საქმე Nბს-107-107(კ-18) 17 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ფ. ფ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბერის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფ. ფ-ამ 2016 წლის 3 ოქტომბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ფ. ფ-ასთვის „ომში დაღუპული ოჯახის წევრის“ სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 9 სექტემბრის №7247/02-02-23/03-02 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის ფ. ფ-ასთვის „ომში დაღუპული ოჯახის წევრის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ფ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. ფ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ფ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემრბის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. ფ-ამ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა თავის მოთხოვნას ქვედა ინსტაციის სასამართლოებში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით ფ. ფ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ფ. ფ-ას მეუღლე თ. შ-ა 1993 წლის 8 ნოემბერს გარდაიცვალა ხობში, საბრძოლო ტრავმის შედეგად. საბრძოლო მოკვლევის თანახმად, 24-ე ბრიგადის სამურზაყანოს ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი - თ. შ-ა დაიღუპა 1993 წლის 8 ნოემბერს სამთავრობო ჯარების მიერ ქ. ხობის დაკავების დროს. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 23 აგვისტოს ბრძანებულებით თ. შ-ა დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის №00092 ორდენით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველს წარმოადგენს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.
მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №328 ბრძანებით დადგენილი გარემოება, რომლის თანახმად, თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 18 ივლისის №155 ბრძანების, აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2002 წლის 30 ოქტომბრის №370 წერილის და გალის რაიონის გამგეობის 1992 წლის 20 სექტემბრის №16 დადგენილების საფუძველზე გალის რაიონის თავდაცვის სამხედრო შტაბის წევრებს დაუმტკიცდათ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა 1992 წლის 20 სექტემბერს და ამორიცხვა 1993 წლის 30 სექტემბერს (საომარი მოქმედების დამთავრების დღიდან), რომელთა შორის იყო თ. შ-ა - შტაბის წევრად. ამდენად, 1993 წლის 8 ნოემბერს - თ. შ-ას გარდაცვალების დღეს საომარი მოქმედებები დასრულებული იყო სამართლებრივი აქტის საფუძველზე და საბრძოლო მოკვლევაში მითითებულ ოპერაციას - ქ. ხობის ტერიტორიის დაკავებას არ ჰქონდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსი. შესაბამისად, თ. შ-ას გარდაცვალების საფუძველზე ფ. ფ-ას მიერ მითითებული უფლების წარმომშობი ნორმა არ იძლევა სხვაგავარი განმარტების შესაძლებლობას.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. ფ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე