Facebook Twitter

საქმე Nბს-14-14(კ-18) 27 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. მ-ე (მოსარჩელე)

მესამე პირი - რ. დ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის სექტემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახლის აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. მ-ემ 2016 წლის 5 აპრილს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 30 მარტის N25/5046 წერილი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი; დაევალოს მოპასუხეს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი, ქ. ბათუმში, ... ქ. N...-ში მდებარე საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე (ს/კ N...) არსებული ავტოსამრეცხაოს დემონტაჟის თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, ლ. მ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე მოთხოვნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირბად ჩაბმულ იქნა - რ. დ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 30 მარტის N25/5046 წერილი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. მ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიცალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი აღნიშნავს, რომ ავტოსამრეცხაოს უნებართვოდ მშენებლობის განხორციელება მიეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც პასუხისმგებლობის დაკისრების წესი დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ხოლო 33-ე მუხლის პირველი ნაწილი მოითხოვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედოს იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს და მოქმედებს ეს წესები თუ კანონმდებლობით განსხვავებული წესი არ არის დადგენილი ანუ ზოგადი წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული სამართალწარმოებისთვის სპეციალური წესი არ არის დადგენილი.

კასატორის მოსაზრებით განსახილველი სამართალურთიერთობა უნდა შეფასდეს იმ სამართლებრივი აქტების საფუძველზე, რომლებიც მოქმედებდა მშენებლობის წარმოების დროს. ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 პრიმა ერთი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ არის დადგენილი, მიწერილობის გამოცემიდან თუ რა პერიოდში - ვადაში უნდა გამოსცეს დამრღვევის დაჯარიმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მე-4 პრიმა ერთი მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს დათქმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას ხელმძღვანელობს „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ“ სპეციალური კანონით, ამასთან, იმ შემთხვევაში თუ სპეციალური კანონით არ არის განსაზღვრული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისათვის სავალდებულო პროცედურები და ვადები, ადმინისტრაციული ორგანო არ არ არის შეზღუდული (მეტიც, ვალდებულია) იხელმძღვანელოს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. უკანონო არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის წარმოება თავისი არსით სამართალდარღვევის ერთ-ერთი სახეა, რომლის კონტროლზე პასუხიმგებელ ორგანოს გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება, გამოავლინოს და აღკვეთოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან მსგავსი უკანონო მშენებლობების წარმოება. ამასთან, აღნიშნული კანონისმიერი ვალდებულების შესრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის საფუძველზე შეზღუდულია კანონით და უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ“ კანონის მიხედვით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა წარმოადგენს სამართალდარღვევის შედარებით მსუბუქ ფორმას და მისი ჩადენისას გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის ადეკვატურად ნაკლებად მკაცრი ზომები. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ეს სახე არ არის დაკავშირებული ადამიანის თავისუფლების მკაცრ შეზღუდვასთან, არ იწვევს ნასამართლობასა და სხვა იმგვარად მძიმე შედეგს, რომელიც დგება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში და სასჯელის შეფარდების დროს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები საქართველოში მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი პირს შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო, როცა სამართალდარღვევა დენადია - არაუგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის მომენტიდან. კასატორის მოსაზრებით სწორედ აღნიშნული წესი უნდა იქნეს გამოყენებული განსახილველი შემთხვევისთვის. ვინაიდან, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, დღეისთვის მოქმედი საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ გამოყენების შესაძლებლობა უნდა დადგინდეს ამ დანაწესის შესაბამისად. 2010 წლის 19 მარტს ამოქმედდა საქართველოს კანონი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 14 ნოემბრის კანონი. ეს უკანასკნელი განსაზღვრავდა სამშენებლო სამართალდარღვევის დროს პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს და წესს, კერძოდ, მე-4 პრიმა ერთი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ არის დადგენილი, მიწერილობის გამოცემიდან თუ რა პერიოდში - ვადაში უნდა გამოსცეს დამრღვევის დაჯარიმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მე-4 მუხლი შეიცავს დათქმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას ხელმძღვანელობს „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ“ სპეციალური კანონით. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ სპეციალური კანონით არ არის განსაზღვრული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისათვის სავალდებულო პროცედურები და ვადები, ადმინისტრაციული ორგანო არ არ არის შეზღუდული (მეტიც, ვალდებულია) იხელმძღვანელოს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, კერძოდ, მითითებული ნორმატიული აქტით არ არის დადგენილი სამართალდარღვევის შეფარდების ვადა. ამდენად, კასატორის მოსაზრებთ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსი.

კასატორი აღნიშნავს, რომ წარმოებული მშენებლობა თავისი მახასიათებლებით „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიეკუთვნება I კლასს. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-15 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება – სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა, ხოლო 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილება, მართალია ადგენს მშენებლობის ნებართვის აღების ვალდებულებას, თუმცა ამ მოთხოვნის დარღვევას არ განიხილავს უნებართვო მშენებლობად, ამდენად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური არ არის უფლებამოსილი დაიწყოს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ვინაიდან აღნიშნული შესაძლებელია უნებართვო მშენებლობის შემთხვევაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩვრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ ბათუმში, ... ქ. N...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებული ავტოსამრეცხაო, რომელიც აბონენტად რეგისტრირებული იქნა 2009 წლის ივნისის თვიდან, წარმოადგენს პირველი კლასის ობიექტს, რომელსაც ესაჭიროება ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაგეგმილი მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში რ. დ-ეს არ გააჩნია.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-15 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები. აღნიშნული მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევაა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით.

ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით გათვალისწინებული წესით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე