Facebook Twitter

ბს-470-470 (კ-18) 9 ოქტომბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. მ-ემ 07.06.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ "შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 02.05.2017წ. N1040710 ბრძანების თ. მ-ის ნაწილში ბათილად ცნობის, თ. მ-ის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის (ოპერატორის) თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თ. მ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს, თ. მ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, კადრების განკარგულებაში ყოფნისას ანაზღაურებული 2 თვის შრომითი გასამრჯელოს გათვალისწინებით (გამოკლებით), ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.2017წ. საოქმო განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.11.2017წ. გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი "შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 02.05.2017წ. N1040710 ბრძანება თ. მ-ის ნაწილში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ შს მინისტრის 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის" 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან. აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებას კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელის მიმართ. თ. მ-ის სამსახურიდან დათხოვნა წარმოადგენდა შს სამინისტროს არა დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ იმპერატიულ ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში არსებითია პირის კადრების განკარგულებაში აყვანიდან ოთხთვიანი ვადი გასვლა, რაც ზედმიწევნით იქნა შესრულებული. კასატორი აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ თ. მ-ის სამსახურიდან დათხოვნისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მისი პიროვნება, დამსახურება, კვალიფიკაცია, რამეთუ საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული რა კრიტერიუმების საფუძველზე უნდა მოხდეს შტატების შემცირებისას დარჩენილი საშტატო ერთეულების დაკომპლექტება ან რა კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა მიენიჭოს უპირატესობა რომლიმე კანდიდატს. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალლდებულებას კადრების განკარგულებაში აყვანილი თანამშრომელი შტატების შემცირებისას დანიშნოს იმავე ან სხვა თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს საკითხებთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკისაგან. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 10.01.2008წ. Nბს-632-602(კ-07) გადაწყვეტილებაში ნამსჯელი აქვს შტატების შემცირებისას პირის სამსახურიდან დათხოვნის წინაპირობებზე, სადაც პირდაპირ ადგენს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ეკისრება შტატების შემცირების შემთხვევაში გათავისუფლებული პირის იმავე ან სხვა სამუშაო ადგილზე დასაქმების შესაძლებლობის გარკვევა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 02.05.2017წ. N1040710 ბრძანების საფუძველზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი (ოპერატორი) თ. მ-ე კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. "პოლიციის შესახებ კანონის" 41.1 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნას შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურაში არსებული სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა შემცირდა 6 საშტატო ერთეულით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაბამის დეპარტამენტს ფუნქციური თვალსაზრისით ცვლილება არ განუცდია, ვინაიდან თ. მ-ის თანამდებობა ფუნქციურად, შინაარსობრივად და შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკით, წარმოადგენს ისეთივე თანამდებობას, რაც მას ეკავა გათავისუფლებამდე. ამდენად, როდესაც რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, ხოლო შტატი სრულად არ უქმდება და ფუნქციურად არ იცვლება, ადმინისტრაციული ორგანო თანამშრომელთა შერჩევის პროცესში სარგებლობს ფართო დისკრეციით და უფლებამოსილია განსაზღვროს იმ პირთა წრე, ვინც განაგრძობს დარჩენილ საშტატო ერთეულებზე საქმიანობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტარციულმა ორგანომ ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არ დაუდგენია ქმნიდა თუ არა რეორგანიზაცია თ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან, რამეთუ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება კონკრეტულ შემთხვევას და განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტი არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დაცულია კანონის წინაშე პირთა თანასწორობის პრინციპი, ასევე აქტიდან არ იკვეთება რომ თანამშრომელთა შერჩევა და დარჩენილ საშტატო ერთეულებზე დასაქმება განხორციელდა მათი პროფესიონალიზმისა და უნარ-ჩვევების საფუძველზე. ასევე არ იქნა გათვალისწინებული ის გარემობა რომ კადრების განკარგულებაში აყვანის პერიოდისათვის თ. მ-ეს ჰყავდა სამ წლამდე ასაკის შვილი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში სამსახურის გავლის წესის" 66.2 მუხლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თ. მ-ეს ჰქონდა შსს ორგანოებში მუშაობის 16 წლის სტაჟი და არცერთხელ მის წინააღმდეგ დისციპლინური ხასიათის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი