Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-1185(კს-18) 12 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შევამოწმე ე. კ-ას კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილებაზე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს მესტიის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 15 ივნისის დადგენილებით ე. კ-ა ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმის გადახდა 1000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული დადგენილება საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონულმა სამმართველომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონულმა სამმართველოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ე. კ-ას 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. კ-ამ.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის და გასაჩივრებული დადგენილების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-ას კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

აღნიშნული მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. კ-ას კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილების გაუქმების თაობაზე დაუშვებელია, ვინაიდან ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს მესტიის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 15 ივნისის დადგენილებაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა ზემდგომმა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, რომლის დადგენილებაც წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რაზედაც მიუთითებს თავად გასაჩივრებული განჩინება. აღნიშნულის მიუხედავად, ე. კ-ამ კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილებაზე.

ანალოგიურ საკითხზე საკასაციო სასამართლოს მიღებული აქვს არაერთი განჩინება (სუსგ 13.07.2018წ. საქმე №ბს-802(კს-18), 22.04.2016წ. #ბს-294-292(კ-16) და სხვ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. კ-ას კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილების გაუქმების თაობაზე დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. კ-ას ე. კ-ას კერძო საჩივარზე 13.09.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გ. კ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ე. კ-ას კერძო საჩივარზე 13.09.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. კ-ას კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. გ. კ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ე. კ-ას კერძო საჩივარზე 13.09.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი