კერძო საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
3I-08 ქ. თბილისი
30 მარტი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
პ. სილაგაძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რეაბილიტირებულ ა. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 სექტემბრის დადგენილებით, რეაბილიტირებულ ა. გ-ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. იუსტიციის სამინისტროს დაევალა ოფიციალურ გამოცემაში ა. გ-ის რეაბილიტაციის შესახებ პუბლიკაციის გამოქვეყნება. დაევალა გაზეთების _ ,,24 საათის», ,,ალიას», ,,რეზონანსის» და ,,ქრონიკას» რედაქციებს, გამოაქვეყნონ პუბლიკაცია ა. გ-ის რეაბილიტაციის შესახებ. დაევალა რუსთავის რაიონულ პროკურატურას, წერილობით მოუხადონ ბოდიში ა. გ-ს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, კერძო სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დადგენილება დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რეაბილიტირებულ ა. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.