Facebook Twitter

¹6I ქ. თბილისი

16 თებერვალი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივან _ ო. დ-ს

პროკურორ _ ნ. რ-ს

ადვოკატ _ ი. თ-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ნ. ფ-ს

თარჯიმნების _ ს. ფ-ს, ზ. ბ-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ნ. ფ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ს კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 იანვრის დადგენილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა-ს რესპუბლიკის მოქალაქე ნ. ფ-ი, 2009 წლის 15 ნოემბერს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლით წითელი ცირკულარით ძებნილი, დააკავეს საქართველოში.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტიდან შევიდა შუამდგომლობა თანდართული საექსტრადიციო მასალებით ნ. ფ-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შესახებ. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და მიწოდებული მასალების თანახმად, ნ. ფ-ი იმხილება მკვლელობაში, დანაშაული, გათვალისწინებული აშშ-ს კალიფორნიის შტატის სსკ-ის 187-ე პარაგრაფის ,,ა» მუხლით. მან მკვლელობისას გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი, რითაც გამოიწვია სიკვდილი და ამით დაარღვია კალიფორნიის შტატის სსკ-ის 12022.55 პარაგრაფის ,,გ» და ,,დ» მუხლები.

აღნიშნული ქმედებისათვის 2005 წლის 10 ნოემბერს კალიფორნიის შტატის უმაღლესმა სასამართლომ გასცა დაპატიმრების ორდერი და ნ. ფ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 იანვრის ბრძანებით ნ. ფ.ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით და შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის _ თ. ბ-ს 2009 წლის 16 დეკემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის შუამდგომლობა ნ. ფ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

2010 წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ნ. ფ-ს ადვოკატმა ი. თ-მ და ითხოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის _ თ. ბ-ს 2009 წლის 16 დეკემბრის დადგენილების გაუქმება იმ მოტივით, რომ ნ. ფ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებისათვის აშშ-ს კალიფორნიის შტატის კანონმდებლობით სასჯელის სახით გათვალისწინებულია სიკვდილით დასჯა, ხოლო ის გარემოება, რომ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ნ. ფ-ს მიმართ არ გამოიყენებენ სიკვდილით დასჯას, ვინაიდან, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ის არ ექვემდებარება სიკვდილით დასჯას, მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს საკმარის გარანტიას, რომ ნ. ფ-ს მიმართ არ იქნება გამოყენებული სასჯელის აღნიშნული ღონისძიება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 იანვრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ნ. ფ-ს ადვოკატის _ ი. თ-ს საჩივარი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის _ თ. ბ-ს 2009 წლის 16 დეკემბრის დადგენილება ნ. ფ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ამერიკის შეერთებული შტატებისათვის გადაცემის შესახებ დარჩა უცვლელად.

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ნ. ფ-ს ადვოკატი ი. თ-ა კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 იანვრის დადგენილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ აღნიშნული დადგენილება უკანონოა; მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება ნ. ფ-ს ექსტრადიციის შესახებ სრულიად მოიცავს საექსტრადიციო პროცედურებს, სისხლისსამართლებრივ პროცედურებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის იდენტიფიკაციას, დანაშაულის ხანდაზმულობას, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს, პარალელური წარმოების წესებსა და პრინციპს _ ,,ნონ ბის ინ იდემ», დადგენილების ის ნაწილი, სადაც ასახულია ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპი, ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის შესაბამისად ნ. ფ-ს ბრალდებების სამართლებრივი საფუძვლები და მასზე ბრალად შერაცხული ქმედებების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დასჯადობის საფუძვლები, არის უკანონო, არ არის დასაბუთებული და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. ნ. ფ-ს ბრალი ედება მკვლელობაში, დანაშაული, გათვალისწინებული აშშ-ს კალიფორნიის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე პარაგრაფის (ა) მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახით დადგენილია სიკვდილით დასჯა ან უვადო პატიმრობა პირობით ვადამდე განთავისუფლების უფლების გარეშე, ან თავისუფლების აღკვეთა 25 წლიდან უვადო პატიმრობამდე, 25 წლით სასჯელის მოხდის შემდეგ პატიმრობიდან განთავისუფლების უფლებით. დადგენილების მიმღები პირი ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპის განხილვისას აღნიშნავს, რომ ნ. ფ-ს წარდგენილი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მის მიმართ სიკვდილის დასჯა არ გამოიყენება, ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ის არ ექვემდებარება სიკვდილით დასჯას მოცემულ საქმეში. დადგენილების მიმღები პირის ზემოაღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს შორის 2009 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებულ ერთობლივ დეკლარაციას ნ. ფ-ს, იგივე ნ. ა-ნ ფ-ს, იგივე ნ. ა-დ ფ-ს, იგივე ნ. ფ-ს, იგივე ნ. ს-ს ექსტრადიციის შესახებ, რომელიც მოცემულ საქმეზე წარმოადგენს ნ. ფ-ს ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის მერვე პუნქტში აღნიშნულია, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ ბრალდებები, რომელთა გამოც მოთხოვნილი იქნება ნ. ფ-ი, იგივე ნ. ა-ნ ფ-ი, იგივე ნ. ა-დ ფ-ე, იგივე ნ. ფ-ი, იგივე ნ. ს-ი, არ ითვალისწინებენ სიკვდილით დასჯას ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის შესაბამისად. ზემოაღნიშნული დეკლარაციის მეოთხე პუნქტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილება ნ. ფ-ს ექსტრადიციის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოწესრიგდება საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დებულებების შესაბამისად.

საქართველოს სსკ-ის მე-6 მუხლის თანახმად, არ შეიძლება სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული, დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის, აგრეთვე ის, ვინც ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება, ან, თუ ჩადენილი დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯაა დაწესებული იმ სახელმწიფოში, რომელიც გადაცემას მოითხოვს. ასეთ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ექსტრადიციის საკითხის განხილვისას სისხლის სამართალი არ შემოიფარგლება მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობით, არამედ მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რომლებსაც უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნიათ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობასთან მიმართებით, რაც ასევე აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მეექვსე მუხლის მეორე ნაწილით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 16 დეკემბრის დადგენილება ნ. ფ-ს ექსტრადიციის შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მე-15 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სიკვდილით დასჯა აკრძალულია, ასევე ეწინააღმდეგება ერთობლივ დეკლარაციას ნ. ფ-ს ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით და საქართველოს სსკ-ის მე-6 მუხლს.

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი _ ნ. ფ-ი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 იანვრის დადგენილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ იგი უსაფუძვლოდ იძებნება აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ; საქართველოში ჩამოვიდა საცხოვრებელი თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით; ჩამოსვლისთანავე დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, წაიყვანეს მისთვის გაუგებარ ადგილას და მიუსაჯეს 3-თვიანი პატიმრობა; არ ჰყავს ადვოკატი, რომელიც კარგად დაიცავს მის ინტერესებს; ერთადერთი, რაც მას განუმარტეს, არის ის, რომ უნდა მოახდინონ მისი ექსტრადირება აშშ-ში, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ვინაიდან დოკუმენტურადაა დადასტურებული ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოების მიერ უდანაშაულო ადამიანების გასამართლებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტები.

საკასაციო პალატის სხდომაზე ნ. ფ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. თ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

საკასაციო პალატის სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა _ ნ. ფ-ა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მან იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 იანვრის დადგენილების გაუქმება.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ნ. რ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 იანვრის დადგენილების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დადგენილება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საერთაშორისო თანამშრომლობის წესს სისხლის სამართლის სფეროში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს აგრეთვე საპროცესო ნორმებს საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული უცხოელის სხვა ქვეყანაში ექსტრადიციასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXXII თავი. წარმოდგენილი მასალების მიხედვით დგინდება, რომ ნ-რ ფ-ი არის ა-ს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც იმხილება მკვლელობაში, დანაშაული, გათვალისწინებული აშშ-ს კალიფორნიის შტატის სსკ-ის 187-ე პარაგრაფის ,,ა» მუხლით. მან მკვლელობისას გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი, რითაც გამოიწვია სიკვდილი და ამით დაარღვია კალიფორნიის შტატის სსკ-ის 12022.55 პარაგრაფის ,,გ» და ,,დ» მუხლები. აღნიშნული ქმედებისათვის 2005 წლის 10 ნოემბერს კალიფორნიის შტატის უმაღლესმა სასამართლომ გასცა დაპატიმრების ორდერი და ნ-რ ფ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.

საკასაციო პალატა ეთანხმება დადგენილებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის _ თ. ბ-ს 2009 წლის 16 დეკემბრის დადგენილება ნ-რ ფ-ს ექსტრადიციის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე, 254-ე, 256-ე, 259-ე მუხლების მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრავენ სამართლებრივი დახმარების სახეებს, ექსტრადიციის მოთხოვნას, უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ექსტრადიციას, უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების წესს.

ამასთან, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რაც, საქართველოს სსსკ-ის 257-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეიძლება გამხდარიყო ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. დადგენილება სრულად მოიცავს საექსტრადიციო პროცედურებს, ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს, პროცედურულ წესებს, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპს, ბრალდების ფაქტობრივ საფუძველს, დასჯადობას ამერიკის შეერთებული შტატების სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ასევე დასჯადობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომ ნ. ფ-ს ქმედებები შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დასჯადობას; მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს, დანაშაულის ხანდაზმულობას, პარალელური წარმოების წესებს და პრინციპს ,,ნონ ბის ინ იდემ» (ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ, არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ).

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს შორის 2009 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციით ნ-რ ფ-ს, იგივე ნ-რ ა-ნ ფ-ს, იგივე ნ. ა-დ ფ-ს, იგივე ნ. ფ-ს, იგივე ნ. ს-ს ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო თანხმდებიან, რომ ნ. ფ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში ბრალდებები, რომლებისთვისაც მოთხოვნილი იქნება ნ. ფ-ი, იგივე ნ. ა-ნ ფ-ი, იგივე ნ. ა-დ ფ-ე, იგივე ნ. ფ-ი, იგივე ნ. ს-ი არ ითვალისწინებენ სიკვდილით დასჯას ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის შესაბამისად.

საქმეში არსებული საკრამენტოს ოლქის საოლქო პროკურორის მოადგილე ჯ-ნ ს-ს ჩვენების თანახმად, აშშ-ს კალიფორნიის შტატში მკვლელობისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელი არის სიკვდილით დასჯა ან მუდმივი პატიმრობა პირობით ვადამდე განთავისუფლების უფლების გარეშე ან პატიმრობა 25 წლიდან მუდმივი პატიმრობის ვადით. თუმცა იმისათვის, რომ პირის მიმართ გამოყენებულ იქნეს სიკვდილით დასჯა, კალიფორნიის შტატმა უნდა წარადგინოს საგანგებო შემთხვევის განკარგულება და დაამტკიცოს საგანგებო შემთხვევა წაყენებულ ბრალდებაში. კალიფორნიის შტატს არა მარტო არ წარუდგენია საგანგებო შემთხვევის განკარგულება, არამედ არც წაყენებულ ბრალდებაში შეუტანია მტკიცება საგანგებო შემთხვევის შესახებ, რომლის მხედველობაში მიღება, ბრალის გათვალისწინების შემთხვევაში, შედეგად სიკვდილის განაჩენს გამოიწვევდა. შესაბამისად, ,,ნ. ფ-ი არ არის მიჩნეული სიკვდილით დასჯის ღირსად ამ საქმეში». თუკი ნ. ფ-ს დაუმტკიცდება სასჯელის დამძიმება, სასჯელი გაეზრდება დამატებითი 25 წლის ვადით მუდმივ პატიმრობამდე, რაც უნდა მოიხადოს სახელმწიფო ციხეში.

აღნიშნული პოზიციის საფუძვლიანობას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე პარაგრაფის ,,ა» მუხლისა და დამატება სისხლის სამართლის კოდექსის 12022.53 პარაგრაფის ამონარიდები, რომელთა მიხედვით, მკვლელობა წარმოადგენს კანონის დარღვევით ადამიანისათვის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ სიცოცხლის მოსწრაფებას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ამასთან, მიუხედავად კანონით გათვალისწინებული სხვა დებულებებისა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, როგორც ეს დანაშაული განსაზღვრულია 246-ე პარაგრაფის ა) ან ც) ქვეთავებში, აგრეთვე _ 12304-ე პარაგრაფის დ) ქვეთავში და პირადად შეასრულებს გასროლას, რომელიც იქნება განზრახ ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და ამით გამოიწვევს სხვა ადამიანის სხეულის დაზიანებას, რომელიც განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსის 12022.7 პარაგრაფით, ან გამოიწვევს სხვა ადამიანის სიკვდილს და იგი არ იქნება მისივე თანამზრახველი, მაშინ ეს პირი დაისჯება დამატებითი და თანმიმდევრული თავისუფლების აღკვეთით და გაიგზავნება სახელმწიფო ციხეში 25 წლიდან მუდმივი პატიმრობის ვადის დაწესებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული დადგენილება შეესაბამება ,,ექსტრადიციის შესახებ» 1957 წლის ევროპული კონვენციით, ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ» მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს შორის 2009 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციითა და საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 იანვრის დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 იანვრის დადგენილება, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის _ თ. ბ-ს 2009 წლის 16 დეკემბრის დადგენილება ნ-რ ფ-ს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის გადაცემის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.