ბს-986-982(კ-17) 9 ოქტომბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ს-მა 16.04.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის, მ.გ-ისა და დ. ს-ის მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 22.10.2001წ. ... სააღრიცხვო ბარათის ბათილად ცნობა, რომლითაც თეთრიწყაროს რაიონში, სოფ. ..., 1930 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...) საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა დ. ს-ის სახელზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 05.04.2005წ. N... და 27.05.2005 N... განაცხადებზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.09.2014წ. №… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, გ. ს-ის მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.04.2015წ. განჩინებით გ. ს-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.
გ. ს-მა 22.02.2015წ. დაზუსტებული სარჩელით განსაზღვრა მოპასუხეთა წრე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის, ასევე მესამე პირების - დ. ს-ისა და მ. გ-ის სახით და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 22.10.2001წ. ... სააღრიცხვო ბარათის ბათილად ცნობა, რომლითაც თეთრიწყაროს რაიონში, სოფ. ..., 1930 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...) საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა დ. ს-ის სახელზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 05.04.2005წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა დარეგისტრირდა დ. ს-ის სახელზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 31.08.2005წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 02.06.2010წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.09.2014წ. №… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა საკადასტრო კოდზე N… (ახალი კოდით … .), გ. ს-ის მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 30.03.2016წ. სასამართლო სხდომის ოქმით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. ს-ი.
თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს 23.06.2016წ. გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2017წ. განჩინებით გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ს-ის მიერ.
კასატორი - გ. ს-ი აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. გ. ს-ს კანონიერი ნდობა ჰქონდა სახელმწიფოს მიმართ, შესაბამისად მისი დედის მ. ს-ის საკუთრების უფლება დაცული უნდა ყოფილიყო კონსტიტუციის 21-ე მუხლის საფუძველზე. სადავო აქტების გამოცემისას დარღვეულია სზაკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლო არასწორად უთითებს "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 26.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს. ქონების გადასვლა სხვა პირზე ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მხარემ პირველ რიგში უნდა იდავოს სამოქალაქო მიმართულებით, რაც გულისხმობს უფლების დამდგენი დოკუმენტის (ნასყიდობის ხელშეკრულების) არსებობის გამო მომდევნო რეგისტრაციაზე ბათილობის მოთხოვნის არამართებულობას. კასატორი აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტის დედანი, სრულყოფილი და ხელმოწერილი სახით არ არსებობს, შესაბამისად შეუძლებელი იყო აღნიშნული აქტის ყალბ დოკუმენტად ცნობის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა, ამდენად დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება მიღება-ჩაბარების აქტის გასაჩივრების საჭიროებაზე. საქმეში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ვერ უზრუნველყოფს კასატორისათვის მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების შესაძლებლობას, შესაბამისად დარღვეული უფლების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია რეგისტრაციის დროს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ არ დადგენილა თუ რამდენად ადასტურებს დ. ს-ის მიერ წარდგენილი სადავო კომლის ცნობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის პირისადმი კუთვნილებას, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოხდა მხარისაგან მიღება-ჩაბარების აქტის ასლის ჩაბარება და სააღრიცხვო ბარათში ფორმალურად დაფიქსირებულ მიწის განაწილების სიაზე დაყრდნობა, რომელიც მატერიალური სახით არ არსებობს. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ დღეის მდგომარეობით მითითებული საგადასახადო სიის არარსებობა, არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ იგი წარდგენილი იყო რეგისტრაციის დროს. საქმის მასალებით, კერძოდ, საარქივო ცნობით დასტურდება, რომ არ არსებობს დ. ს-ზე და მის მამაზე კომლის შესახებ ინფორმაცია, ხოლო მ. ს-ის კომლის და მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესახებ დაცულია შესაბამისი მონაცემები საარქივო მასალებში. სასამართლომ გვერდი აუარა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენს, რომელსაც პრეიუდიციული ძალა აქვს და დასტურდება თაღლითურად, ყალბი აზომვითი ნახაზითა და მიღება-ჩაბარების აქტით რეგისტრაციის განხორციელება. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობებით უდავოდ დასტურდება გ. ს-ის დედის მ. ს-ის კომლის საკუთრების უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით სადავო უძრავ ქონებაზე დ. ს-ის საკუთრების უფლება დადასტურებულია 15.11.1998წ. N293 მიღება-ჩაბარების აქტით, საგადასახადო სიისა და საკუთრების მოწმობის საფუძვლეზე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და ვერც მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სადავო მიწის ნაკვეთზე, დ. ს-ის საკუთრების უფლების წარმოშობამდე, მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა კი უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტების გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ს-ის სახელზე სააღრიცხო მონაცემები საჯარო რეესტრში დაცულია 2001 წლიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, დ. ს-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის განაჩენით არაა დადასტურებული სარეგისტრაციო დოკუმენტების სიყალბე, ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მითითება განაჩენის პრეიუდიციულ მნიშვნელობაზე, რამეთუ სსკ-ის 106-ე მუხლში 24.09.2010წ. კანონით შეტანილი ცვლილების შედეგად სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ აქტს არ აქვს პრეიუდიციული ძალა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია მ. გ-ის საკუთრების უფლება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როდესაც საქმე ეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ უფლების მოპოვებას, შემძენს თავის უფლების დასამტკიცებლად შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს. რეესტრის უტყუარობის ფიქციას და ნივთზე უფლების შეძენას არღვევს შემძენის არაკეთილსინდისიერება, ხოლო კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ზემოაღნიშნულმა მესაკუთრემ უფლების მოპოვებამდე იცოდა საჯარო რეესტრის მონაცემების უზუსტობის თაობაზე. ამდენად, არ არსებობს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო უძრავ ქონებაზე განხორციელებული პირველადი და შემდგომი რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2017წ. განჩინება;
3. გ. ს-ს (პ/ნ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.10.2017წ. N4 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი