-
#ბს-419-419(კს-18) 3 სექტემბერი, 2018 წელი
- ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) – ნა. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. მ-ი
სარჩელზე მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი - საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 22 სექტემბერს ნ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 ივნისის #... გადაწყვეტილების, 2016 წლის 19 აგვისტოს #200129 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალება შეაჩეროს #... საკადასტრო კოდზე ნა. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და არ გასცეს ამ საკადასტრო კოდზე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რათა არ მოხდეს აღნიშნული ფართის ნა. მ-ის მიერ გასხვისება მესამე პირზე.
მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო რეესტრს დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალოს #... (მესაკუთრე ნა. მ-ე) საკადასტრო კოდზე ამონაწერის გაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ნ. მ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 იანვრის განჩინებით ნ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება; განსახილველ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა #... საკადასტრო კოდზე ამონაწერის გაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის განჩინებით ნ. მ-ის სარჩელი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 სექტემბრის #... წერილის ბათილად ცნობისა და ჭიათურაში, … ქუჩაზე არსებულ … რიგში #... ფართზე (საკადასტრო კოდზე #...) ნა. მ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ნა. მ-ე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის განჩინებით ნა. მ-ის საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 იანვრის განჩინების გაუქმებისა და ახალი განჩინების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განჩინებით ნა. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 იანვრის განჩინების სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე ნ. მ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, შეჩერდა საქმის წარმოება ნა. მ-ის სარჩელისა გამო წარმოებულ სამოქალაქო საქმეზე დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 10 ივლისს საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნა. მ-ემ მოპასუხეების: ნოტარიუს ზ. ც-ის, ა. დ-ის, გ. ყ-ისა და ნ. მ-ის მიმართ, ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
საჩხერის რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მისი მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მშენებარე ... რიგის პირველ სართულზე, #...-ში განთავსებულ 25 კვადრატულ მეტრ არასაცხოვრებელ ფართზე 2009 წლის 25 აპრილს ნოტარიუს ზ. ც-ის მიერ დამოწმებული მ. ყ-ესა და ა. დ-ეს შორის გაფორმებული #1-937 ხელშეკრულების ბათილად ცნობა შედგენის მომენტიდან იმ ნაწილში, სადაც ნასყიდობის საგნის მახასიათებლად მითითებულია #... და ქ.ჭიათურაში, ... ქუჩაზე მშენებარე ... რიგის პირველ სართულზე, #...ში განთავსებულ 25 კვადრატულ ფართზე ნ. მ-სა და ა. დ-ეს შორის 2009 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული N... ხელშეკრულების ბათილად ცნობა მისი შედგენის მომენტიდან იმ ნაწილში, სადაც ნასყიდობის საგნის მახასიათებლად მითითებულია #..., ასევე მატერიალური ზიანის - 4000 ლარის ანაზღაურება.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და იგი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნა. მ-ემ.
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის #2/151-17წ. გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებაში მითითებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში ფაქტობრივად მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მოცემულ დავასთან დაკავშირებით არ იარსებებს, რადგანაც, თუ ამოირიცხება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან #... ფართზე მითითება, ფაქტობრივად მხარეს არ ექნება #... ფართთან დაკავშირებით სასამართლოში ნებისმიერი მოთხოვნის წარდგენის უფლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნა. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის - ნა. მ-ის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერში უკვე განხორციელებულია ცვლილების რეგისტრაცია და #... ამოღებულია ნ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ჩანაწერიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა შეეჩერებინა საქმის წარმოება იმ მოტივით, რომ იხილებოდა სამოქალაქო დავა ა. დ-ესა და ნ. მ-ს შორის და ასევე ა. დ-ესა და მ. ყ-ეს შორის გაფორმებული სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან #... ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით ნა. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
2018 წლის 26 ივნისს ნა. მ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც იშუამდგომლა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნა. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებს, რომლებიც დადგენილია 279-ე და 280-ე მუხლებში. 279-ე მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა, ხოლო 280-ე მუხლი საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს უფლებას შეაჩეროს საქმის წარმოება თავისი ინიციატივით ან მხარეთა განცხადებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მითითებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერებისას სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად შეიძლება სხვა საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ იქონიოს არსებითი მნიშვნელობა მოცემული საქმის გადაწყვეტაზე, ანუ საქმის წარმოების შეჩერებამდე უნდა დადგინდეს, თუ რა კავშირია სასამართლოს მიერ განსახილველ კონკრეტულ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება ან სხვა რომელიმე ორგანოს წარმოებაშია, რამდენად გამომდინარეობენ ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების მიღებას საფუძვლად დაედო ნა. მ-ის მიერ საჩხერის რაიონულ სასამართლოში აღძრული სამოქალაქო სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მშენებარე ... რიგის პირველ სართულზე, #... განთავსებულ 25 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე 2009 წლის 25 აპრილს ნოტარიუს ზ. ც-ის მიერ გაფორმებული მ. ყ-ესა და ა. დ-ეს შორის დადებული #1-937 ხელშეკრულების ბათილად ცნობას შედგენის მომენტიდან იმ ნაწილში, სადაც ნასყიდობის საგნის მახასიათებლად მითითებულია #... და ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მშენებარე ... რიგის პირველ სართულზე, #... განთავსებულ 25 კვადრატულ ფართზე ნ. მ-სა და ა. დ-ეს შორის ნოტარიუს ზ. ც-ის მიერ 2009 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული N... ხელშეკრულების ბათილად ცნობას შედგენის მომენტიდან იმ ნაწილში, სადაც ნასყიდობის საგნის მახასიათებლად მითითებულია #... . მოსარჩელე ასევე ითხოვდა ნოტარიუს ზ. ც-ეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა მატერიალური ზიანის - 4000 ლარის ანაზღაურება.
ნ. მ-ის სარჩელისა გამო დაწყებულ ადმინისტრაციული საქმის დავის საგანს კი წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 სექტემბრის #... წერილის ბათილად ცნობა და ჭიათურაში, ... ქუჩაზე არსებულ ... რიგში #... ფართზე (საკადასტრო კოდი #...) ნა. მ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინების კანონიერების შემოწმებისას შესაფასებელია, თუ რამდენად არის ფაქტობრივად და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2006 წლის 14 ოქტომბერს მ. ყ-ესა და ნა. მ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ნა. მ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე, ... რიგის I სართულზე, მშენებარე 27 კვ.მ. #... ... ფართი. აღნიშნული ფართი 2006 წლის 17 ოქტომბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა ნა. მ-ის სახელზე.
2009 წლის 25 აპრილს ა. დ-ემ მ. ყ-ესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მშენებარე ... ფართი - 25 კვ.მ., მდებარე ... რიგის I სართულზე, #..., რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა ა. დ-ის სახელზე.
2009 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ა. დ-ემ ნ. მ-ს მიყიდა ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე ... რიგის I სართულზე, #... განთავსებული 25 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 აგვისტოს #... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ნ. მ-ის საკუთრებად.
კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე ნ. მ-ის მიერ იძულებით იქნა განთავისუფლებული სადავო ფართი და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ნა. მ-ეს.
კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურისა (უფლებამონაცვლე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი) და ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ნა. მ-ის სარჩელი - ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება #... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და 2009 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება - ჭიათურაში, ... ქუჩაზე, ... რიგის I სართულზე, #... არასაცხოვრებელ ფართზე ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი - განაცხადის რეგისტრაციის ნომერი ..., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ... და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნა. მ-ის სარჩელი მითითებულ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ქ.ჭიათურაში, ... ქუჩაზე, ... რიგის I სართულზე, #... არასაცხოვრებელ ფართზე ა. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების განაცხადი #... და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის, საკადასტრო კოდი ..., ბათილად ცნობის ნაწილში - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
2017 წლის 17 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ..., დაზუსტებული ფართობი 1975 კვადრატული მეტრი, ნაკვეთის წინა # ...; ..., სამსართულიანი შენობა საერთო ფართით ... , სართული 1, ფართი 25, ფართი მშენებარე #..., საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელე ნ. მ-ს. უძრავი ნივთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საფუძველია 2009 წლის 22 აგვისტოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ა. დ-ესა და ნ. მ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება N..., საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განჩინება.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ნა. მ-ის სამოქალაქო სარჩელის განხილვისას დამდგარ შედეგს არსებითი მნიშვნელობა აქვს ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის, ვინაიდან, ნა. მ-ისა და ნ. მ-ის სარჩელების საფუძველს ფაქტობრივად საფუძვლად უდევს ნა. მ-ის მიერ გასაჩივრებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, იმ ნაწილში, სადაც ნასყიდობის საგნის მახასიათებლად მითითებულია #.. . ვინაიდან, სწორედ აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს ნ. მ-ისათვის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს და მისი სარჩელებისადმი იურიდიული ინტერესიც ფაქტობრივად მისგან გამომდინარეობს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ თუ დაკმაყოფილდება ნა. მ-ის სამოქალაქო სარჩელი და ბათილად იქნება ცნობილი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები იმ ნაწილში, სადაც ნასყიდობის საგნის მახასიათებლად მითითებულია ქ. ჭიათურაში, ...ქუჩაზე მდებარე მშენებარე ... რიგის I სართულზე, #... განთავსებული 25 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, ფაქტობრივად მხარეს აღარ ექნება #... ფართთან მიმართებაში რაიმე ინტერესი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელები გამომდინარეობენ ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.
ზემოთქმული მსჯელობიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლში სწორედ საქმის წარმოების გაგრძელების შეუძლებლობაზეა დათქმა, რაც განსახილველ შემთხვევაში აშკარად სახეზეა და ამ მოცემულობით სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განაგრძოს საქმის განხილვა სასამართლოს მიერ იმ ფაქტის გარკვევამდე, რაც საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ნა. მ-ის შუამდგომლობას კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3 მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნა. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნა. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება;
3. ნა. მ-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. სილაგაძე