საქმე Nბს-396-396(კ-18) 10 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…“ (მოპასუხე)
მესამე პირი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…“ 2015 წლის 18 აპრილს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 18 მარტის №204 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის განჩინებით № 3/3071-15 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ იქნა მესამე პირად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 18 მარტის №204 განკარგულება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ. კასატორმა იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც მიუთითებდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა. რამდენადაც, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „…“ მომსახურება უნდა განეხორციელებინა 2014 წლის 18 სექტემბრის №129 ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულებით მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა შემსყიდველისათვის - 5499 ლარის ღირებულების მომსახურება. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვით. შპს „…“ 2014 წლის 15 ოქტომბრის №17 წერილით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს და აცნობა, რომ სექტემბრის თვეში სტიქიის (მოსული უხვი ნალექის) გამო ვერ მოხერხდა ნაწილ ობიექტებზე გასვლა და ადგილის დეტალურად შესწავლა. შპს „…“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს განუმარტა, რომ ხელშეკრულების ვადაში - 2014 წლის 18 ოქტომბრამდე ვერ ხერხდებოდა ვალდებულების შესრულება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალსადენის სისტემის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება) და სთხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების საფუძვლიანად შესრულებისათვის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.
2014 წლის 12 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართა შპს „…“ დირექტორმა და აცნობა, რომ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალსადენის სისტემის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება), რის გამოც ითხოვა სამუშაოს ჩაბარება და თანხის ჩარიცხვა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 19 ნოემბრის მიმართვით შპს „…“ ეცნობა, რომ 2014 წლის 12 ნოემბერს წარდგენილ პროექტებზე გამოვლენილი იქნა ხარვეზები, რომელიც ექვემდებარება შესწორებას, რის გამოც წარდგენილი დოკუმენტაცია შპს „…“ დაუბრუნდა უკან.
მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2014 წლის 12 ნოემბერს წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და შპს „…“ დაუდგინა ხარვეზი წარდგენილ დოკუმენტაციაზე. ამასთან, არ დასტურდება შპს „…“ ხელშეკრულების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელებაზე უარის თქმა და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. რადგან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შპს „…“ შავ სიაში ჩასმის თაობაზე მიმართვა არ იყო დასაბუთებული სამოქალაქო კოდექსით დადგენილი შესაბამისი ხელშეკრულების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ ფაქტის დადგენის განმსაზღვრელი ნორმებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (ს/ნ 204428510) დაუბრუნდეს 15.03.2018წ. №00735 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე