Facebook Twitter

№ბს-596-596(კ-18) 3 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 13 მაისს ი/მ უ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 12 თებერვლის №3522 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 13 აპრილის №9865 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ ასევე იშუამდომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 12 თებერვლის №3522 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 13 აპრილის №9865 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის განჩინებით შეჩერდა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 12 თებერვლის №3522 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 13 აპრილის №9865 ბრძანების მოქმედება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ი/მ უ. ც-ის სარჩელი, მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ი/მ უ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 12 თებერვლის №3522 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 13 აპრილის №9865 ბრძანება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 12 თებერვლის №3522 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 13 აპრილის №9865 ბრძანების კანონიერების საკითხი. მოსარჩელე დავისადმი კანონიერი ინტერესის არსებობას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 თებერვლის №3522 ბრძანებით იგი დაჯარიმდა ორჯერ ერთი და იგივე ქმედებისათვის.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2012 წლის 5 იანვარს გამოსცა ბრძანება და ი/მ უ. ც-ეზე გაიცა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 4 იანვრის ჩათვლით. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა გაიცა ფართზე მდებარე - ქ. ბათუმი, ... ქ. №...-..., №005 ნაკვეთზე არსებულ სასტუმრო „...“ პირველ სართულზე, ფართი №1. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2012 წლის 4 აპრილის №139/01 ბრძანებით შევიდა ცვლილება ი/მ უ. ც-ის სასარგებლოდ გაცემულ ტოტალიზატორის მოწყობის №19-05/028 ნებართვაში და ობიექტის მისამართად განისაზღვრა ქ. ბათუმი, ... ქ. №5, ნაკვეთი №001-ზე არსებული სასტუმროს „...“ პირველი სართული №ს1/3. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 20 აგვისტოს №39823 ბრძანებით, ი/მ უ. ც-ე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 2000 ლარით. აღნიშნული ბრძანება ი/მ უ. ც-ემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რაც 2013 წლის 26 ნოემბრის №60926 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ი/მ უ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა - ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 20 აგვისტოს №39823 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 26 ნოემბრის №60926 ბრძანება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით აპელანტის - სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 20 აგვისტოს №39823 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და დავის ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მოსარჩელის - ი/მ უ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 20 აგვისტოს №39823 ბრძანება და მოპასუხეს - სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა მოსარჩელის - ი/მ უ. ც-ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების განმარტებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 12 თებერვლის №3522 ბრძანება გამოცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სწორედ აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იქნა მიღებული 2016 წლის 12 თებერვალს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ №3522 ბრძანება, რომლითაც ი/მ უ. ც-ე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 2000 ლარით. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის არგუმენტი, რომ სადავო აქტი გამოცემულია იმავე ფაქტზე, იმავე საფუძვლით და იმავე პირის მიმართ რაზეც არსებობდა აქტი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.

რაც შეეხება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხს, აღნიშნულთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მიზანია საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მითითებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ყველა სახის აზარტული და მომგებიანი თამაშობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება „ლიციენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ თამაშობის გამართვა ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად ითვლება და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლი განსაზღვრავს ნებართვების გაცემისა და გაუქმების, მათში ცვლილების შეტანის წესსა და პირობებს, კერძოდ: „აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვების გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური)“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია კონტროლი დაუწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე და ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შეამოწმოს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის მფლობელს აჯარიმებს შემოსავლების სამსახური ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მუხლი 7.4).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია და არა ვალდებული რომ გაადამოწმოს ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დუკემენტების უტყუარობა და არა სანებართვო პირობების შესაბამისობა და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების დანაწესებიდან გამომდინარე, ტოტალიზატორის მოწყობის შესახებ ნებართვას გასცემს წარმოადგენს შემოსავლების სამსახური და აღნიშნულს იგი ახდენს სათანადო ადმინისტრაციული წარმოების გზით, შესაბამისად, ნებართვაში ცვლილების შეტანაც მისი პრეროგატივაა ზუსტად ისეთივე ადმინისტრაციული წარმოების გზით, როგორც ნებართვის მოპოვებისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შემოსავლების სამსახურმა თავად გასცა ნებართვა მოსარჩელეზე ქ. ბათუმში, ... ქ. №5, ნაკვეთი №001-ზე არსებული სასტუმრო „...“, პირველი სართული №ს1/3-ში ტოტალიზატორის მოწყობის თაობაზე. მოსარჩელეს კი, სწორედ ნებართვით განსაზღვრულ ფართში აქვს მოწყობილი ტოტალიზატორი და ამ მხრივ სანებართვო პირობა დარღვეული არ აქვს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების საშუალება და ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში, რა დროსაც უნდა დადგინდეს კანონმდებლის ნება. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს _ გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით, რისი საშუალებითაც ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი