Facebook Twitter

gancxadebis gansjadi sasamarTlosaTvis gadacemis Sesaxeb

საქმე #ზ-715-7(ა-18) 18 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ ი.თ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობა

განმცხადებლის მოთხოვნა _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.2018წ. Nბს-60-60(კ-18) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. თ-ამ 25.09.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის მიმართ ზიანის - 5112075 აშშ დოლარის ან 3637196,43 ევროს ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.09.2015წ. განჩინებით ი. თ-ას უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ი. თ-ას მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.03.2016წ. განჩინებით ი. თ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.09.2015წ. განჩინება და ი. თ-ას სარჩელი დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.10.2016წ. განჩინებით საქმე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.03.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. თ-ას მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.2018წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის 14.11.2017წ. განჩინება.

საკასაციო სასამართლოს 08.10.2018წ. განცხადებით მომართა ი. თ-ამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.2018წ. განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ი.თ-ას განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.თ-ას განცხადება განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება არა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რადგან ი.თ-ას სასარჩელო მოთხოვნაზე არსებითად იმსჯელა და სარჩელი არ დააკმაყოფილა სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლომ. მართალია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა და ი. თ-ას საჩივრებზე იმსჯელეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმაც, თუმცა მათ არ შეუცვლიათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით ი.თ-ას უნდა მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიისათვის, ანუ სასამართლოსთვის, რომელმაც არსებითად იმსჯელა განსახილველ საკითხებზე და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.თ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი