Facebook Twitter

ბს-956-952 (კ-18) 08 ნოემბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. მ-ე

დავის საგანი – სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის გაჭიანურების გამო ზიანის

ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2017წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

16.03.2015წ. გ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, 01.04.2013წ.- 01.10.2014წ. მიუღებელი კომპენსაციის თანხის, 1481 ლარის და საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 300 ლარის, ანაზღაურების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1991 წლიდან აღებდა სამხედრო პენსიას, როგორც ყოფილი საბჭოთა არმიის ზემდეგი (პრაპორშიკი). 1993 წლის სექტემბერში ის გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მას მიენიჭა ლეიტენანტის წოდება. 1996 წელს, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან, რის შემდეგ 2004 წლამდე ხელშეკრულების საფუძველზე ის აგრძელებდა სამსახურს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2004 წლის ნოემბერში მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მას დაენიშნა კომპენსაცია როგორც ზემდეგს და არა ლეიტენანტს. ოფიცრების კომპენსაციის ოდენობის მატებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ 03.01.13წ. განცხადებით მიმართა ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრს, რომლითაც ითხოვდა ეცნობებინათ თუ რა საბუთი იყო საჭირო კომპენსაციის გადასაანგარიშებლად. პასუხად განემარტა, რომ საჭირო იყო თავდაცვის სამინისტროდან დოკუმენტაციის წარმოდგენა. გ. მ-ემ განცხადებით მიმართა სამინისტროს, განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 16.06.2005წ. №3/2296 გზავნილით წარდგენილი იყო წელთა ნამსახურობის გაანგარიშება ერთიან სახელმწიფო ფონდში და განმეორებით დოკუმენტს მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოთხოვნის შემდეგ წარადგენდნენ. სააგენტოსადმი მრავალგზის მიმართვის მიუხედავად, სააგენტო მიუთითებდა, რომ არ ევალებოდა თავდაცვის სამინისტროდან წელთა ნამსახურობის ანგარიშის გამოთხოვა.

გ. მ-ემ 23.07.14წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და კუთვნილი კომპენსაციის დანიშვნის საკითხში დახმარება მოითხოვა. აღნიშნულის შემდეგ მოხდა წელთა ნამსახურობის ანგარიშის გამოთხოვა. 2014 წლის 1 ოქტომბრიდან გ. მ-ეს დაენიშნა კუთვნილი კომპენსაცია, როგორც 24 წლის ნამსახურობის მქონე ლეიტენანტს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ დროულად არ დაუნიშნა კუთვნილი ოდენობის კომპენსაცია, რის შედეგადაც მიადგა ზიანი 2013 წლის პირველი ოქტომბრიდან 2014 წლის პირველ ოქტომბრამდე 1482 ლარის ოდენობით. სზაკ-ის 208-ე, 209-ე, სკ-ის 408-ე, 412-ე, 414-ე მუხლებზე მითითებით მოსარჩელემ მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა 01.04.2013წ.-01.10.2014წ. მიუღებელი კომპენსაციის თანხის, 1481 ლარის ანაზღაურება გ. მ-ის სასარგებლოდ. საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-ე ზღვრული ასაკის გამო დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან. ნამსახურობის გამო სამხედრო მოსამსახურის პენსიის გამოანგარიშების მიხედვით, გ. მ-ის საერთო ნამსახურობა სამხედრო წოდებით - ზემდეგი (პრაპორშიკი), შეადგენს 20 წელს, 8 თვესა და 25 დღეს. გ. მ-ე 2005 წლიდან იღებს ზემდეგის კუთვნილ სახელმწიფო კომპენსაციას. თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. მ-ეს მინიჭებული აქვს ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

გ. მ-ემ 03.01.2013წ. განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფოებრივი პენსიის დასანიშნად საჭირო დოკუმენტაციის თაობაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის 15.01.2013წ. №04-06-01/476 წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, პირადობის მოწმობა, ბრძანება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, წელთა ნამსახურების ნუსხა/გაანგარიშება და შესაბამისი უწყების ფულადი ატესტატი. წარდგინების დასამზადებლად უნდა მიემართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის. 11.02.2013წ. გ. მ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს და აღნიშნა, რომ დანიშნული კომპენსაცია არ შეესაბამებოდა წოდებას და ნამსახურობის სტაჟს. აღნიშნულის გამო განმცხადებელმა მოითხოვა სოციალური მომსახურების სააგენტოში კუთვნილი პენსიის დასანიშნად წარდგინების გაგზავნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 30.05.2014წ. №MOD 8 14 00329771 მიმართვით ეცნობა, რომ მისი წელთა ნამსახურობის ანგარიში ერთიან სახელმწიფო ფონდში 16.06.2005წ. №პ-2296 წერილით იყო გაგზავნილი. იმ შემთხვევაში, თუ წელთა ნამსახურობის ანგარიში ვერ მოიძებნა სოციალური მომსახურების სააგენტოში, წელთა ნამსახურობის ანგარიში ხელმეორედ გაიგზავნებოდა მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე. 26.02.2013წ. გ. მ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრს და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითებით, გ. მ-ის წელთა ნამსახურობის ანგარიში გადაგზავნილია სააგენტოში და ხელმეორედ გადაგზავნა მოხდება მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე. ამდენად, განმცხადებელმა თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვა ითხოვა. 16.04.2013წ. გ. მ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრს, განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა წოდების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, განმცხადებელმა მოითხოვა თავდაცვის სამინისტროდან წელთა ნამსახურობის ანგარიშის გამოთხოვა და კომპენსაციის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის 16.07.2014წ. №04-06-01/6480 წერილის თანახმად, განხილული იქნა გ. მ-ის განცხადება, რომელიც შეეხებოდა სტაჟში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები პერიოდის ჩათვლის საკითხს. აღნიშნულის თაობაზე განმცხადებელს ეცნობა, რომ სტაჟის გადაანგარიშების მიზნით, ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრში დამატებით უნდა წარედგინა თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული წარდგინება და ნამსახურები წლების დამადასტურებელი დოკუმენტი (წელთა ნამსახურობის ნუსხა). 25.04.2014წ. და 09.06.2014წ. გ. მ-ემ განცხადებებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, განმცხადებელმა კუთვნილი პენსიის გაანგარიშებაში დახმარების მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის გაანგარიშების გამოთხოვა და ოფიცრისთვის განკუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების 02.07.2014 წ. №04/56120 წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრს განსახილველად გაეგზავნა გ. მ-ის განცხადება ბენეფიციარის წელთა ნამსახურობის სტაჟში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები პერიოდის ჩათვლის საკითხის თაობაზე და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გ. მ-ის სახელმწიფო კომპენსაციის საქმის შესწავლა და სამართლებრივად დასაბუთებული პასუხის გაცემა, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან ბენეფიციარის წელთა ნამსახურობის ნუსხის გამოთხოვა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტისთვის. 05.08.2014წ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ №04/66755 წერილით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსს და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის ხელახლა დანიშვნის უზრუნველყოფის მიზნებისათვის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, თადარიგის ლეიტენანტის, გ. მ-ის წარდგინების, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ნამსახურობის შესახებ ინფორმაციისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან მისი დათხოვნის შესახებ ბრძანების ამონაწერის გადმოგზავნა მოითხოვა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 19.08.2014 წ. №MOD 4 14 00534986 მიმართვით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გაეგზავნა რეზერვის ლეიტენანტ გ. მ-ის წელთა ნამსახურობის ანგარიში და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.03.1996წ. №165 ბრძანების ამონაწერი. 27.08.2014წ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს №04/71741 წერილით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს ეთხოვა გადმოგზავნილი ინფორმაციის დაზუსტება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 16.09.2014წ. №04/75790 წერილით ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრს განსახილველად გაეგზავნა საქართველოს შეიარაღებული ძალების j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი, გ. მ-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის შესახებ ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები. ადმინისტრაცულ ორგანოს ეთხოვა კიდევ ერთხელ დეტალურად გადაემოწმებინა სოციალური მომსახურების ცენტრში დაცული გ. მ-ის საქმე და შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება ბენეფიციარის წელთა ნამსახურობაში შესაძლო ცვლილებების შეტანისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების გათვალისწინებით სახელმწიფო გასაცემლის ხელახლა დანიშვნის თაობაზე.

23.07.2014წ. და 25.12.2014წ. გ. მ-ემ ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სზაკ-ის 208-ე და 209-ე მუხლების, სასკ-ის 23-ე მუხლის II ნაწილის და სსსკ-ის 408.1, 412-ე და 414-ე მუხლების თანახმად მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსგან 2013 წლის აპრილიდან 2014 წლის ოქტომბრამდე მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის 19.12.2014წ. №04-06-01/10648 წერილით გ. მ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტიდან გადაგზავნილი დოკუმენტებიდან გამომდინარე, 2014 წლის ოქტომბრიდან მოხდა გადაანგარიშება ოფიცრის წოდების მიხედვით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის 26.12.2014წ. გადაწყვეტილებით მოხდა გ. მ-ის ნამსახურობის სტაჟის ცვლილება, წოდებად მიეთითა ლეიტენანტი, ნამსახურობის სტაჟი -24 წელი, კომპენსაციის ოდენობად მიეთითა 270 ლარი. გ. მ-ეს ასევე აუნაზღაურდა წინა პერიოდის თანხა 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.03.2015წ. №04/21371 გადაწყვეტილებით გ. მ-ეს უარი ეთქვა 2013 წლის აპრილიდან 2014 წლის ოქტომბრამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2009წ. №2/3/423 და საკასაციო სასამართლოს 10.04.2014წ. №ბს-648-623(2კ-13) გადაწყვეტილებებზე, სზაკ-ის 207-209-ე მუხლებზე, სკ-ის 1005-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მატერიალური ზიანის სახით 1482 ლარის ანაზღაურება. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 23.1, 26.1 მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ №2 დანართის 2.1, 7.1, 15.1 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო, განაცხადისა და მასზე დართული შესაბამისი უწყების წარდგინების საფუძველზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმეზე, რომ მოსარჩელე გ. მ-ე 2005 წლიდან იღებს სახელმწიფო კომპენსაციას ზემდეგისათვის განკუთვნილი ოდენობით. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით ცალსახადაა დადგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, რომელთა შორისაა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს წარდგინება. მართალია, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის გ. მ-ეს უნდა წარედგინა, მაგრამ მის მიერ თავდაცვის სამინისტროსათვის მიმართვისას, განმარტებულ იქნა, რომ ერთხელ უკვე გადაგზავნილი იყო ინფორმაცია შესაბამის ორგანოში და განმეორებით გადაიგზავნებოდა მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე. ამდენად, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის წარედგინა წელთა ნამსახურობის ანგარიში. სწორედ აღნიშნულის გამო, გ. მ-ემ არაერთხელ მიმართა განცხადებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ინფორმაციის გამოთხოვა ითხოვა, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ 2014 წლის 5 და 27 აგვისტოს იქნა გამოთხოვილი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 02.07.2014წ. №04/56120 წერილით ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრს მიეცა მითითება, რომ საჭიროების შემთხვევაში, გამოეთხოვა ინფორმაცია. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეეძლო დაედგინა გ. მ-ისადმი „ლეიტენანტის“ სამხედრო წოდების კუთვნილება. ამასთან, საქმეში დაცული საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 16.06.2005წ. №პ-2296 წერილში, რომელიც გაეგზავნა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, აღნიშნულია „ლეიტენანტი“ გ. მ-ე.

სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო ხელისუფლების ინსტიტუტების უმნიშვნელოვანეს ამოცანაა მოქალაქეთა კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვა, მოქალაქისთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაუცემლობა, არ წარმოადგენს პირისთვის კანონით მინიჭებულ უფლებათა გამოყენების შემზღუდველ გარემოებას, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოთა სამართლებრივი ბუნებიდან, მასშტაბიდან და საჯარო მიზნებიდან გამომდინარე, მათ უნდა უზრუნველყონ მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვა, როდესაც, ერთის მხრივ, მოქალაქე მიუთითებს მტკიცებულების წარდგენის შეუძლებლობაზე და, მეორეს მხრივ, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს გაცემული პასუხებიდან იკვეთება ასეთი მიმართვის საჭიროება. ვინაიდან დასტურდება 2005 წელს თავდაცვის სამინისტროს მიერ გ. მ-ის თაობაზე მასალების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადმოგზავნა, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალების დროული სრულყოფილად შესწავლა და კიდევ ერთხელ გადახედვა შესაძლებელს გახდიდა მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციის კუთვნილი ოდენობით დანიშვნას.

სასამართლომ მიუთითა სზაკ-ის 96-ე, 53-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გ. მ-ის პირადი საქმის ყოველმხრივ და სრულყოფილად შესწავლის პირობებში ჰქონდა სრული საფუძველი და შესაძლებლობა, დაედგინა მისი სამხედრო წოდება და ნამსახურობის ვადა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გამოეთხოვა ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისაგან. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკისრებული ვალებულებების ჯეროვნად შესრულების, საქმის ყოველმხრივ და სრულყოფილად შესწავლის შემთხვევაში, მოსარჩელე 2013 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ ოქტომბრამდე მიიღებდა სახელმწიფო კომპენსაციას 24 წლის ნამსახურობისთვის, როგორც ლეიტენანტი, თუმცა იგი ამ პერიოდში იღებდა ზემდეგისათვის განსაზღვრულ კომპენსაციას.

სასამართლომ მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.03.2016წ. №04/22293 წერილზე, რომლის შესაბამისად, 2013 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 1 სექტემბრამდე, 65 წლის ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა ზემდეგისთვის (პროპორშიკი), რომელსაც გააჩნია 21 წლიანი ნამსახურობის სტაჟი, შეადგენს 835 ლარს 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე - 2688 ლარს. 2013 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 1 სექტემბრამდე, 65 წლის ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა ლეიტენანტისთვის, რომელსაც გააჩნია 24 წლიანი ნამსახურობის სტაჟი, შეადგენს 1225 ლარს; 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე - 3780 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ ოქტომბრამდე კუთვნილი ოდენობის სახელმწიფო კომპენსაციის მიუღებლობით მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი 1482 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაკისრებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.

სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ იურიდიული მომსახურების თაობაზე შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, პირველი ინსტანციის სასამართლოში მომსახურების საფასური შეადგენს 200 (ორას) ლარს და აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება ადვოკატის მომსახურებისთვის ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა 300 ლარის ოდენობით გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება დავის საგანთან დაკავშირებით.

განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 5.1, 26-ე მუხლებზე, „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლზე და აღნიშნავს, რომ განცხადებას კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. სამხედრო ორგანოებიდან დათხოვნილი პირის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/ გაანგარიშება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროა ვალდებული მოამზადოს და გასცეს წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, ხოლო გ. მ-ეს ნუსხა/გაანგარიშება უნდა წარედგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის. მოსარჩელე იყო ვალდებული მოეხდინა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა, კანონიერი უფლების რეალიზაციაში ხელის შეშლის შემთხვევაში მას სათანადო მოპასუხის მიმართ უფლების სამართლებრივი წესით დაცვა უნდა მოეხდინა. დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიადგა ზიანი გ. მ-ეს. სააგენტოს ბრალი არ დასტურდება, გასაჩივრებული განჩინება დავის საგანთან დაკავშირებით არის დაუსაბუთებელი.

საკასაციო პალატის 17.05.2018წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და სსკ-ის 408.3 მუხლის საფუძველზე განხილული იქნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინების და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ გ. მ-ე ზღვრული ასაკის გამო დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან. გ. მ-ეს 2005 წლიდან დანიშნული აქვს ზემდეგის კუთვნილი სახელმწიფო კომპენსაცია, რაც გაანგარიშებული იყო ნამსახურობის 20 წელსა და 8 თვეზე. სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განსხვავდება როგორც სამხედრო წოდების, ისე ნამსახურების წლების მიხედვით. გ. მ-ე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი შეტანილი განცხადებებით მოითხოვდა სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების და წოდების გათვალისწინებით. საქართველოს შეიარაღებული ძალებში ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 2 წელსა და 11 თვეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 13.08.1993წ. №1182 ბრძანებით გ. მ-ეს მიენიჭა ლეიტენანტის წოდება (ს.ფ. 33). 1996 წლის 1 მარტიდან 2002 წლის 30 ოქტომბრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გ. მ-ე ირიცხებოდა სამოქალაქო პირის სტატუსით, საიდანაც განთავისუფლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს 29.10.2002წ. №2781 ბრძანებით. სამოქალაქო პირის სტატუსით სამინისტროს სისტემაში ყოფნის პერიოდი არ ჩაითვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში. სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია მისი ნამსახურობის 24 წლიანი სტაჟი და ლეიტენანტის წოდება. გ. მ-ეს აუნაზღაურდა კომპენსაციის თანხებს შორის 01.10.14წ.-31.12.2014წ. მიუღებელი სხვაობა.

გ. მ-ისათვის 2005 წლიდან დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია გაანგარიშებული იყო ნამსახურობის 20 წელსა და 8 თვეზე, ზემდეგის (პრაპორშიკის) წოდების მიხედვით. გ. მ-ე სადავოდ არ ხდის მისთვის 2013 წლის 01 აპრილამდე მიღებული კომპენსაციის ოდენობის სისწორეს. გ. მ-ის მოთხოვნა ეხება 2013 წლის 01 აპრილიდან 2014 წლის 01 ოქტომბრამდე მიუღებელი კომპენსაციის სხვაობის გაცემის დავალებას, სხვაობის ათვლა სასარჩელო განცხადების თანახმად იწყება გ. მ-ის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი მიმართვის დღიდან (01.04.2013წ.), რომლითაც იგი ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიმართვის გაგზავნას ახალი ნამსახურობის ნუსხის გამოთხოვის თაობაზე. სზაკ-ის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 922-ე მუხლი ადგენს, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. მ-ეს დანიშნული ჰქონდა კომპენსაცია კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით („სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხ. „ა“ ქვეპ.). აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის განცხადებით მიმართვის გზით (6.3. მუხ.). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15.1 მუხლის თანახმად განცხადებას კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელსაც თან უნდა ახლდეს ყველა საჭირო დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სამხედრო ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილი პირის კომპენსაციის დანიშვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა. ამდენად, კანონმდებლობა განსაზღვრავს კომპენსაციის მაძიებლის მიერ მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის („სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 26-ე მუხ.) და არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დოკუმენტაციის მოძიების ვალდებულებას. შესაბამისად, ლეიტენანტის სამხედრო წოდების და 24 წლიანი ნამსახურობის სტაჟის მიხედვით სახელმწიფო კომპენსაციის განსაზღვრისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება გ. მ-ეს ეკისრებოდა, მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ სსიპ სოციალური მომსახურობის სააგენტოს მიერ კომპენსაციის ოდენობის ავტომატურად გადაანგარიშების ვალდებულებას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. მ-ე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტროს 10.02.2006 წ. № 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 15.2 მუხლით გათვალისწინებულ კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტაციის გამცემი ორგანოა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც ეკისრებოდა წელთა ნამსახურობის ნუსხის /გაანგარიშების შედგენის ვალდებულება. აღნიშნულის თაობაზე განემარტა გ. მ-ეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ (15.01.13წ. წერილი, ს.ფ.21,22).

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის 15.01.2013წ. №04-06-01/47ნ წერილით გ. მ-ის წარმომადგენელს მართებულად განემარტა, რომ წელთა ნამსახურობის და წარდგინების შედგენისათვის უნდა მიემართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის (ს.ფ. 21). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება. სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის აუცილებელია განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება და სხვა დოკუმენტაცია. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პერიოდისათვის (01.04.13წ. - 01.10.14წ.) გ. მ-ისათვის ლეიტენანტის წოდებისა და 24 წლიანი ნამსახურობის სტაჟის მიხედვით სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება დავას არ იწვევს, ამ მონაცემების მიხედვით გ. მ-ეს სადღეისოდ უკვე დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია, სადავოა 01.04.13წ. - 01.10.14წ პერიოდში გაცემულ და კუთვნილ კომპენსაციებს შორის სხვაობის გაუცემლობის მიზეზები და კუთვნილი თანხის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

ზოგადი წესის მიხედვით ზიანი სრულად უნდა აანაზღაუროს მისმა მიმყენებელმა, მან უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღურების მავალდებელი გარემოება. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს დელიქტურ ნორმებზე (საზკ-ის 207-ე, 208-ე, სკ-ის 408-ე, 412-ე, 414-ე მუხ.), მოთხოვნის საფუძველი ეხება კუთვნილი მიუღებელი კომპენსაციის თანხის ანაზღაურებას, რომლის გაცემის ვალდებულება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სოციალური მომსახურების ორგანოების უფლებამოსილებას განეკუთვნება („სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-9 მუხ.; „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხ. „თ“ ქვ.პ., 24-ე მუხ.; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-2 მუხ., მე-15 მუხ.). უსაფუძვლო გამდიდრება არის არა მხოლოდ შეძენა, არამედ სხვა პირის ხარჯზე ფულადი სახსრების კანონიერი საფუძვლის გარეშე დაზოგვა, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს სხვა პირის მოქმედებას/უმოქმედებას. კომპენსაციის მოთხოვნა შესაძლოა იქნეს მიჩნეული 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ საკუთრებად (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18.11.2004წ. დადგენილება საქმეზე „პრავედნაია (Pravednaya) რუსეთის წინააღმდეგ“, §38). პირი, რომელმაც უსაფუძვლოდ შეიძინა ან დაზოგა ქონება სხვა კრედიტორის ხარჯზე, ვალდებულია დაუბრუნოს უკანასკნელს უსაფუძვლოდ შეძენილი ან დაზოგილი ქონება. ვინაიდან სახელმწიფო კომპენსაციის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო არის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მისი არასათანდო მოპასუხეობის შესახებ და თვლის, რომ სააპელაციო პალატას არ დაურღვევია სსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნა, არ არსებობდა საქმეზე მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეცვლის საფუძველი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. მ-ის 29.05.14წ. განცხადების პასუხად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 30.05.2014წ. № MOD 8 14 00329771 წერილით გ. მ-ეს ეცნობა, რომ წელთა ნამსახურობის ანგარიში საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ნამსახურობის შესახებ გადაიგზავნა ერთიან სახელმწიფო ფონდში 16.06.2005წ. №პ-2296 წერილით, განმცხადებელს ეცნობა აგრეთვე, რომ თუ წელთა ნამსახურობის ანგარიში არ იძებნება სოციალური მომსახურების სააგენტოში, ხელმეორედ წელთა ნამსახურობის ანგარიში მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე გაიგზავნება. 26.02.13წ. და 16.04.2013წ. განცხადებებით გ. მ-ემ სოციალური მომსახურების ტერიტორიულ ორგანოს - ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრს აცნობა თავდაცვის სამინისტროს პასუხის შესახებ და მოთხოვა ცენტრს წელთა ნამსახურობის ანგარიშის მისაღებად შესაბამისი წარდგინების გაგზავნა თავდაცვის სამინისტროში. ანალოგიური განცხადებებით (25.04.2014წ. და 09.06.2014წ.) გ. მ-ემ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მოკლებული იყო სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ გ. მ-ემ არაერთგზის მიმართა განცხადებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვის მოთხოვნით. ცენტრს თავდაცვის სამინისტროსთვის არ მიუმართავს, ხოლო სააგენტომ შეიარაღებული ძალების გენშტაბის j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტისადმი მიმართვები (05.08.2014წ. №04/66755 და 27.08.2014წ. №04/71741) გააგზავნა გ. მ-ის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის შემდეგ.

საქმეში დაცული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 16.06.2005წ. №პ-2296 წერილში, რომელიც გაეგზავნა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, აღნიშნულია გ. მ-ისათვის მინიჭებული წოდება - „ლეიტენანტი“ (ს.ფ.117). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 02.07.2014წ. №04/56120 წერილით ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრს განსახილველად გაეგზავნა გ. მ-ის განცხადება ბენეფიციარის წელთა ნამსახურების სტაჟში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები პერიოდის ჩათვლის საკითხის თაობაზე. წერილით ადგილობრივ სამსახურს დაევალა ზ. მ-ის სახელმწიფო კომპენსაციის საქმის შესწავლა და სამართლებრივად დასაბუთებული პასუხის გაცემა განმცხადებლისათვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან წელთა ნამსახურობის ნუსხის გამოთხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 16.09.2014წ. №04/75790 წერილით ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრს დამატებით დაევალა ცენტრში დაცული გ. მ-ის საქმის მასალების დეტალური შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გ. მ-ის საქმის მასალების დროული და სრულყოფილი შესწავლის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა გ. მ-ისათვის საოფიცრო წოდების მიხედვით სახელმწიფო კომპენსაციის კუთვნილი ოდენობის დანიშვნა. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გენერალური შტაბის j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 16.07.2005წ. №პ-2296 წერილი სოციალური მომსახურების ორგანოს არ მიუღია. საქმეში დაცულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.03.2015წ. №04/21371 გადაწყვეტილებაში, რომლითაც გ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სააგენტო თავად აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 16.06.2005წ. გადმოგზავნილი დოკუმენტი დაცულია სააგენტოს არქივში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოფიციალური მიმართვის მოთხოვნა არ წარმოადგენს პირისათვის კანონით მინიჭებული უფლების შეზღუდვის საფუძველს. მტკიცებულების წარმოდგენის შეუძლებლობის შესახებ მოქალაქის მითითების მიუხედავად, სოცუზრუნველყოფის ორგანომ დროულად არ მიიღო ზომები ინფორმაციის გამოსათხოვად. იმის გათვალისწინებით, რომ სოცუზრუნველყოფის ორგანოსათვის ცნობილი იყო განმცხადებლის მიერ საჭირო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის მიზეზი და დროულად არ მიმართა მოთხოვნილი შუამდგომლობით სამინისტროს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უხეში გაუფრთხილებლობის გამო სოცუზრუნველყოფის ორგანოსათვის უცნობი იყო განმცხადებლის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებისთვის საჭირო მონაცემები, შესაბამისად დაზოგილის უკან დაბრუნებისას უნდა იქნეს გამოყენებული არა უსაფუძვლო გამდიდრების (კონდიქციის), არამედ დელიქტური ვალდებულებების წესები და შესაბამისად კასატორს მართებულად დაეკისრა განცხადების შეტანიდან (01.04.2013წ.) კომპენსაციის გადაანგარიშებამდე სხვაობის ანაზღაურების ვალდებულება.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე, 53-ე მუხ.). ამდენად, ადმინისტრაციული პროცედურა ავალდებულებდა სოცუზრუნველყოფის ორგანოს დახმარება აღმოეჩინა განმცხადებლისათვის დოკუმენტაციის მოპოვებაში, მით უფრო, რომ სახელმწიფო კომპენსაცია გ. მ-ისათვის წარმოადგენდა ძირითად სარჩოს. მხარის მიერ დოკუმენტაციის გამოთხოვის შეუძლებლობის შემთხვევაში პროცედურის ინკვიზიციური ხასიათი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს მიიღოს ზომები საკითხის ობიექტური გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. პროცესის ინკვიზიციურობა არ ათავისუფლებს განმცხადებელს მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებისაგან, თუმცა მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება გ. მ-ის უმოქმედობა. იმის გათვალისწინებით, რომ გ. მ-ემ არაერთი განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც ატყობინებდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო ნამსახურობის ნუსხის მიღება, ადმინისტრაციული წარმოების ინკვიზიციური საწყისებიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების ორგანო ვალდებული იყო დახმარებოდა გ. მ-ეს ნამსახურობის ნუსხის მოპოვებაში, მას უნდა გამოეჩინა ინიციატივა და რეაგირება მოეხდინა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნაზე, მიემართა დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობით თავდაცვის სამინისტროსთვის, რაც სააგენტომ განახორციელა გ. მ-ის მიერ ზემდგომ ინსტანციებში საჩივრების შეტანის შედეგად. შექმნილ ვითარებაში, განმცხადებლის მიერ მიმართვის მიუხედავად დოკუმენტაციის გაუცემლობისა და განმცხადებლის მიერ კომპენსაციის მიღების უფლების რეალიზაციის შეუძლებლობის გათვალისწინებით, სოციალური დაცვის სამართალწარმოებაში აუცილებელი განსაკუთრებული კეთილსინდისიერების, აგრეთვე ეფექტურობის და ეკონომიის მოთხოვნის (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 24.06.1993წ. №14518/89 გადაწყვეტილება საქმეზე „შულერ-ზგრაგენი შვეიცარიის წინააღმდეგ“ ((Schuler-Zgraggen v. Switzerland §58); 12.11.02წ. №28394/95 გადაწყვეტილება „დორი შვედეთის წინააღმდეგ“ (Döry v. Sweden §41 )), სოციალური უზრუნველყოფის მიღების სახელმწიფო გარანტიების („სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ. „დ“ ქვ.პ.) გათვალისწინებით, კომპენსაციის გადაანგარიშების საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციის გამოსათხოვად სოცუზრუნველყოფის ორგანოს დროულად მიმართვა იყო სააგენტოს არა კეთილი ნების გამოჩენა, არამედ ვალდებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გ. მ-ე სადავო პერიოდში (01.04.2013წ. - 01.1-.2014წ.) მიიღებდა ახალი მონაცემების მიხედვით (წოდება - ლეიტენანტი, ნამსახურობის სტაჟი - 24 წელი) გადაანგარიშებულ სახელმწიფო კომპენსაციას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა (სსკ-ის 410-ე მუხ.), შესაბამისად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია საპროცესო ხარჯებთან, რომლებიც შედგება სასამართლო ხარჯისგან და სასამართლოსგარეშე ხარჯისგან (სსკ-ის 37.1 მუხ.). სასამართლოს ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები (სსკ-ის 37.2 მუხ.), ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს განეკუთვნება ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები (სსკ-ის 37.3 მუხ.). საპროცესო კანონმდებლობა ადგენს სასამართლო ხარჯების ანაზღაურების განსაზღვრის ვალდებულებას საქმის შედეგის შესაბამისად (სსკ-ის 53-ე მუხ.), ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯი ანაზღაურდება მხარის მოთხოვნის შემთხვევაში (იხ. სუსგ 03.07.2018წ., ბს-1117-1111 (კ-კს-17)). საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. მ-ის მოთხოვნა სასამართლოსგარეშე ხარჯის, კერძოდ, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც არ გასაჩივრებულა გ. მ-ის მიერ სააპელაციო წესით, შესაბამისად მოთხოვნის ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. რაც შეეხება სასამართლოს ხარჯის სახით მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას, სასკ-ის 9.1 მუხლის თანახმად მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2017წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი