ბს-30-30(კ-18) 9 ოქტომბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ფ-მა 29.01.2015წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მესამე პირის ი. ფ-ის მიმართ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პრეზიდენტისადმი მიმართვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ი. ფ-ს შორის 06.07.2012წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 03.07.2014წ. განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. გორის რაიონული სასამართლოს 13.03.2015წ. განჩინებით ლ. ფ-ის სარჩელი განსჯადობით გადაგზავნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, სადაც მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა: ნაწილობრივ, ი. ფ-ზე 3250 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში, "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების" შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 03.07.2012წ. N03/07/04 განკარგულებისა და ი. ფ-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 06.07.2012წ. დადებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ფ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ფ-მა.
კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ იცოდა იმ ფაქტის შესახებ, რომ ლ. ფ-ს ქვეიჯარით ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი. ამდენად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საკითხის გამოუკვლევად მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და გააფორმა ხელშეკრულება ი. ფ-თან, რითაც დაირღვა "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლება. ვინაიდან ხილის მწარმოებელ ფერმერთა ასოციაციას იჯარის ხელშეკრულება არ დაურეგისტრირებია მარეგისტრირებელ ორგანოში, შესაბამისად იგი არ იყო უფლებამოსილი ქვეიჯარით გაეცა სხვა პირზე სადავო მიწის ნაკვეთი, ხოლო სახელმწიფომ 2012 წელს ისე დაირეგისტრირა ზემოაღნიშნული მიწა საკუთრებაში, რომ არ არსებოდა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი. შესაბამისად, სსკ-ის 244-ე მუხლის დარღვევით, სასამართლომ არ შეაფასა საქმისათვის საჭირო მტკიცებულებები და არსებითი გარემოებები. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ კასატორმა სადავო მიწასთან დაკავშირებით პრეტენზიით მიმართა სამინისტროს 2011 წელს, ხოლო ი. ფ-თან ხელშეკრულების გაფორმება მოხდა 2012 წელს. არ შეფასებულა ასევე კასატორის ქვეიჯარის ხელშეკრულების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, კასატორს ჰქონდა მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის შესყიდვის კანონიერი ინტერესი აუქციონის მეშვეობით, რაც ადმინისტრაციულ ორგანოთა არამართლზომიერი მოქმედებების გამო შეუძლებელი გახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის მე-10 მუხლზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლების გადაცემა იმ მყიდველსათვის, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად ასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას(პირობებს). მოცემულ შემთხვევაში ი. ფ-ს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის წინაპირობასაც წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (გორის რაიონის გამგეობის 10.10.2001წ. დადგენილება იჯარის თაობაზე და ქვეიჯარის 04.08.2004წ ხელშეკრულება) სადავო მიწაზე ი. ფ-ის უფლება დასტურდება 2004 წლიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა - ლ. ფ-მა ვერც სასამართლოში დავის მიმიდნარეობისას და ვერც მარეგისტირებელ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოებისას ვერ წარადგინა სადავო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. ლ. ფ-ის მითითებით, სადავო მიწას იგი ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა, თუმცა საქმის მასალებში არ მოიპოვება სათანადო წესით შედგენილი იჯარის ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავდა ქვეიჯარის სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის პირობას წარმოადგენს კასატორის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს. ამდენად, კასატორმა ვერ დაასაბუთა სამართლებრივი ინტერესის არსებობა და ვერ მიუთითა რეალურ ზიანზე, რომელიც მას გასაჩივრებული აქტების შედეგად ადგება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი