Facebook Twitter

ბს-8-8 (კ-17) 9 ოქტომბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს "..."-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს "..."-მა 26.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შედეგად მოითხოვა: სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.11.2015წ. N000142 დადგენილების ნაწილობრივ (ძალაში დატოვების ნაწილში) ბათილად ცნობა და შპს "..."-ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.07.2016წ. N1-1345 ბრძანების ნაწილობრივ (იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.11.2015წ. N000142 დადგენილება) ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.2016წ. გადაწყვეტილებით "..."-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2017წ. განჩინებით შპს "..."-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.2016წ. გადაწყვეტილება, რაც შპს "..."-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორმა აღნიშნა, რომ შპს "..." 2006 წლიდან ფლობს ავტოგასამართ სადგურს ქ. თბილისში, ხეხილ-სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე. 2006 წელს სს "თელასისგან" მიღებული ტექნიკური პირობის საფუძველზე შპს "..."-მა ააშენა 6 კვა. სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც განთვსებულია 22 ცალ 13 მ. სიმაღლის რკინა-ბატონის ანძაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 17.04.2015წ. შედგენილ იქნა N000142 მითითება ხაზოვანი ნაგებობის სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის გამო. მითითების შედგენის შემდგომ შპს "..."-მა დაიწყო ობიექტის კანონიერად არსებობის დამდგენი დოკუმენტაციის მოძიება, რომელიც ვერ მოიპოვა. ზემოაღნიშნულის გამო კასატორი იძულებული გახდა დაეწყო ობიექტის ლეგალიზებისათვის საჭირო პროცედურები. ობიექტის ლეგალიზებისთვის აუცილებელი იყო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს თანხმობა, რამეთუ ელექტროგადამცემი დენის ანძებიდან 9 ერთეული დენის ანძა განთავსებული იყო ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ …). სსიპ ქონების მართვის სააგენტომ შპს "..."-ის 01.10.2015წ. და 12.11.2015წ. განცხადებები არ დააკმაყოფილა და უსაფუძვლოდ არ გასცა თანხმობა, მხოლოდ 25.05.2016წ. განცხადებაზე მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, თუმცა ამ დროისათვის უკვე არსებობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სადავო დადგენილება დაჯარიმებისა და დემონტაჟის თაობაზე. ამდენად, აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინეს არც ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და არც სასამართლომ საქმის განხილვისას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს "..."-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 36.1 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და ადმინისტრაციული წარმოების დროს არც შპს "..."-ს არ გაუხდია სადავოდ ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, N.. . საკადასტრო კოდიდან N.. . საკადატრო კოდამდე უნებართვოდ განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, რაც ზემოაღნიშნული დადგენილების თანახმად საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 25.05.2016წ. განცხადების პასუხად მიღებულ გადაწყვეტილებაზე კასატორის მითითება ვერ იმოქმედებს გასაჩივრებული აქტების კანონიერებაზე, ვინაიდან სადავო აქტების გამოცემის დროისათვის ჩადენილი იყო სამშენებლო სამართლადარღვევა, რაც "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით" ითვალისწინებდა დამრღვევის დაჯარიმების შესაძლებლობას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ირკვევა, რომ შპს "..."-ს ჰქონდა შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია. ლეგალიზაციის პროცედურების გამო რამდენჯერმე შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა მშენებლობის ლეგალიზაცია არ მომხდარა. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს "..."-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, ლ. დ-ს (პ/ნ ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს შპს "..."-ის საკასაციო საჩივარზე 18.12.2017წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს "..."-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2017წ. განჩინება;

3. ლ. დ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს "..."-ის საკასაციო საჩივარზე 18.12.2017წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი