Facebook Twitter

საქმე №ბს-445-445 (კ-18) 16 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ერთჯერადი დახმარების გაცემა და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. გ-ემ 2017 წლის 17 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრავმის გამო, ერთჯერადი დახმარების სახით - 7 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება, ასევე მოითხოვა მიყენებული მატერიალური ზიანის (მკურნალობისათვის გაწეული ხარჯი) - 4 435 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2006 წლის 23 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქ ბატალიონში - დელტა ასეულში. 2007 წლის 21 ნოემბერს ერაყში, კერძოდ, მე-5 ბაზაზე სანგრების გაკეთების დროს მოხდა საარტილერიო დაბომბვა, სადაც მიიღო მარცხენა იღლიის უკანა მხარეს ფეთქებადი, ნამსხვრევი ჭრილობები და ამ ჭრილობების შედეგად დაუზიანდა ხერხემალი. მოსარჩელის განმარტებით, მკურნალობის კურსს თავდაპირველად გადიოდა ერაყში, სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო შემდეგ საქართველოში - გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საიდანაც გაწერის შემდეგ დაბრუნდა სამხედრო ბაზაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაეწყო აუტანელი ტკივილები და მოითხოვა მკურნალობა, რის შედეგად გაგზავნილ იქნა გორის სამხედრო ჰოსპიტალში. არასათანადო მკურნალობის შედეგად ტკივილი გადავიდა ფეხებზე და დაიწყო კოჭლობა.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან გაანთავისუფლეს მოულოდნელად და ყოველგვარი გაფრთხილების, კონტრაქტით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღებისა და სათანადო მკურნალობის გარეშე. აღნიშნულ საკითხზე არაერთხელ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თუმცა დადებითი პასუხი ვერ მიიღო. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და მეორე ჯგუფის ინვალიდი მამა. თავის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლი მე-3 პუნქტი და მოითხოვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხეულის დაზიანებისათვის ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით, ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ჩატარებული მკურნალობის ხარჯისა და გამოკვლევებისათვის მის მიერ გაწეული ხარჯის - 4435 ლარის ოდენობით დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჭრილობის გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ზ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი დახმარების სახით - 7 000 ლარის გაცემა; მასვე დაეკისრა ზ. გ-ისათვის მატერიალური ზიანის - 4 435 ლარის ანაზღაურება;

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაცია ქმნიდა საფუძველს იმისათვის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაეკისრებინა მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა სრული ოდენობით, კერძოდ, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 27 ივნისის №1525 ბრძანებით, რიგითი - ზ. გ-ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის რეკოგნოსცირების ჯგუფის მზვერავად 2006 წლის 29 მარტიდან, სამხედრო წოდება „კაპრალის“ მინიჭებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ (მეთაური შ. ტ-ის) გაცემული ცნობით დგინდება, რომ ზ. გ-ემ (დაბ. … წ.) 2007 წლის 21 ნოემბერს ერაყში, ვასიტის პროვინციაში, №5 საპატრულო ბაზაზე ჭურვების ჩამოყრის შედეგად მიიღო ნამსხვრევების შემავალი ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში. ცნობაში მითითებულია, რომ აღნიშნული დასახიჩრება (ჭრილობა, ტრავმა, კონტუზია) მიღებულია სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულების დროს. 2008 წლის 25 ივნისს სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ, ს/ნ: 16103 მეთაურის 2008 წლის 17 ივნისის №876 მიმართვის საფუძველზე, ზ. გ-ის სახელზე გაიცა №... ავადმყოფობის მოწმობა. მოწმობის თანახმად, ზ. გ-ეს, 2007 წლის 21 ნოემბერს მიღებული აქვს ფეთქებადი, ნამსხვროვანი ბრმა ჭრილობები სამხედრო სამსახურის დროს. დიაგნოზი: ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდისკოპათია; წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიაქრები; წელის IV და V მალთაშუა დისკების უკანა მედიოლატერალური თიაქრები მარცხნივ; მარჯვენამხრივი წელის IV- V გავის I ფესვობრივი ტკივილების სინდრომი; ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით; ქრონიკული გასტროდუოდენიტი. მარცხენა იღლიის ქვეშა მიდამოს უცხო სხეული; მოწმობაში მითითებულია, რომ დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის პერიოდში. დასკვნის სახით მიეთითა, რომ შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №3678 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის ჯგუფის მზვერავი, კაპრალი - ზ. გ-ე ჩაითვალა დათხოვნილად შეიარაღებული ძალების რიგებიდან თადარიგში 2008 წლის 25 ივნისიდან (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (ავადმყოფობის გამო) თანახმად.

სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2010 წლის 20 იანვრის №1/103 წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს ეცნობა, რომ კაპრალ ზ. გ-ის სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობა განაპირობა ხერხემლის დაავადებამ, რაც შეეხება მარცხენა იღლიის მიდამოს უცხო სხეულს, რომელიც პაციენტს მიღებული აქვს ერაყის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, არავითარი კავშირი არ აქვს დაავადებასთან, რომელმაც გამოიწვია მისი სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობა. წერილით ასევე ეცნობა, რომ ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდისკოპათია წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიაქრები, მარცხნივ, მარჯვენამხრივი წელის IV და V გავის I ფესვობრივი ტკივილების სინდრომი, ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით, ქრონიკული გასტროდეოდენიტი არ იყო დაკავშირებული სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და კონტროლის სამმართველომ განიხილა სამსახურებრივი შემოწმების მასალები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს III ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის ჯგუფის მზვერავის, კაპრალ - ზ. გ-ის ტრავმის ფაქტთან დაკავშირებით და 2010 წლის 28 იანვარს გაიცა დასკვნა, რომელშიც ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს III ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის ჯგუფის მზვერავის, კაპრალ - ზ. გ-ის ხერხემლის დაავადება - ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდისკოპათია, წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიაქრები, მარცხნივ, მარჯვენამხრივი წელის IV და V გავის I ფესობრივი ტკივილების სინდრომი, ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით, ქრონიკული გასტროდუოდენტი არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზ. გ-ის ხერხემლის დაავადება არ ჩაითვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად და მის მიმართ არ იქნა გავრცელებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით გათვალისწინებული მატერიალური უზრუნველყოფის ღონისძიებები.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად და აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირების უფლება-მოვალეობები, მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის მინიჭებული სოციალური გარანტიები განსაზღვრულია საქართველოს კანონით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“. მითითებული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს: სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება, არა უმეტეს 7 000 ლარისა. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება (მოთხოვნის პერიოდისათვის მოქმედი რედაქცია), რომლის 38-ე პუნქტი ადგენს: სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 421 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) მძიმე დაზიანება – 7 000 ლარი; ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანება – 3 000 ლარი. ამავე შინაარსის ნორმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული, ამჟამად მოქმედი, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების“ 47-ე მუხლი.

სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტის თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნია, 2006 წლის 29 მარტს მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობები. ხელშეკრულების საფუძველზე „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა კეთილსინდისიერად ემსახუროს „სამინისტროს“ სამხედრო ქვედანაყოფებში, ხოლო „სამინისტრო“ იღებდა ვალდებულებას, რომ „სამხედრო მოსამსახურეს“ გადაუხდიდა შეთანხმებულ ხელფასს და უზრუნველყოფდა შესაბამისი პირობებით. ხელშეკრულების 5.1.7 პუნქტის საფუძველზე სამინისტრო კისრულობდა ვალდებულებას, სამხედრო მოვალეობის შესრულებისას ,,სამხედრო მოსამსახურის“ გარდაცვალების, დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში მას და მის ოჯახს გადაუხადოს დახმარება კანონმდებლობით გათვალისწინებული სამხედრო ან სპეციალური სარგოს ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების ვალდებულება ჩნდება იმ პირობებში, თუ სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიჭრა ან დასახიჩრდა. სამხედრო მოსამსახურის დაჭრის პირობებში კომპენსირების ვალდებულებას ადგენს ასევე მხარეთა შორის შეთანხმებული პირობები. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ზ. გ-ემ (დაბ. … წ.) 2007 წლის 21 ნოემბერს ერაყში, ვასიტის პროვინციაში, №5 საპატრულო ბაზაზე ჭურვების ჩამოყრის შედეგად მიიღო ნამსხვრევების შემავალი ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ (მეთაური შ. ტ-ის) გაცემული ცნობით დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული დასახიჩრება (ჭრილობა, ტრავმა, კონტუზია) მიღებულია სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულების დროს და აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ იყო შესაბამისად აღნიშნული გარემოებები ქმნიდა კანონით განსაზღვრული კომპენსაციის გაცემის საფუძველს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2010 წლის 20 იანვრის №1/103 წერილზე, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს ეცნობა, რომ კაპრალ ზ. გ-ის სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობა გამოიწვია ხერხემლის დაავადებამ, რაც შეეხება მარცხენა იღლიის მიდამოში უცხო სხეულს, რომელიც ერაყის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულების დროიდან აქვს პაციენტს, კავშირი არა აქვს დაავადებასთან, რომელმაც გამოიწვია ზ. გ-ის სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის კვლევა და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე, 992-ე, 408-ე მუხლებზე მითითებით დასკვნის გაკეთება, იმის თაობაზე, რომ ზ. გ-ეს ტრავმა, რომელმაც გამოიწვია მისი სამხედრო ძალებიდან დათხოვნა მიღებული აქვს სამხედრო სამსახურის პერიოდში, მაგრამ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და დამდგარ შედეგში მოპასუხეს არ მიუძღვის ბრალი, წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის შეცვლას, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნა - აუნაზღაურდეს ზიანი უკავშირდება არა იმ გარემოებას, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა მოხდა კანონდარღვევით ან/და მოპასუხეს ბრალი მიუძღვის მოსარჩელის სხეულის დაზიანებაში, არამედ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებას, რომ ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პირობებში დაიჭრა, მიიღო სხეულის დაზიანება და როგორც სამხედრო მოსამსახურე, ექვემდებარება კანონით გათვალისწინებულ კომპენსირებას.

სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ასევე მოსარჩელის მოთხოვნა მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც დასტურდება მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიყენებული ზიანის ფაქტი, მოთხოვნა, ჯანმრთელობის აღდგენის მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, არის საფუძვლიანი და ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ, შესაძლებლად მიიჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლად ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ ნორმებზე მითითება. ამავდროულად სააპელაციო სასამართლომ პრინციპულად გამორიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია იმის თაობაზე, რომ სამხედრო მოსამსახურის დაჭრასა და მის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის მიზეზობრივი კავშირი არ იკვეთება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ 2008 წლის 25 ივნისს, ს/ნ: 16103 მეთაურის 2008 წლის 17 ივნისის №876 მიმართვის საფუძველზე გაცემულ №… ავადმყოფობის მოწმობაზე, რომელშიც აღნიშნულია: ზ. გ-ეს, 2007 წლის 21 ნოემბერს მიღებული აქვს ფეთქებადი, ნამსხვროვანი ბრმა ჭრილობები სამხედრო სამსახურის დროს. დიაგნოზი: ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდისკოპათია. წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიაქარები. წელის IV და V მალთაშუა დისკების უკანა მედიოლატერალური თიაქარები მარცხნივ. მარჯვენამხრივი წელის IV- V გავის I ფესვობრივი ტკივილების სინდრომი, ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით. ქრონიკული გასტროდუოდენიტი. მარცხენა იღლიის ქვეშა მიდამოს უცხო სხეული. დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის პერიოდში. აღნიშნული დასკვნა გაცემულია სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 38-ე და 39-ე მუხლები ადგენს, რომ სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. იმავე ჰოსპიტალის დასკვნის სავალდებულობაზე მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული, ამჟამად მოქმედი, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები“. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც დიაგნოზი ფაქტობრივად არ შეცვლილა, დაუდგენელია, 2010 წელს რა ობიექტურმა გარემოებებმა გამორიცხა სამხედრო მოსამსახურის დაჭრასა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, მაშინ, როდესაც, კომპეტენტური სამედიცინო დაწესებულება 2008 წელს გაცემული დასკვნით ადასტურებს, რომ დაავადება მიღებულია სწორედ სამხედრო სამსახურის პერიოდში. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით და საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ- ფაქტურის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის - 4 435 ლარის ანაზღაურების თაობაზე ასევე საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული და ის უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ზ. გ-ის ტრავმის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადმოგზავნილ 2009 წლის 20 იანვრის N1/103 წერილის თანახმად ზ. გ-ის მიერ 2007 წლის 21 ნოემბერს ერაყის რესპუბლიკაში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანება არ არის დაკავშირებული ხერხემლის დაავადებასთან და ასევე აღნიშნული დაავადება არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

კასატორის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2010 წლის 28 იანვრის დასკვნის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის ჯგუფის მზვერავის, კაპრალ ზ. გ-ის ხერხემლის დაავადება - ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდისკოპათია, წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიაქარები. წელის IV და V მალთაშუა დისკების უკანა მედიოლატერალური თიაქარები მარცხნივ. მარჯვენამხრივი წელის IV- V გავის I ფესვობრივი ტკივილების სინდრომი, ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით. ქრონიკული გასტროდუოდენიტი არ არის დაკავშირებული სამხედრო მოვალეობის შესრულებასთან.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის N3678 ბრძანებით ზ. გ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან თადარიგში 2008 წლის 25 ივნისიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად (ავადმყოფობის გამო). სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 2017 წლის 5 აპრილის N319083 წერილით ზ. გ-ეს დათხოვნისას მიეცა ერთჯერადი გასასვლელი დახმარება ავადმყოფობის გამო 603 ლარის და 16 თეთრის ოდენობით.

კასატორი მიუთითებს, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 38-ე პუნქტზე და აღნიშნავს, რომ დაზიანების სიმძიმის მიხედვით ერჯერადად გასაცემი თანხის ოდენობა განსხვავებულია, კერძოდ, მძიმე დაზიანების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარება გაიცემა 7000 ლარის ოდენობით, ხოლო ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში 3000 ლარის ოდენობით, სააპელაციო პალატამ კი ისე მიიღო ერთჯერადი დახმარების სახით 7000 ლარის თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების გადაწყვეტილება, რომ გამოკვლეული არ ყოფილა ზ. გ-ის ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის ხარისხი და არც ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ყოფილა საქმეში წარმოდგენილი.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე, სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უსაფუძვლოდ დაეკისრა მოსარჩელე ზ. გ-ისათვის მატერიალური ზიანის სახით - 4 435 ლარის გადახდა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დადასტურებულია, რომ ზ. გ-ის დაავადება ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდისკოპათია; წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიაქრები; წელის IV და V მალთაშუა დისკების უკანა მედიოლატერალური თიაქრები მარცხნივ; მარჯვენამხრივი წელის IV- V გავის I ფესვობრივი ტკივილების სინდრომი, ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით; ქრონიკული გასტროდუოდენიტი არ არის დაკავშირებული სამხედრო მოვალეობის შესრულებასთან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც მისი ბრალეულობით გამოწვეული არ ყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის სახით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 4 435 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ზ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა - მატერიალური ზიანის - 4 435 ლარის ანაზღაურების თაობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მატერიალური ზიანის სახით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის - 4 435 ლარის დაკისრების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, რამდენადაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ზ. გ-ის მიერ გაღებული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება, ისეთ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი სამხედრო სამსახურის გავლის დროს მიღებულ ტრავმასა და არსებულ დიაგნოზს შორის, რომლისთვისაც ზ. გ-ემ გასწია მკურნალობის ხარჯი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის ზ. გ-ის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების - 7000 ლარისა და მკურნალობისთვის გაწეული ხარჯის - 4 435 ლარის დაკისრება.

საქმეზე დადგენილია, რომ 2006 წლის 29 მარტს, ერთი მხრივ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელსა და მეორე მხრივ - ზ. გ-ეს შორის დაიდო №8111 ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო ქვედანაყოფებში, ხოლო „სამინისტრო“ ვალდებულებას იღებდა გადაეხადა „სამხედრო მოსამსახურეს“ შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა სამინისტროს ვალდებულებანი, ხოლო მე-6 მუხლით „სამხედრო მოსამსახურის“ ვალდებულებები. ხელშეკრულების 9.1.1. პუნქტით, ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს „სამინისტროს“ მიერ „სამხედრო მოსამსახურისათვის“ წინასწარი, ერთი თვით ადრე გადაცემული წერილობითი შეტყობინების მეშვეობით „სამხედრო მოსამსახურის“ ავადმყოფობის გამო, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 27 ივნისის №1525 ბრძანებით, რიგითი ზ. გ-ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის რეკოგნოსცირების ჯგუფის მზვერავად 2006 წლის 29 მარტიდან, სამხედრო წოდება „კაპრალის“ მინიჭებით (შტატი №…). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ (მეთაური შ. ტ-ის) გაცემული ცნობით დგინდება, რომ ზ. გ-ემ (დაბ. … წ.) 2007 წლის 21 ნოემბერს ერაყში, …, №5 საპატრულო ბაზაზე ჭურვების ჩამოყრის შედეგად მიიღო ნამსხვრევების შემავალი ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში. ცნობაში მითითებულია, რომ აღნიშნული დასახიჩრება (ჭრილობა, ტრავმა, კონტუზია) მიღებულია სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულების დროს. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ 2008 წლის 25 ივნისს, ს/ნ: 16103 მეთაურის 2008 წლის 17 ივნისის №876 მიმართვის საფუძველზე შემოწმებულ იქნა ზ. გ-ე (დაბ. … წ.), რომლის სახელზეც გაიცა №… ავადმყოფობის მოწმობა. მოწმობის თანახმად, ზ. გ-ეს 2007 წლის 21 ნოემბერს მიღებული აქვს ფეთქებადი, ნამსხვროვანი ბრმა ჭრილობები სამხედრო სამსახურის დროს. დიაგნოზის სახით მიეთითა: ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდისკოპათია; წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიქარები; წელის IV და V მალთაშუა დისკების უკანა მედიოლატერალური თიაქრები მარცხნივ; მარჯვენამხრივი წელის IV V გავის I ფესვობრივი ტკივილების სინდრომი, ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით; ქრონიკული გასტროდუოდენიტი; მარცხენა იღლიის ქვეშა მიდამოს უცხო სხეული. მოწმობაში მითითებულია, რომ დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის პერიოდში. დასკვნის სახით მიეთითა, რომ შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №3678 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის ჯგუფის მზვერავი, კაპრალი - ზ. გ-ე ჩაითვალა დათხოვნილად შეიარაღებული ძალების რიგებიდან თადარიგში 2008 წლის 25 ივნისიდან (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (ავადმყოფობის გამო) თანახმად. 2010 წლის 28 იანვრის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და კონტროლის სამმართველოს დასკვნით დადგენილია, რომ აღნიშნულმა სამმართველომ განიხილა სამსახურებრივი შემოწმების მასალები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს III ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის ჯგუფის მზვერავის, კაპრალ - ზ. გ-ის ტრავმის ფაქტთან დაკავშირებით და 2010 წლის 28 იანვარს გაიცა დასკვნა, რომელშიც ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს III ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის ჯგუფის მზვერავის, კაპრალ - ზ. გ-ის ხერხემლის დაავადება - ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდისკოპათია, წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიაქრები, მარცხნივ, მარჯვენამხრივი წელის IV და V გავის I ფესობრივი ტკივილების სინდრომი, ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით, ქრონიკული გასტროდუოდენტი არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ზ. გ-ის ხერხემლის დაავადება ვერ ჩაითვლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად და მის მიმართ ვერ გავრცელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით გათვალისწინებული მატერიალური უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიმართ 2008 წლის 6 მაისის ზ. გ-ის ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ 2007 წლის 15 ივნისს, სამშვიდობო მისიით გაემგზავრა ერაყში, კერძოდ, ვასიტის პროვინციაში, სადაც 21 ნოემბერს მეხუთე ბაზაზე ბაზის დაბომბვის დროს მიიღო მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც გადაყვანილ იქნა ქალაქ ბაღდადში სამკურნალოდ. ამის შემდეგ მკურნალობას განაგრძობდა ქართულ „ლაზარეთში“ და 2008 წლის 28 იანვარს ჩამოვიდა საქართველოში. ასევე მიუთითა, რომ იგი გამოჯანმრთელებული იყო და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რაც დაადასტურა ხელმოწერით. სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2010 წლის 20 იანვრის №1/103 წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს ეცნობა, რომ კაპრალ ზ. გ-ის სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობა გამოიწვია ხერხემლის დაავადებამ, რაც შეეხება მარცხენა იღლიის მიდამოს უცხო სხეულს, რომელიც პაციენტს მიღებული ჰქონდა ერაყის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, არავითარი კავშირი არ აქვს დაავადებასთან, რომელის გამოც გახდა სამხედრო სამსახურისათვის სამხედრო სამსახურისათვის უვარგისი. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდისკოპათია; წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიაქრები, მარცხნივ; მარჯვენამხრივი წელის IV და V გავის I ფესვობრივი ტკივილების სინდრომი, ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით; ქრონიკული გასტროდეოდენიტი არ იყო დაკავშირებული სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 38-ე და 39-ე მუხლებზე, რომელიც ადგენს, რომ სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. იმავე ჰოსპიტალის დასკვნის სავალდებულოობაზე მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული, ამჟამად მოქმედი, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები“.

საქმეში წარმოდგენილია ზემოაღნიშნული კომპეტენტური ორგანოს მიერ 2008 წლის 25 ივნისს გაცემული №… ავადმყოფობის მოწმობა, რომელშიც აღინიშნა, რომ ზ. გ-ეს, 2007 წლის 21 ნოემბერს მიღებული აქვს ფეთქებადი, ნამსხვროვანი ბრმა ჭრილობები და მარცხენა იღლიის ქვეშა მიდამოში ფიქსირდება უცხო სხეული, ანალოგიური შინაარსის წერილი იქნა მიწერილი საქართველოს თავდაცის სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის 2010 წლის 20 იანვარს სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მიერ, სადაც აღინიშნა, რომ ზ. გ-ეს ერაყის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს მიღებული ტრავმის შედეგად მარცხენა იღლიის მიდამოში აღენიშნება უცხო სხეული, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ტრავმა ვერ განიხილება ნაკლებად მძიმე დაზიანებად და საფუძვლიანად დააკისრა მოპასუხეს სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 38-ე პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარების სახით გასაცემი თანხა მძიმე დაზიანებისათვის – 7 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის დაკისრებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ერთჯერადად გასაცემი თანხის - 7000 ლარის ოდენობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების თაობაზე მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მატერიალური ზიანის - 4 435 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ მიზეზ -შედეგობრივი კავშირის კვლევა და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე, 992-ე და 408-ე მუხლებზე მითითებით დასკვნის გაკეთება თავდაცვის სამინისტროს არაბრალეულობის თაობაზე, წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის შეცვლას, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებას, რომ ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პირობებში დაიჭრა, მიიღო სხეულის დაზიანება და, როგორც სამხედრო მოსამსახურე, ექვემდებარება კანონით გათვალისწინებულ კომპენსირებას. ასევე გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გამახვილებული ყურადღება საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ - ფაქტურებზე, რომელსაც დაეყრდნო სააპელაციო პალატა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისას უპირველესად უნდა დადგინდეს კონკრეტულად ზიანის არსებობა, მიზეზობრივი კავშირი და ზიანის ოდენობა.

მოცემულ შემთხვევაში, სადავოა თუ რამდენად წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებულ პირს, მოსარჩელეს აუნაზღაუროს მის მიერ მკურნალობისათვის გაღებული თანხა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას, უპირველესად უნდა განისაზღვროს, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა ეფუძნება დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო კანონმდებლობას. მოთხოვნის უფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების სათანადო შემოწმების შემთხვევაში სააპელაციო პალატას ჰქონდა შესაძლებლობა დაედგინა, რამდენად არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მოსარჩელის სასარგებლოდ მკურნალობისათვის გაწეული თანხის გადახდის ვალდებულება, რაც პალატის მიერ არ იქნა განხორციელებული.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №3678 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის ჯგუფის მზვერავი, კაპრალი - ზ. გ-ე ჩაითვალა დათხოვნილად შეიარაღებული ძალების რიგებიდან თადარიგში 2008 წლის 25 ივნისიდან (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (ავადმყოფობის გამო) თანახმად, შესაბამისად, მხარეები არ იმყოფებიან ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში და 2006 წლის 29 მარტის ხელშეკრულების კანონიერება არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს, შესაბამისად, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად 2006 წლის 29 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე მითითება სააპელაციო პალატის მიერ უსაფუძვლოა იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების 5.1.7 პუნქტის საფუძველზე სამინისტრო კისრულობდა ვალდებულებას, სამხედრო მოვალეობის შესრულებისას ,,სამხედრო მოსამსახურის“ გარდაცვალების, დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში მას და მის ოჯახს გადაუხადოს დახმარება კანონმდებლობით გათვალისწინებული სამხედრო ან სპეციალური სარგოების ოდენობით, რაც მოცემულ საქმეზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დაეკისრა ერთჯერადად 7000 ლარის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან, ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის გამომწვევი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლზე, რომელიც მითითებითი სახის ნორმაა ადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი წესების გამოყენების შესაძლებლობას სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს მკურნალობის ხარჯები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანი გულისხმობს პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს და ეს ზემოქმედება უნდა მომდინარეობდეს ბრალეული ქმედებით. მატერიალური ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია დადგინდეს მოპასუხის ბრალეული ქმედება, 2007 წლის 21 ნოემბერს მიღებული ტრავმისათვის მკურნალობის, მკურნალობაზე უარის ან არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც განაპირობა მოსარჩელის მხრიდან შესაბამისი ხარჯის გაღება. საქმეზე წარმოდგენილი 2016 წლის 21 სექტემბრის ანგარიშ - ფაქტურებით დგინდება, რომ ზ. გ-ემ სამედიცინო დაწესებულებისგან მიიღო მომსახურება, რომელიც არ არის დაკავშირებული 2007 წლის 21 ნოემბერს მიღებული ტრავმის შედეგად მარცხენა იღლიის მიდამოში დარჩენილი უცხო სხეულიდან გამომდინარე წარმოშობილ დაავადებასთან. მიღებულ ტრავმასა და გაწეულ სამედიცინო მომსახურებას შორის კავშირის არარსებობის გარეშე შეუძლებელია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა ზ. გ-ის სხეულის დაზიანებასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მკურნალობის ჩატარების ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს 2008 წლის 6 მაისის ზ. გ-ის მიერ გაკეთებული ახსნა - განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ 2007 წლის 15 ივნისს, სამშვიდობო მისიით გაემგზავრა ერაყში, კერძოდ, ვასიტის პროვინციაში, სადაც 21 ნოემბერს მეხუთე ბაზაზე ბაზის დაბომბვის დროს მიიღო მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც გადაყვანილ იქნა ქალაქ ბაღდადში სამკურნალოდ. ამის შემდეგ მკურნალობას განაგრძობდა სამხედრო ბაზაზე არსებულ ქართულ „ლაზარეთში“ და 2008 წლის 28 იანვარს ჩამოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც იგი გამოჯანმრთელებდა და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რაც დაადასტურა ხელმოწერით. ამდენად, მოსარჩელეს მკურნალობის ჩატარების პროცესთან და მის არასათანადოობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ ყოფილა დაყენებული და სადავოდ არ გამხდარა მისი მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლოა გამხდარიყო ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

ამასთან, საქმეში არსებული სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაცემულ ცნობებში მითითებულია, რომ ზ. გ-ეს მიღებული აქვს ფეთქებადი ნამსხვროვანი ბრმა ჭრილობები სამხედრო სამსახურის დროს. 2008 წლის 25 ივნისის №… ავადმყოფობის მოწმობაში დეტალურად არის ასახული სპეციალურ გამოკვლევათა შედეგები, ჩატარებულია კონსულტაციები და დიაგნოზის სახით მითითებულია როგორც ხერხემლის წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი და პოლიდისკოპათია; წელის II, III, IV და V მალთაშუა შმორლის თიაქრები; წელის IV და V მალთაშუა დისკების უკანა მედიოლატერალური თიაქრები მარცხნივ; მარჯვენამხრივი წელის IV V გავის I ფესვობრივი ტკივილების სინდრომი, ზომიერად გამოხატული, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით; ქრონიკული გასტროდუოდენიტი; ასევე მთითებულია მარცხენა იღლიის ქვეშა მიდამოს უცხო სხეული. ქირურგის კონსულტაციის შედეგად ზემოაღნიშულ მოწმობაში მიეთითა - ,,მარცხენა იღლიის ქვეშა მიდამოს ფეთქებადი, ნამსხვროვანი ბრმა ჭრილობის (30.11.07) შემდგომი მდგომარეობა მცირე ზომის უცხო სხეულით რბილ ქსოვილებში, მხარის სარტყელის ფუნქციის დარღვევის გარეშე."

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ზ. გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, კერძოდ, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ 2008 წლის 25 ივნისის №… ავადმყოფობის მოწმობა, სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2010 წლის 20 იანვრის №1/103 წერილი, იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ზ. გ-ის დაავადებები, რომლისთვისაც მან გასწია მკურნალობის ხარჯი, არ არის დაკავშირებული მარცხენა იღლიის ქვეშა მიდამოს ფეთქებადი, ნამსხვროვანი ბრმა ჭრილობის მიღებასთან და ისინი ერთმაეთისაგან დამოუკიდებლად იქნა ასახული შესაბამის მოწმობაში, ამდენად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზ. გ-ის მიერ მკურნალობისათვის გაწეული და სამომავლოდ გასაწევი ხარჯების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების მატერიალურ-პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის სახით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 4 435 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ. გ-ის სარჩელი მატერიალური ზიანის - 4 435 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე