Facebook Twitter

№ბს-752-752(კს-18) 20 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება

დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 17 დეკემბერს ზ. ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის №1/541 ბრძანების, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, პირადი შემადგენლობის სიებიდან ამოღების და თადარიგში ჩარიცხვის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის №1/810 ბრძანების ბათილად ცნობა და

თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში იურისკონსულტის თანამდებობაზე აღდგენა, თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ გადასახდელი 225,42 ლარის ოდენობით ხელფასის, სოროსის ფონდიდან მიუღებელი 465 ლარის, 1135 ლარის ოდენობით სანივთე ქონების მიუღებელი კომპენსაციის დაკისრება, აგრეთვე თანამდებობაზე აღდგენის ბრძანების გამოცემამდე განაცდურის, საადვოკატო მომსახურების - 400 ლარის ანაზღაურება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. ს-ის სასარგებლოდ 2002-2004 წლების მიუღებელი სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის - 1135,48 ლარის გადახდა დაეკისრა. არ დაკმაყოფილდა ზ. ს-ის მოთხოვნა ზ. ს-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ თავდაცვის სამინისტროს 2004 წლის 24 ივლისის №1/541 ბრძანების, ზ. ს-ის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, პირადი შემადგენლობის სიებიდან ამოღებისა და თადარიგში ჩარიცხვაზე 2004 წლის 4 ოქტომბრის №1/810 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ. ასევე არ დაკმაყოფილდა ზ. ს-ის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის, განაცდურის, სოროსის ფონდის დახმარებისა და საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება ზ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2004 წლის 24 ივლისის №1/541 და 2004 წლის 4 ოქტომბრის №1/810 ბრძანებები და ზ. ს-ე აღდგენილ იქნა პირვანდელ თანამდებობაზე; ზ. ს-ეს აუნაზღაურდა იძულებით განაცდური დროის ხელფასი, რეფორმირებისა და განვითარების ფონდიდან მიღებული თანხა - 465 ლარის ოდენობით, ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯები - 400 ლარის ოდენობით, ხოლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაშვებაზე ეთქვა უარი.

2018 წლის 5 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ. ს-ემ, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის წინადადების - „აუნაზღაურდეს ზ. ს-ეს იძულებითი განაცდურის დროის ხელფასი“ - განმარტება მოითხოვა.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილების შესრულების თავის არიდების მიზნით, 2007 წლის 12 ოქტომბერს გამოსცა №3528 ბრძანება, რომლითაც მან, მართალია, ბათილად ცნო მის მიერ 2004 წლის 24 ივლისის №1/541 ბრძანება, თუმცა ამავე ბრძანებაში ძველი რიცხვით მიუთითა, რომ ზ. ს-ე სამსახურში აღდგენილია 2004 წლის 25 ივლისს, ხოლო 2004 წლის 10 ოქტომბრიდან კვლავ გაათავისუფლა თანამდებობიდან. განმცხადებელი კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს, რომ საქმის მწარმოებელმა აღმასრულებელმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით საკმარისად მიიჩნია სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 12 ოქტომბრის №3528 ბრძანებით განხორციელებული ქმედება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით ზ. ს-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა, რადგან სახეზე არ არის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას უკავშირებდა იმ გარემოებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილების შესრულების თავის არიდების მიზნით 2007 წლის 12 ოქტომბერს გამოსცა №3528 ბრძანება, რომლითაც მან, მართალია, ბათილად ცნო მის მიერ 2004 წლის 24 ივლისს გამოცემული №1/541 ბრძანება, თუმცა ამავე ბრძანებაში ძველი რიცხვით მიუთითა, რომ ზ. ს-ე სამსახურში აღდგენილია 2004 წლის 25 ივლისს, ხოლო 2004 წლის 10 ოქტომბრიდან კვლავ გაათავისუფლა თანამდებობიდან. ამასთან, საქმის მწარმოებელმა აღმასრულებელმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, საკმარისად მიიჩნია სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 12 ოქტომბრის №3528 ბრძანებით განხორციელებული ქმედება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ვერ გახდებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვნად მიჩნევის საფუძველი. 2007 წლის 12 ოქტომბრის #528 ბრძანება, ასევე აღმასრულებლის ქმედება შეიძლება სადავო გახდეს დაინტერესებული მხარის მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებდა დამატებით განმარტებას სასამართლოს მხრიდან, მისი დასაბუთება მოცემული იყო ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ცხადი და გასაგები იყო. განცხადებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას, შესაძლოა, შეეცვალა მისი შინაარსი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაუშვებელი იყო. შესაბამისად, არ არსებობდა მითითებული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით მისი განმარტების წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ს-ემ, რომელმაც მითითებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების თავის არიდების მიზნით, 2007 წლის 12 ოქტომბერს გამოსცა #3528 ბრძანება, რომლითაც, მართალია, ბათილად ცნო მის მიერ 2004 წლის 24 ივლისს გამოცემული #1/541 ბრძანება, თუმცა ამავე ბრძანების მოქმედება გაავრცელა გასულ დროზე და ზ. ს-ე სამსახურში აღადგინა 2004 წლის 25 ივლისიდან, ხოლო 2004 წლის 10 ოქტომბრიდან კვლავ გაათავისუფლა თანამდებობიდან. აღნიშნული ქმედება საქმის მწარმოებელი აღმასრულებლის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსზე მითითებით, საკმარისად იქნა მიჩნეული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ დასკვნის გამოსატანად.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემულ წინადადებაში - „აუნაზღაურდეს ზ. ს-ეს იძულებით განაცდური დროის ხელფასი“, არ არის მითითებული ანაზღაურების პერიოდი, რასაც ბოროტად იყენებს მოვალე და იზიარებს საქმის მწარმოებელი აღმასრულებელიც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ს-ის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით ზ. ს-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და იგი არ საჭიროებს დამატებით განმარტებას სასამართლოს მხრიდან, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის გასაგები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ამავე ნორმის თანახმად, განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. მითითებული ნორმის შინაარსი ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ განმარტების გაცემა ხდება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე იმ სასამართლოს მიერ, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების ინსტიტუტი მიზნად ისახავს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაურკვევლობა ქმნის მისი რეალიზაციის სირთულეს და წარმოშობს აღსრულების გაურკვევლობას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობებს: კერძოდ, სასამართლოს, მხარის ან აღმასრულებლის განცხადების საფუძველზე, შეუძლია განმარტოს გადაწყვეტილება თუ გადაწყვეტილება აღუსრულებელია, გადაწყვეტილების აღსრულების ვადა არ არის გასული და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულებისა და აღსრულების ვადის გასვლის ფაქტის არსებობა გამორიცხავს განცხადების დაშვებას განსახილველად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებაზე. საქმის მასალებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 12 ოქტომბრის #3528 ბრძანებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის #1/541 ბრძანების 29-ე პუნქტი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის #1/810 ბრძანების 43-ე პუნქტი; ვიცე-პოლკოვნიკი ზ. კ. ს-ე აღდგენილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ეროვნული აკადემიის მმართველობის იურისკონსულტის თანამდებობაზე 2004 წლის 25 ივლისიდან; ვიცე-პოლკოვნიკი ზ. კ. ს-ე 2004 წლის 10 ოქტომბრიდან ჩაითვალა დათხოვნილად სხვა საფუძვლით (ზღვრული ასაკის მიღწევის გამო) შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის არაბუნდოვანებასთან მიმართებაში, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გადაწყდა, რომ ზ. ს-ეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდურის დროის ხელფასი და რეფორმირებისა და განვითარების ფონდიდან მიღებული თანხა - 465 ლარის ოდენობით, ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯები - 400 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში ასახული მათი სამართლებრივი შეფასებების შედეგს, ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს დამატებით განმარტებას სასამართლოს მხრიდან. მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ცხადი და გასაგებია. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორი არსად არ მიუთითებს, რომ მას 2004 წლის 25 ივლისიდან 2004 წლის 10 ოქტომბრამდე ანაზღაურება არა აქვს მიღებული.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის სარეზოლუციო ნაწილის განმარტებასაც მოითხოვს მხარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის #1/541 ბრძანების 29-ე პუნქტისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის #1/810 ბრძანების 43-ე პუნქტის ბათილად ცნობის ნაწილში აღსრულებულია და მის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2007 წლის 12 ოქტომბერს გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2007 წლის 12 ოქტომბრის #3528 ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად, გამოსცა ახალი აქტი, რომლითაც ვიცე-პოლკოვნიკი ზ. კ. ს-ე 2004 წლის 10 ოქტომბრიდან ჩაითვალა დათხოვნილად სხვა საფუძვლით (ზღვრული ასაკის მიღწევის გამო) შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფის მოხსნით). სადავო ბრძანებაში მიეთითა აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქტი წარმოადგენდა ახალ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც ზ. ს-ე სამსახურიდან გათავისუფლდა სულ სხვა საფუძვლით - ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, თუმცა იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა (სზაკ-ის 180-ე მუხლი) და იმ დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ (127-ე მუხლი) კანონით დადგენილი წესით მხარის მიერ არ გასაჩივრებულა.

საკასაციო სასამართლო დამატებით განუმარტავს მხარეებს, რომ ზ. ს-ეს უდავოდ ეკუთვნის 2004 წლის 25 ივლისიდან 2004 წლის 10 ოქტომბრამდე ანაზღაურება, თუ დღემდე იგი მასზე არ არის გაცემული, რადგან კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ანაზღაურებას მოიცავდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, ზ. ს-ეს (პ/ნ ...) სრულად უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე 12.06.2018წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება;

3. ზ. ს-ეს (პ/ნ ...) სრულად დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე 12.06.2018წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი