებლობა, რომელზედაც მ. ა-მა როგორც მცირე საწარმო ,,..." დირექტორმა კოლექტივის ყველა წევრის ერთპიროვნული განცხადების საფუძველზე მოიპოვა საკუთრების უფლება. ამდენად, დგინდება, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობით მოსარჩელეს სურს მოიპოვოს ქ. მცხეთაში, ... ქ. N... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვის შესაძლებლობა. სარჩელის საბოლოო მიზანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემა. ამდენად, მოსარჩელის ინტერესი არ არის მხოლოდ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის Nტ-5/93 წერილის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, მოსარჩელის ინტერესს ასევე წარმოადგენს საკუთრების უფლების მოპოვება უძრავ ქონებაზე. შესაბამისად, უპირველესად უნდა დადგინდეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რისთვისაც შესაძლოა განხორციელდეს მოთხოვნათა დაზუსტება ან/და გაზრდა და იურიდიული ინტერესის საბოლოოდ მისაღები შედეგისათვის განსაზღვრული მოთხოვნების ჩამოყალიბების, მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, შესაძლოა შეიცვალოს განსჯადობის საკითხი, იმის მიხედვით თუ რას მოითხოვს მხარე. განსახილველი სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნები მართალია მიმართულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართ, თუმცა გასათვალისწინებელია და დასადგენია ის გარემოება, რამდენად იქნება საკმარისი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებისათვის, მხოლოდ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის Nტ-5/93 წერილის ბათილად ცნობა. როგორც აღინიშნა, მ. ა-ის ინტერესია განახორციელოს საკუთრების უფლების მოპოვება მარეგისტრირებელ ორგანოში მისი რეგისტრაციის გზით. გამოკვლევას საჭიროებს საკითხი, დღეის მდგომარეობით უნდა განხორციელდეს, თუ არა ქონების მმართველის მიერ ქონების განკარგვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. დღეის მდგომარეობით ასეთი გადაწყვეტილების მიღების საჭიროების შემთხვევაში, მისი ფუნციებიდან გამომდინარე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მცხეთა - მთიანეთის მომსახურების ცენტრი წარმოადგნეს, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდრადი განვითარების სამინისტროს ის ახორციელებს ქონების მმართველის კონტროლს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის წ №1-1/1742 ბრძანების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის №1-1/24 ბრძანება, რის შედეგადაც გაუქმდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოები. აღნიშნული ტერიტოროიული ორგანოების ძირითადი ფუნქცია იყო მასზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგა შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში, მათი გაუქმების შემდეგ კი ანალოგიური ფუნქციებითა და უფლებამოსილებით აღიჭურვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრები, კერძოდ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე-6 მუხლის თანახმად, სააგენტო თავის უფლებამოსილებებს განახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, მომსახურების ცენტრების ტიპიური დებულება დამტკიცებულია მინისტრის ბრძანებით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 01 მაისის N1-1/107 ბრძანების თანახმად, შიდა ქართლისა და მცხეთა - მთიანეთის მომსახურების ცენტრი წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში (გორი, კასპი, ქარელი, ხაშური, მცხეთა, ახალგორი, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი). ამდენად, ცენტრი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს კომპეტენციას მიკუთვნებულ შესაბამის ღონისძიებებს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრის დებულების თანახმად, ცენტრი ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას სააგენტოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე დებულების მე-2 მუხლი „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სტრუქტურული ერთეულის მიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში უფლებამოსილების განხორციელებათან დაკავშირებული დავის ტერიტორიული განსჯადობა, სადავო აქტის გამომცემი ორგანოს, მოცემულ შემხვევაში შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის ადგილმდებარეობის მიხედვით უნდა გადაწყდეს, რამდენადაც როგორც უკვე აღინიშნა გასაჩივრებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა - მთიანეთის სამხარეო სამმართველოს მიერ გამოცემული აქტი, აღნიშნული სამმართველოს გაუქმების მიუხედავად მის ფუნქციას დღეის მდგომარეობით ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა - მთიანეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში, მისი სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია შესაბამისი დებულებით და მოიცავს მათ შორის მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად, განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია თვითმმართველი ქალაქის - მცხეთის, მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით. (16.06.2014 N 1/55 ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ტერიტოტიული ორგანო ასრულებს იგივე ფუნქციას, რასაც ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის №1-1/24 ბრძანებით გაუქმებლი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო, შესაბამისად, მათი საერთო ფუნცქიური დანიშნულებიდან გამომდინარე, მ. ა-ის სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. მითითებული მუხლი არ არის იმპერატიული და არ გამორიცხავს სარჩელის აღძვრას საერთო განსჯადობის ანუ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, მოსარჩელის არჩევით, ამ წესის მიხედვით განსჯადი სასამართლო განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგდენს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის Nტ-5/93 წერილის ბათილად ცნობა, რომლითაც განხორციელდა მცხეთაში ... ქ. N... მდებარე უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ამასთან მ. ა-ის ინტერესია მოიპოვოს საკუთრების უფლება ამავე ქონებაზე, სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, განსჯადი სასამართლო მოცემულ შემთხვევაში განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ როგორც საერთო განსჯადობის წესების გათვალისწინებით, აგრეთვე ნივთობრივი განსჯადობის წესების თანახმად, მ. ა-ის სარჩელზე, განსჯადი სასამართლო არის მცხეთის რაიონული სასამართლო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-ის სარჩელი არსებითი განხილვისათვის უნდა დაექვემდებაროს მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ის სარჩელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს მცხეთის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე