Facebook Twitter
საქმე Nბს-56-56(კ-18) 17 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ. ს-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - გორის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მესამე პირი - ი. ქ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ს-ემ 2016 წლის 4 ივლისს სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის ი. ქ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 31 მაისის №1-407 ბრძანებისა და №24 მშენებლობის ნებართვის მოწმობის ბათილად ცნობა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალდებულება უკანონო მიშენების დემონტაჟის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ნ. ს-ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მესამე პირი - ი. ქ-ი, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 31 მაისის №1-407 ბრძანებისა და №24 მშენებლობის ნებართვის მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ნ. ს-ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მესამე პირი - ი. ქ-ი, უკანონო მიშენების დემონტაჟის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა: კერძოდ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელმაც 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დაარეგულირა ისეთი ურთიერთობა, როგორიცაა საჯარო რეესტრში მიწის მიჯნიდან 3 მეტრზე ახლო მანძილზე აშენებულ ნაგებობაში ღიობის, სარკმელის და ა.შ. განთავსების შემთხვევაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის საჯარო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციის არსებობის თაობაზე, მაშინ, როდესაც სასამართლოს მიერ დადგენილია და მოპასუხე მხარეებიც ვერ უარყოფენ და ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ კასატორის სახლი და სარკმელი, რომელიც ფაქტობრივად ამოიქოლა, მანამდე არსებობდა ვიდრე 2014 წლის 15 იანვრის რეგულაციით დადგინდებოდა საჯარო რეესტრში თანხმობის რეგისტრაციის ვალდებულება, უფრო მეტიც კასატორის სახლს ეს სარკმელი მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა და ამ სახით მიიღო მემკვიდრემ არსებული სახლი მამკვიდრებლისაგან, ისევე როგორც მამკვიდრებელმა მიიღო თავისი მამკვიდრებლისაგან და ეს გახლდათ კანონით დადგენილი ფაქტი, რომლის მიხედვითაც კასატორმა მიიღო სახლი იმ მდგომარეობით, როგორც არსებობდა და თავისუფლად უნდა ესარგებლა და განეკარგა საკუთრება იმ სახით როგორი სახითაც არსებობდა იგი, ნებისმიერი ხელშემშლელი და შემდგომში მიზანმიმართულად წარმოქნილი ფაქტორების გარეშე, რომლითაც შეიზღუდებოდა ან/და შეუძლებელი გახდებოდა საკუთრების განკარგვა, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და რომელი გარანტიაც იგნორირებული იქნა, როგორც პირველი, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, იმის ნაცვლად, რომ სამართლებრივად სწორედ შეფასებულიყო დადგენილი ფაქტები, დროისა და იმ დროს მოქმედი სამართლებრივ ნორმებთან მიმართებაში. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კასატორის ინტერესი მაშინ იქნებოდა დარღვეული თუ კი მას (ან მამკვიდრებლებს) სანოტარო წესით საჯარო რეესტრში ექნებოდა რეგისტრირებული მისი სარკმელის მოწყობაზე ი. ქ-ის თანხმობა, რასაც აბსურდამდე მივყავართ, რამეთუ უტყუარი ფაქტებით დასტურდება და მესამე პირი ი. ქ-იც ადასტურებს იმას, რომ კასატორის შენობას ას წელზე მეტია არსებობს სარკმელი გაჩნია და ეს შენობა ამ სახით გადადიოდა თაობიდან თაობაზე, ხოლო მოპასუხე მესამე პირმა იგი შეიძინა სამიოდე წლის წინ, იცოდა რომ მის შეძენილ მიწის ნაკვეთის მიჯნაზე აშენებული სახლის ფანჯრები გამოდიოდა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მან შეიძინა და ეს ნაკლი შეძენამდე იყო მისთვის ცნობილი, მიუხედავად ამისა მოპასუხე მესამე პირმა მიზანმიმართულად 3 მეტრზე ნაკლებ მანძილზე აუშენა ყრუ კედელი, რომლითაც კასატორის საცხოვრებელი სახლი ფუნქციური გამოყენებისათვის უვარგისად აქცია, სადავო ადმინისტრაციული აქტის მშენებლობის ნებართვის გაცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ იგნორირება გაუკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლს, რომლის თანახმად „კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა,თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას“. რაც აუცილებლად უნდა გაერკვია ადმინისტრაციულ ორგანოს და საქმის ყოველმხრივ, სრული და ობიექტური გამოკვლევის სავალდებულო წესის დაცვით უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რის შედეგადაც უარი უნდა ეთქვა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არათუ არ უნდა გაეცა მშენებლობის ნებართვა და უკანონო მშენებლობა დაეკანონებინა, არამედ საქმის ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად გარკვევის შემდეგად მშენებლობის ნებართვის გაცემამდეც უნდა მიეღო სწორი გადაწყვეტილება და განეხორციელებინა უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, რამეთუ სახეზე გახლდათ ფაქტები, რომლის სამართლებრივად სწორი შეფასების შემთხვევაში თვალნათელი იყო კასატორის საკუთრების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შეზღუდვა, რითაც ზიანი მიადგა კასატორის კანონიერ ინტერესს, სასამართლოებმა სწორედ არ შეაფასეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის ყოველმხრივი, სრული, ობიექტური და კანონის შესაბამისად გამოკვლევის ვალდებულების დარღვევის ფაქტები და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიუღებელ თუ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერება, რაც კასატორის მოსაზრებით მათი გადაწყვეტილებების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.
კასატორი აღნიშნავს, რომ არასოდეს არ ყოფილა შეცილებული კასატორის სახლის იმ ფანჯრების არსებობის კანონიერება, რომლის არსებობასთან დაკავშირებით, როგორც პირველი, ასევე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს ან/და მის წინამორბედებს უნდა მიეღოთ ი. ქ-ის თანხმობა იმ სარკმელის არსებობაზე, რომელიც მომიჯნავე ნაკვეთს გადაყურებს. მოპასუხე ი. ქ-ის მიერ საცხოვრებელი სახლის ყიდვისა და უკანონოდ მიშენებული კედლის აშენებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნებართვის გაცემამდე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის მიერ უფრო ადრე მიღებული გადაწყვეტილებით კასატორის მამკვიდრებლისა და კასატორის საკუთრებაში ირიცხებოდა და ირიცხება სახლი იმ კონსტრუქციული მდგომარეობით, რომელი მდგომარეობითაც შენობას გააჩნდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე გამავალი სარკმლები, ხოლო სხვა გადაწყვეტილება რეგისტრირებული შენობის გეგმაში დემონტაჟისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სახლის ღიობის, სარკმელის და ა.შ გაუქმებისა და ამოქოლვის თაობაზე არ არსებობს, გამოდის, რომ სააპელაციო სასამართლო თავის მსჯელობაში თან იზიარებს ფაქტს და უდავოდ დადგენილად მიაჩნევს იმ სახით რა სახის კონსტრუქციითაც არსებობდა კასატორთან სამკვიდროს გადასვლისას და რეგისტრირებულია ადმინისტრაციული ორგანოს (საჯარო რეესტრი) კანონით დადგენილი წესით და თანაც უარყოფს ამდაგვარ ფაქტს და აღნიშნავს კასატორის უფლებისა და კანონიერი ინტერესის დარღვევა იმ შეთხვევაში მოხდებოდა თუ მას ან/და მის წინაპრებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ი. ქ-ის თანხმობა ექნებოდა სარკმელის მოწყობაზეო, მოქმედი კანონმდებლობით კი წინა ადმინისტრაციული აქტის არსებობა გამორიცხავს შემდეგომი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესაძლებლობას თუკი წინა ადმინისტრაციული აქტი ბათილად არ არის ცნობილი. სასამართლომ არც კი იმსჯელა ამ საკითხზე ისე მიიღო განჩინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განჩინებით ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 31 მაისის №1-407 ბრძანებისა და №24 მშენებლობის ნებართვის მოწმობის ბათილად ცნობა, რომლითაც ი. ქ-ს მიეცა ნებართვა ნ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში ეწარმოებინა მშენებლობა. მოსარჩელე მისი უფლების დარღვევას უკავშირებს იმ გარემოებას, რომ სადავო მშენებლობით დაირღვა მისი უფლება იმის გამო, რომ შეიზღუდა მისი ოთახის ბუნებრივი განათება და ფანჯრის ფუნქციური დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა გამოყენებული „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილება. რამდენადაც, საქმეზე წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის თებერვლის დასკვნითაც ირკვევა, რომ ი. ქ-ის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის სამხრეთ ნაწილში არსებულ აივანზე მოწყობილი ნაგებობა მის დასავლეთ ნაწილში მეზობლად არსებულ, ნ. ს-ის კუთვნილ შენობასთან მიმართებაში აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების 26-ე მუხლის მე-14 პუნქტის მოთხოვნებს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი. ქ-ის მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში მეზობლად არსებულ, ნ. ს-ის შენობაზე მოწყობილი ფანჯრის ღიობზე თუ არ არსებობს მხარეებს შორის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, მაშინ აღნიშნული ფანჯრის ღიობი არ დააკმაყოფილებს რეგლამენტის მოთხოვნებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნ. ს-ის მოთხოვნას ისეთ ვითარებაში ექნებოდა ლეგიტიმური საფუძველი, თუ მას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 26-ე მუხლის 151 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ექნებოდა მომიჯნავე მიწის მესაკუთრესთან, რაც წარმოშობდა ყოველი შემდეგი მესაკუთრის ვალდებულებას მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან - ნ. ს-ესთან შეეთანხმებინა სამეზობლო მიჯნის ზონაში მშენებლობის საკითხი.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება;
3. კასატორს - ნ. ს-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 06.09.2017წ. №5 საგადახდო დავალებით მ. ა-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ვ. როინიშვილი





მოსამართლეები: მ. ვაჩაძე





პ. სილაგაძე