ბს-276-276(კ-18) 9 ოქტომბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ბ-მა 03.09.2015წ. სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ და დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა ახალგორის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 15.07.2015წ. N7 ოქმის ბათილად ცნობა იმ ვაკანტურ თანამდებობებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ნაწილში, რომლებზეც მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა განაცხადი; ახალგორის მუნიციპალიტეტის საკონკურსო საატესტაციო კომისიისათვის გასაუბრების ეტაპის ხელახალი ჩატარების დავალება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის ..., ახალგორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ... თემის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის(რწმუნებული), ახალგორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ... თემის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის(რწმუნებული) თანამდებობებზე და ახალგორის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება იმ ვაკანტურ თანამდებობებთან დაკავშირებით, რომლებზეც მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა განაცხადი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 22.03.2016წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმით სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ თ. ნ-ი, ჯ. ბ-ე, ბ. ზ-ი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.05.2016წ. გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ახალგორის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 15.07.2015წ. N7 საოქმო გადაწყვეტილება ზ. ბ-ის შესაბამის თანამდებობაზე თვითმმართველი ერთეულის ... თემის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის(რწმუნებულის) და თვითმმართველი ერთეულის ... თემის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის(რწმუნებულის) თანამდებობაზე კანდიდატად წამოყენებაზე უარის თქმის ნაწილში და კომისიას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი სათანადოდ დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ზ. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.2017წ. განჩნებით ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.05.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 18.06.2014წ. N412 დადგენილებით დამტკიცებული "საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი," რომლის 14.2. მუხლის მიხედვით კომისია აფასებს კანდიდატს, მის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება დადგენილი წესით. კანდიდატის შეფასებისას კომისიამ იხელმძღვანელა მე-14 მუხლის სამართლებრივი საფუძვლით. გასაუბრების ეტაპზე დადგინდა და გადაწყვეტილების მიღებისას განმსაზღვრელი აღმოჩნდა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტორი, რის საფუძველზეც ახალგორის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა არ წარედგინა ზ. ბ-ის კანდიდატურა ... თემის ტერიტორიული ორგანოსა და ... თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნლობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე. კასატორმა აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე მას შემდეგ კიდევ ჩატარდა კონკურსი, კანონიერად, მიუკერძოებლად, არადისკრიმინაციულად, კონკურსში მონაწილეობა მიიღო ზ. ბ-მა, რომელსაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კვლავ უარი ეთქვა ვაკანტური თანამდებობის დაკავებაზე, ხოლო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 01.06.2017წ. N2პ-107 და N2პ-110 ბრძანებებით ჩატარებული კონკურსის საფუძველზე ახალგორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ... და ... თემების ტერიტორიულ ორგანოთა რწმუნებულებად დაინიშნენ თ. გ-ი და ლ. ბ-ი, ამდენად ვაკანსია აღნიშნულ პოზიციაზე არ არის და გასაუბრების ჩატარება არარსებულ ვაკანსიაზე არამართლზომიერია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჯარო სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობა, მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად. საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მიიღწევა კანდიდატთა გამჭვირვალე, ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასების გზით. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი მიმდინარეობდეს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რათა არ მოხდეს კონკურსანტთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ოქმში გაკეთებულია ზოგადი ხასიათის ჩანაწერი, რომ თითოეული კონკურსანტის შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა ნორმატიული აქტების ცოდნის დონე, მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევები, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, ადამიანებთან ურთიერთობის კულტურა და ა.შ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება გასაუბრების ეტაპის მიმდინარეობა, კანდიდატებისთვის, მათ შორის ზ. ბ-ისათვის, დასმული შეკითხვების შინაარსი და მათზე გაცემული პასუხები, ხოლო ახალგორის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სადავო აქტი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას თუ რატომ და რა კრიტერიუმების საფუძველზე მიანიჭა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ამა თუ იმ კანდიდატს უპირატესობა და რატომ მიიჩნია ზ. ბ-ის კანდიდატურა შეუსაბამოდ შესაბამის თანამდებობაზე დასანიშნად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სათანადო წესით შედგენილი გასაუბრების ოქმის არსებობა მნიშვნელოვანია ვაკანტური თანამდებობებისათვის კანდიდატის შერჩევისა და საჯარო სამსახურში განწესების პროცესის გამჭვირვალობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რაც ქმნის ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის ხელახლა განხილვის დავალების აუცილებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი