ბს-263-263 (კ-18) 9 ოქტომბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ვ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2017წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ზ-მა 19.12.2016წ. სარჩელით მიმართა ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ვ. ზ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 22.11.2016წ. N372 ბრძანების ბათილად ცნობის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ვ. ზ-ის აღდგენისა და იძულებით გაცდენილი პერიოდის ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 27.03.2017წ. გადაწყვეტილებით ვ.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 22.11.2016წ. N372 ბრძანება, ვ. ზ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი გადაწყვეტილების მიღება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ზ-მა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.08.2017წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. ც-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2017წ. გადაწყვეტილებით ვ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 27.03.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. ზ-ის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია ადმინისტარციული წარმოების პროცედურული წესების უარყოფით და საქმის გარემოებათა არასწორი შეფასების საფუძველზე. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არამარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება მინიჭებული, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სადავო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას ვ. ზ-ის სამსახურიდან დათხოვნის მიზანშეწონილობის თაობზე. გასაჩივრებული აქტების გამოცემის დროისათვის მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, გამეგობის/მერიის თანამდებობის პირებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი, მაგრამ ეს უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და არ ანიჭებს მას პირის თანამდეობიდან თვითნებურად გათავისუფლების საშუალებას. საქმეში არსებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით არ დასტურდება, რომ ვ. ზ-მა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გამოავლინა არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევები, რაც გახდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო. საქმის მასალებში დაფიქსირებული სოფ. ... მომხდარი ინციდენტის დროს, მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ა. გ-ი, რომელიც გამოიკითხა ადმინისტრაციული წარმოების დროს. მის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაში ვ. ზ-ის საწინააღმდეგო ფაქტები არ დადასტურებულა, პირიქით იგი ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოფ. … მოსახლეობის მიერ წარდგენილი განცხადება მიმართული იყო არა ვ. ზ-ის, არამედ სოფ. … ცენტრში ანძის დადგმის წინააღმდეგ. კასატორი თანამდებობიდან გათავისუფლების რეალურ მიზეზად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი წარმოადგენდა პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრს, მისი გათავისუფლება დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც "თავისუფალმა დემოკრატებმა" დატოვეს კოალიცია "ქართული ოცნება". ამდენად, იგი აღმოჩნდა არჩევანის წინაშე თანამდებობის შესანარჩუნებლად დაეტოვებინა პარტია, რაზეც უარი განაცხადა. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი საგაზეთო სტატიების უმეტესობა გამოცემულია მისი თანამდეობიდან გათავისუფლების შემდგომ პერიოდში. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება და არ უცნობებია ვ. ზ-ისათვის წარმოების მიმდინარეობის შესახებ. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის სათანადოდ დასაბუთებული ის გარემოება, რომ ვ. ზ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება არის უკიდურესი პრევენციული ღონისძიება, რომელიც მიღებულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე.
საქმის საკასაციო წესით განხილვისას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 52-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, გამგებლის პირველი მოადგილე წარმოადგენდა გამგეობის/მერიის თანამდებობის პირს, რომლის თანამდებობაზე დანიშვნა/გათავისუფლება გამგებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა რიგს მიეკუთვნებოდა. სადავო ბრძანების გამოცემისას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი გამგებელს თავისუფლებას ანიჭებდა საკუთარი შეხედულებითა და პასუხისმგებლობით შეერჩია პირველი მოადგილის კანდიდატურა, განესაზღვრა მისი კვალიფიციურობა, ხელმძღვანელობითი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობა, უნარ-ჩვევები და ისე მიეღო გადაწყვეტილება მის შერჩევაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებული წარმოების შედეგად გამოვლინდა ვ. ზ-ის არაჯანსაღი დამოკიდებულება გამგებელთან. იგი არ ეთანხმებოდა გამგებლის მუშაობის სტილს, რაც დადასტურდა აგრეთვე საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამდებობის პირები ახორციელებენ საჯარო მმართველობას და თვითმმართველობის პოლიტიკის განმსაზღვრელ სუბიექტებად გვევლინებიან. გამგებლის პირველი მოადგილე წარმოადგენს იმ საჯარო თანამდებობის პირს, რომელიც საკუთარი, კანონით გაწერილი უფლებამოსილებებისა და ფუნქციების ფარგლებში ეხმარება და შესაძლებელს ხდის გამგებლის/მერის ამოცანათა პრაქტიკულ რეალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში გამგებელთან ვ. ზ-ის კომფლიქტური დამოკიდებულება ნეგატიურად აისახება ადმინისტრაციული ორგანოს ამოცანათა შესრულების ხარისხზე. ამდენად, ვ. ზ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებული წარმოების საფუძველზე და მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა არ ავალდებულებდა გამგებელს შესაბამისი გადაწყვეტილების დასაბუთებას, სადავო ბრძანება ამომწურავად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომელიც საფუძვლად დაედო ვ. ზ-ის თანამდებობიდან გთავისუფლებას. შესაბამისად, სადავო ბრძანების გამოცემისას არ დარღვეულა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, ამდენად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, ახალი გამგებლის/მერის არჩევა გამგებლის პირველი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია. საქმის საკასაციო წესით განხილვისას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო თანამდებობაზე ახალი მერის დანიშვნის პირობებში ვ. ზ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2017წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი