Facebook Twitter

ბს-5-5 (2კ-18) 9 ოქტომბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრისა და ი. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. მ-მა 04.08.2016წ. აღიარებითი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდცვის სამინისტროს მიმართ, ხოლო სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად აღიარებითი სარჩელის ნაცვლად მოითხოვა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2007წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ი. მ-ისათვის უარის თქმის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 13.05.2016წ. №MOD 3 16 00432733 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება 1992 წლის 10 ოქტომბრიდან, 1993 წლის 27 სექტემბრამდე ი. მ-ის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადგენის შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ი. მ-ზე მისი საბრძოლო მოქმედებებში ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებების გაცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.05.2017წ. გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2007წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ი. მ-ისათვის უარის თქმის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 13.05.2016წ. №MOD 3 16 00432733 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2007წ. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელე ი. მ-ის მიმართ, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.05.2017წ. დამატებითი გადაწყვეტილებით ი.მ-ის მოთხოვნა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ი. მ-ის სასარგებლოდ, მის მიერ, საქმის სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით გაწეული საადვოკატო ხარჯის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხოლო ი. მ-მა შეგეგებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.05.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2017წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და ი. მ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.05.2017წ. გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.05.2017წ. დამატებითი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო საჩივრით, ხოლო ი. მ-მა შეგებებული საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 26.06.2008წ. N3/2627 წერილით დგინდება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 06.06.2008წ. N01/09 წერილისა და 30.05.2008წ. გაცემული N3/4595-06 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობის გაცემის მიზნით ჩატარდა საქმესთან დაკავშირებულ გარემოებათა სრულყოფილი შემოწმება 1992-1993 წლებში აფხაზეთში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მოსარჩელე ი.მ-ის მონაწილეობის თაობაზე, თუმცა იმის გამო, რომ დეპარტამენტში არსებულ ბრძანებებში ვერ იქნა მოძიებული მონაცემები საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ი. მ-ის ჩარიცხვისა და ამორიცხვის შესახებ, მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. ამდენად, აღნიშნულით დასტურდება, რომ საქართვლოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულია მოკვლევა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2007წ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განხორციელდა სათანადო რეაგირება.

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი - ი. მ-ი აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლოს მიერ შეუფასებლად არის დატოვებული ძირითადი არგუმენტები. ოცგვერდინი ტექსტის შემცველ სადავო განჩინებაში, მხოლოდ ექვსი სტრიქონი აქვს დათმობილი შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობაზე მსჯელობას და ისიც საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეუფასებლად. 12 წლის წინ სასკ-ის 23-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით დაწყებული სამართალწარმოების შედეგად იქნა მიღებული იმგვარივე შინაარსის გადაწყვეტილება, რაც მიმდინარე სამართალწარმოებისას, ანუ სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის გარეშე, მოპასუხეს დაუბრუნდა საქმე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. ამ ვითარებით იყო განპირობებული კასატორის მიერ აღიარებითი სარჩელით სასამრთლოსთვის მიმართვა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმაციის შედეგად სასამართლომ იძულებული გახადა აღიარებითი სარჩელის ნაცვლად მოპასუხის უარის ბათილად ცნობა მოეთხოვა. აღნიშნულის შედეგად მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება და რომ არა მოსამართლეების არაობიექტურობა, კასატორის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და ი. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 13.05.2016წ. №MOD 3 16 00432733 წერილობითი მიმართვით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2007წ. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ი. მ-ს პასუხი ეცნობა J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 04.06.2007წ. N2948 წერილით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და მიუთითებს, რომ J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 04.06.2007წ. N2948 წერილობითი მიმართვა ვერ ჩაითვლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2007წ. გადაწყვეტილების აღსრულებად, რამეთუ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 04.03.2008წ.. ასეთ დოკუმენტად ვერ იქნება განხილული ასევე J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 26.06.2008წ. N3/2627 წერილი, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწა რმოების ინკვიზიციური ელემენტების მიუხედავად, თვით სარჩელზე უფლება დისპოზიციურია. სარჩელის დისპოზიციურობიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარე თავად განსაზღვრავს თავის უფლებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის ტრანსფორმაციის ფარგლებში ი. მ-ისათვის სასამართლოს მიერ შეთავაზებულ იქნა უფლების დაცვის ადეკვატური საპროცესო ფორმა, რასაც დათანხმდა ი. მ-ი, ხოლო სასამართლომ საქმე განიხილა ი. მ-ის მიერ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში. ამდენად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის - ი. მ-ის მითითება მისი ნების გარეშე სასამართლოს მიერ სარჩელის ტრანსფორმაციის საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და ი. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და ი. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი