Facebook Twitter

ბს-1147-1141(კ-17) 9 ოქტომბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ბ-ემ 23.04.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ არქიტექტურის სამსახურის, მესამე პირის - შპს "..." მიმართ და მოითხოვა „ქ. თბილისში, ... ქ. მე-2 შესახვევის №2-ში არსებული მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ“ ქ. თბილისის მერიის 25.06.2014წ. №1497 განკარგულებისა და „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ“ სსიპ არქიტექტურის სამსახურის 05.02.2015წ. №1704502 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.2016წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ვ. ქ-ი, ვლ. ქ-ი, რ. ქ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.05.2016წ. გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2017წ. განჩინებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.05.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ბ-ის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომის ოქმი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ იყო საჭირო კოეფიციენტების დადგენილი პარამეტრების გადამეტება, მაშინ როდესაც, დადგენილი პარამეტრების გაზრდა განსაკუთრებულ დასაბუთებას საჭიროებს, რათა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება შესაბამისობაში იყოს "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" კანონთან. განსახილველი საქმისა და საკითხის კონტექსტში მნიშვნელოვანია თ. კ-ის საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო კოეფიციენტების გაზრდა და მაღლივი სახლის მშენებლობა მოცემულ ტერიტორიაზე. საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოს მიერ გაზიარებულ სხვა საექსპერტო დასკვნებს არანაირი შემხებლობა არ აქვს კასატორის მიერ წამოყენებულ სადავო საკითხებთან, რადგან იგი ასაჩივრებს არა საკითხის გეოლოგიას, არამედ იმას, რომ კანონი საერთოდ არ უშვებს მოცემული პარამეტრების სახლის მშენებლობას, შესაბამისად ნებართვის გაცემის ყველა სტადია არის უკანონო და დანაშაულებრივი. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე. საქართველოს მთავრობის 15.01.2014წ. N59 დადგენილების საფუძველზე საკითხის გადაწყვეტა გამორიცხავდა მითითებულ ტერიტორიაზე მაღალი შენობის აგების ნებართვის გაცემას. სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უცვლელად დატოვა და გადმოიწერა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ვალდებულებაში. დასაბუთების ვალდებულების მაღალი ხარისხია საჭირო როდესაც ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული ულებამოსილების ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ზონალური შეთანხმების გაცემისას არ მომხდარა მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება. ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები ითვალისწინებს კოეფიციენტების გადამეტების შესაძლებლობას მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში და ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას. ამდენად, კოეფიციენტების მაჩვენებლების გადამეტებაზე მსჯელობისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია მოითხოვს თუ არა ამგვარ გადამეტებას დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები. კასატორი მიუთითებს, რომ მიუხედავად აღმჭურველი აქტის არსებობისა, სახეზე მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით ქ. თბილისის მერიის 25.06.2014წ. №1497 განკარგულებით, ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 12.06.2014წ. N22 სხდომის ოქმის შესაბამისად, ქ. თბილისში, ... ქ. მე-2 შესახვევის №2-ში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (ს/კ: ....) განაშენიანების კოეფიციენტის (კ1) და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა: კ1=0.7, კ2=3.2-ით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რო "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძველების შესახებ" კანონი ითვალისწინებს ძირითადი პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლას სწორედ სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე. ქ. თბილისის საკრებულოს 27.03.2009წ. N4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული "ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების" მიხედვით დადგენილია კოეფიციენტების გადამეტების შესაძლებლობა გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კოეფიციენტების გაზრდის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს მიეკუთვნება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო მხოლოდ მაშინ იძლევა დადებით შეფასებას, როდესაც სათანადო გარემოებების გამოკვლევის შედეგად კონკრეტული მიწის ნაკვეთის პარამეტრების გაზრდის მიზანშეწონილობას დაადგენს. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი მიღებულია სწორედ ზემოაღნიშნული საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე, შესაბამისად გადაწყვეტილება შეესაბამება საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ დასტურდება დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტები წარმოადგენს აღმჭურველ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს. სზაკ-ის 601.4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პირობებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტების საფუძველზე, კანონიერი ნდობის პირობებში შპს "..." განახორციელა იურიდიული მინიშვნელობის ქმედებები, შედეგად სახეზეა დასრულებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ამდენად, კანონიერი ნდობის საკითხი მნიშვნელოვანია ცალკეული ბინის მესაკუთრეებთან მიმართებაშიც. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით ფიქსირდება მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება მსგავსი მაღალსართულიანი ნაგებობებით. ამდენად, კასატორის მიერ ურბანული თვალსაზრისით შენობის შეუსაბამობაზე აპელირება დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით არ დასტურდება და ვერც თ. ბ-ე მიუთითებს სადავო აქტებით მისთვის მიყენებულ რეალურ ზიანზე, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, თ. ბ-ეს (პ/ნ ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.10.2017წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2017წ. განჩინება;

3. თ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.10.2017წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი