Facebook Twitter

ბს-150-150 (კ-18) 9 ოქტომბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ო-იმ 06.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ხოლო დაზუსტებული სარჩელით მოპასუხეების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 12.12.2015წ. №MOD 7 15 01045737 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ა. ო-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 06.07.2016წ. №MOD 6 16 00000636 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინების) გამოცემის დავალება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, რომლითაც ა. ო-ის დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია, როგორც სამხედრო მოსამსახურეს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 14.07.2016წ. N04/54067 წერილის ბათილად ცნობა, რომლითაც ა. ო-ის უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების წარმოდგენამდე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ა. ო-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 12.12.2015წ. №MOD 7 15 01045737 გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 06.07.2016წ. №MOD 6 16 00000636 გადაწყვეტილება, მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში; დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ თავდაცვის მინისტრის 06.07.2016წ. ბრძანება ა. ო-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებულია ზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოკვლეული იქნა ა. ო-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი და შესწავლილი იქნა დამატებითი გარემოებები და მტკიცებულებები. აღნიშნული ყველა გარემოების შეჯერებისა და ურთიერთშეფასების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ა. ო-ისათვის წარდგინების გაცემაზე უარის თქმის შესახებ. კასატორი თვლის, რომ "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 7.8 მუხლის შესაბამისად ა. ო-ის მიმართ კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინების გაცემისას გამოყენებულ უნდა იქნეს "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის 16.1 მუხლის მოთხოვნები, რომლის შესაბამისადაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის 5.2 მუხლის "ა", "დ1", "ე", "ვ" და "ლ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთა შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან, ხოლო აღნიშნული მუხლის "ე" ქვეპუნქტი ითვალისწინებს სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს. "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-17 მუხლი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრეს შემოფარგლავს მხოლოდ ოფიცრებით, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით(კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, თუ მათ შესაძლებლობა შეეზღუდათ სამხედრო და ოპერატიული სამსახურის პერიოდში. "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის 17.4 მუხლით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის დადგენის გამო კომპენსაციის დაანგარიშების წესი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ საკონტრაქტო(პროფესიული) და კადრის სამსახურის სამხედრო მოსამსახურისათვის კომპენსაციის გაანგარიშებას, რომელთა შემადგენლობასაც ა. ო-ი არ განეკუთვნება, ვინაიდან ამავე კანონის 8.1 მუხლის "ა" ქვეპუქტით კომპენსაცია ენიშნება იმ პირობით, თუ ისინი სამხედრო სამსახურში მსახურობდნენ როგორც საკონტრაქტო(პროფესიული) ან კადრის სამხედრო მოსამსახურეები, განეკუთვნებიან უმცროსი, საშუალო, უფროსი, უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებს ან უმცროსი, უფროსი ოფიცრების ან უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობას. კასატორი აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვეთილი იქნა ის პრობლემატური სამართლებრივი საკითხი, რომელიც შეეხება "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის მე-17 და მე-8 მუხლებს, რომლებიც განსაზღვრავენ კომპენსაციის ოდენობას და არ შეიცავენ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიმართ კომპენსაციის გაანგარიშების წესს. აღნიშნული საკითხი სცდება თავდაცვის სამინისტროს პრობლემას და გადადის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უფლების მქონე ადმინისტრაციულ ორგანოს კომპეტენციაში, რომელიც ასევე ეთანხმება, რომ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებზე გაანგარიშების წესი გათვალისწინებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ უზენაეს სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინებები (სუს 30.11.2017წ. განჩინება Nბს 774-770(2კ-17); სუს 20.04.2017წ. განჩინება Nბს-170-168(კ-17)) "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეთა კომპენსაციით უზრუნველყოფის შესახებ, უზენაეს სასამართლოს არცერთ განჩინებასა და გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრის განსაზღვრაზე, ექვემდებარებიან თუ არა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები კომპენსაციით უზრუნველყოფას "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" კანონისა და "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის ნორმებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სასკ-ის 34.3 მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტა ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ა. ო-ი 1992 წელს ოქტომბრის თვეში ნებაყოფლობით შევიდა, ხოლო 15.11.1992წ. სოხუმის სამხედრო კომისარიატის მიერ გაწვეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგებში და ჩაირიცხა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ ბატალიონში. ასევე დადგენილია, რომ ა. ო-იმ აფხაზეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს 27.10.1993წ. სოფელ აჩადარასთან მიმდინარე ბრძოლის დროს ნაღმის აფეთქების შედეგად დაკარგა მარჯვენა ფეხი. იგი არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და პირველი ჯგუფის ინვალიდი. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.10.2014წ. გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა ა. ო-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა 1992 წლის 15 ნოემბრიდან 1993 წლის 27 ივლისამდე, როგორც სამხედრო მოსამსახურის, რომელიც მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და გათავისუფლდა 1993 წლის 27 ივლისს. საკასაციო საამართლო მიუითითებს "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-17 მუხლზე, რომლის მიხედვითაც ამავე კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულ სამხედრო მოსამსახურეებს შეზღუდული შესაძლებლობის გამო სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ მათ შესაძლებლობა შეეზღუდათ სამხედრო ან ოპერატიული სამსახურის პერიოდში. ამავე კანონის მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა არის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძველი. აღნიშნულ საკითხს არეგულირებს ასევე "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონი, კერძოდ მე-16.1. მუხლის მიხედვით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის 5.2 მუხლის "ა", "დ1", "ე", "ვ" და "ლ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთა შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან, ხოლო 5.2 მუხლის "ე" ქვეპუნქტი ითვალისწინებს სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის საკასაციო საჩივრის საფუძველები დამყარებულია იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებზე კომპენსაციის გაანგარიშების წესი, რის გამოც ადიმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ვერ ხდება საკითხის გადაწყვეტა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული საკითხის მოწესრიგება სცილდება დავის განხილვის ფარგლებს და წარმოადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოთა კომპეტენციას, ხოლო განსახილველ საქმეში არსებითია ის საკითხი, თუ რამდენად წარმოადგენს ა. ო-ი კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სუბიექტს. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის განხილვისას არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული ყველა გარემოება, მათ შორის მნიშვნელოვანია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.10.2014წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ო-ი აღიარებულია სამხედრო მოსამსახურედ, რომელიც 23-ე მექანიზირებული ბრიგადის გაუქმების შედეგად დათხოვნილად ჩაითვალა ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხა თადარიგში. "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის 5.2 მუხლის "ე" ქვეპუნქტის მიხედვით სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს შეზღუდული შესაძლებლობის გამო სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ მათ შესაძლებლობა შეეზღუდათ სამხედრო ან ოპერატიული სამსახურის პერიოდში. უდავოა, რომ ა. ო-ის შესაძლებლობის შეზღუდვა დაკავშირებულია სწორედ სამხედრო სამსახურის პერიოდთან. საკასაციო პალატა მიუთითებს "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 1-ელ მუხლზე და აღნიშნავს, რომ ა. ო-ი მიეკუთვნება ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილ კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრეს. ამდენად ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს ა. ო-ის, როგორც სამხედრო მოსამსახურის, კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სუბიექტად მიჩნევის საკითხის სრულყოფილად განხილვა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ იქნა გათვალისწინებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.10.2014წ. გადაწყვეტილება, საქმესთან დაკავშირებით არსებული ყველა გარემოება და მასალები, ხოლო მოტივი თუ რატომ არ გაიზიარა ისინი ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებულ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი