Facebook Twitter

№ბს-318-318(კ-18) 18 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

სხდომის მდივანი _ ეკატერინე მეტრეველი

კასატორი - ქ. მ-ი; წარმომადგენელი - ნ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები: 1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; 2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახური; წარმომადგენელი - ლ. დ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 10 ნოემბერს ქ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი დაიბადა 1983 წლის 24 აპრილს. დაბადების რეგისტრაცია არასწორი მონაცემებით ბებიამ - მ. უ-ემ განახორციელა. კერძოდ, 1983 წლის ნაცვლად ჩაიწერა 1984 წელი. ამის შემდეგ მოსარჩელის დედამ აიღო დაბადების მოწმობა, სადაც 1984 წლის ნაცვლად დაბადების თარიღად 1983 წელი იყო მითითებული. მოსარჩელე სკოლაში შევიდა, ასევე პოლიციის აკადემია დაამთავრა, როგორც 1983 წლის 24 აპრილს დაბადებულმა პირმა. პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პასპორტიც აღებული აქვს ამავე მონაცემებით. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დმანისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 5 მაისს განხორციელდა ქ. მ-ის დაბადების რეგისტრაცია 1983 წლის 24 აპრილის მონაცემებით.

მოსარჩელემ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და 1984 წლის 19 მაისს განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და მოითხოვა ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დმანისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ განხორციელებული დაბადების აქტის ჩანაწერის ძალაში დატოვება. სააგენტოს 2016 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 1984 წლის 24 აპრილს ქ. მ-ის დაბადების შესახებ ხაშურის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ 1984 წლის 19 მაისს განხორციელებული #... დაბადების აქტის ჩანაწერის, ქ. მ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 1 სექტემბრის #... გადაწყვეტილებისა და ქ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 29 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ქ. მ-ის სარჩელი, მოპასუხეების - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხაშურის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის (მმაჩის) განყოფილების მიერ 1984 წლის 19 მაისს რეგისტრირებული დაბადების აქტის #... ჩანაწერის მიხედვით, ქ. მ-ი დაიბადა 1984 წლის 24 აპრილს. დაბადების ადგილი - ხაშური, მამა - გ. ნ. მ-ი, დედა - ი. ვ. კ-ე. დაბადების ფაქტის დამადასტურებელ საბუთად მითითებულია ხაშურის რაისამშობიარო სახლის 1984 წლის 28 აპრილის ცნობა, ხოლო მამის მონაცემების შესახებ ჩანაწერის საფუძვლად - ქორწინების მოწმობა #... . დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე განმცხადებელია მ. უ-ე. ყველა ეს მონაცემი სააქტო ჩანაწერის პირველ და მეორე ეგზემპლარში ემთხვევა ერთმანეთს, მხოლოდ მეორე ეგზემპლარში აქტის ჩანაწერის ნომერი ... გადასწორებულია ... . სააქტო ჩანაწერის ორივე ეგზემპლარში მითითებულია, რომ მის საფუძველზე გაცემულია დაბადების მოწმობა #... . სააქტო ჩანაწერის მეორე ეგზემპლარში დამატებით მითითებულია, რომ 1987 წლის 16 დეკემბერს გაცემულია #... დაბადების მოწმობა, ასევე გაცემულია #... დაბადების მოწმობა, რომლის გაცემის თარიღი ზუსტად არ იკითხება, სავარაუდოდ 1988 წლის 29 მაისი. სააქტო ჩანაწერებში აღნიშნული პირველადი დაბადების მოწმობა #... სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. საქმეშია მხოლოდ განმეორებითი დაბადების მოწმობები - #... და #... .

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ #... დაბადების მოწმობაში ქ. მ-ის დაბადების თარიღად მითითებულია 1983 წლის 24 აპრილი. მოწმობაში არ არის მითითებული მისი გაცემის თარიღი. მასში აღნიშნულია, რომ დაბადების აქტი რეგისტრირებულია 1983 წლის 19 მაისს, სააქტო ჩანაწერის ნომერი ... . სასამართლოს დავალებით, მოპასუხემ წარმოადგინა 1983 წელს ... ნომრით რეგისტრირებული დაბადების სააქტო ჩანაწერი, რომელიც შედგენილია არა ქ. მ-ის, არამედ სხვა პირის - თ. გ-ის სახელზე. რეგისტრაცია მოხდენილია 1983 წლის 25 მაისს. #... დაბადების მოწმობის საფუძველზე ქ. მ-ის სახელზე 2001 წლის 29 მაისს შსს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების მიერ გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. 2007 წლის 29 მაისს ამავე დაბადების მოწმობის საფუძველზეა გაცემული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სამსახურის მიერ ქ. მ-ის პირადობის მოწმობა. ამავე წელს გაცემულ პირადობის მოწმობაში, ასევე 2007 და 2010 წლებში გაცემულ ქ. მ-ის საქართველოს მოქალაქის პასპორტში დაბადების თარიღად მითითებულია 1983 წლის 24 აპრილი.

შსს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში შევსებულ პირადობის მოწმობის გაცემისა და პირის რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება-ანკეტებში, რომელსაც ქ. მ-ი თვითონ აწერს ხელს, მისი დაბადების თარიღად მითითებულია 1984 წლის 24 აპრილი, თუმცა ერთგან 1984 წელი გადასწორებულია 1983 წლად. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დმანისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ქ. მ-ი დაიბადა 1983 წლის 24 აპრილს ხაშურში, მშობლები: გ. მ-ი, ი. კ-ე. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, 2016 წლის 5 მაისს რეგისტრირებულია დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი #... 1983 წლის 24 აპრილს დაბადებული ქ. მ-ის მონაცემებით, რომლის საფუძველზეც გაცემულია დაბადების მოწმობა #... .

2016 წლის 20 ივლისს ქ. მ-ის წარმომადგენელმა, იამზე კიკნაძემ დმანისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მიმართა და მოითხოვა ხაშურის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქ. მ-ის დაბადების შესახებ 1984 წლის 19 მაისის სააქტო ჩანაწერის გაუქმება და დმანისის სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერის ძალაში დატოვება. ეს განცხადება დმანისის სამსახურმა გადაუგზავნა ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს. სსგს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 1 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით მოთხოვნა ხაშურის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქ. მ-ის დაბადების შესახებ 1984 წლის 19 მაისის სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მიღებული გადაწყვეტილება ქ. მ-ის წარმომადგენელმა - ი. კ-ემ გაასაჩივრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და მოითხოვა ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დმანისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ განხორციელებული დაბადების აქტის ჩანაწერის ძალაში დატოვება. საჩივარი წარმოებაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში. სააგენტოს 2016 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ასევე დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დროს სსგ სააგენტოსა და ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ სამედიცინო დაწესებულებებიდან, სკოლიდან და ეროვნული არქივიდან ქ. მ-ის საქმესთან დაკავშირებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ბავშვის დაბადებისა და განვითარების ისტორიის შესახებ, თუმცა ამ დაწესებულებებში შესაბამისი ინფორმაცია დაცული არ აღმოჩნდა. სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ხაშურის #... საჯარო სკოლიდან, რომლის მიხედვით, ქ. მ-ი, სკოლის დირექტორის 1990 წლის 16 ოქტომბრის #16 ბრძანების საფუძველზე, ჩაირიცხა ხაშურის #... საშუალო სკოლის პირველ კლასში. სხვა ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული.

სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. მ-ის დაბადების აქტის რეგისტრაციის დროს მოქმედი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1971 წლის 9 მარტის #133 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მიხედვით, დაბადების რეგისტრაცია წარმოებდა ბავშვის დაბადების ადგილის ან მშობლების ან ერთ-ერთი მათგანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ინსტრუქციის მე-13 მუხლის შესაბამისად, განცხადება ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ კეთდებოდა სიტყვიერი ან წერილობითი სახით, მშობელთა ან ერთ-ერთი მათგანის მიერ, ხოლო მათი ავადმყოფობის, გარდაცვალების ან სხვა მიზეზის გამო თუ არ შეეძლოთ განცხადების შეტანა, განცხადება შეჰქონდათ ნათესავებს, ან სხვა პირებს, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას, სადაც ბავშვის დედამ იმშობიარა. ხაშურის მმაჩის განყოფილების მიერ 1984 წლის 19 მაისს რეგისტრირებული ქ. მ-ის დაბადების #... ჩაწერის აქტის (რომელსაც ასაჩივრებს მოსარჩელე) შედგენისას ზემოაღნიშნული ინსტრუქციის მოთხოვნები დაცული იყო. აქტი არ იძლევა ინფორმაციას წარდგენილი იყო თუ არა მშობელთა პირადობის მოწმობები, თუმცა ეს გავლენას ვერ მოახდენდა დაბადების რეგისტრაციაზე, რადგან წარდგენილი იყო ცნობა სამშობიარო სახლიდან, ხოლო განაცხადი შეტანილი იყო არა მშობლების, არამედ ბებიის მიერ.

მოსარჩელე აქტის ბათილობის ძირითად საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებას, რომ მასში დაბადების წელი არასწორად იყო მითითებული - ნაცვლად 1983 წლისა წერია 1984 წელი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ეს მოსაზრება, რადგან საქმის განხილვისას მოსარჩელის 1983 წლის 24 აპრილს დაბადების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი. ამავე დროს, ინსტრუქციის 27-ე მუხლის მიხედვით, თუ განცხადება დაბადების აქტის რეგისტრაციის შესახებ შეტანილი იქნებოდა ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, დაბადების რეგისტრაცია წარმოებდა დაბადების შესახებ აღდგენილი აქტების რეგისტრაციის წიგნში და დაბადების სააქტო ჩანაწერში რიგითი ნომრის შემდეგ მიეწერებოდა სიტყვები „ვადის გაშვებით რეგისტრაცია“. გასაჩივრებულ სააქტო ჩანაწერში ასეთი მინაწერი არ იყო, ამდენად, უნდა ჩათვლილიყო, რომ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია განხორციელდა დაბადებიდან ერთი თვის ვადაში და არა ერთი წლის შემდეგ. შესაბამისად, თუ რეგისტრაცია განხორციელდა 1984 წლის 19 მაისს, მაშინ დაბადების თარიღი უნდა იყოს 1984 წლის 24 აპრილი და არა 1983 წლის 24 აპრილი.

გარდა ამისა, ინსტრუქციის თანახმად, დაბადების აქტში მამის შესახებ ჩანაწერი კეთდებოდა ქორწინების მოწმობის მიხედვით. სადავოდ გამხდარ აქტში მითითებულია, რომ მამის შესახებ ჩანაწერის საფუძველი იყო ქორწინების მოწმობა #..., ეს უკანასკნელი კი გაცემული იყო 1984 წლის 19 მაისს, რაც ემთხვეოდა დაბადების რეგისტრაციის თარიღს. ამავე დროს, მოსარჩელის წარმომადგენელი (მოსარჩელის დედა) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საქმის ზეპირი განხილვისას უთითებდა, რომ ქ. მ-ის დაბადების მოწმობა მას არ დასჭირვებია ბავშვის საბავშვო ბაღის ასაკის მიღწევამდე, ხოლო როდესაც დასჭირდა, იგი გაიცა დაბადების თარიღის - 1983 წლის 24 აპრილის მითითებით. მისი განმარტებით, ამ თარიღით დაბადების მოწმობა გაცემული იყო ორჯერ, რომელთაგან ერთ-ერთი ინახებოდა შსს აკადემიაში. სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა აღნიშნული მოწმობა და აღმოჩნდა, რომ იგი გაცემულია 1987 წლის 16 დეკემბერს სადავოდ გამხდარი სააქტო ჩანაწერის საფუძველზე და მასში ბავშვის დაბადების თარიღად მითითებულია 1984 წლის 24 აპრილი. თვითონ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დაბადების მოწმობა, სადაც დაბადების თარიღად 1983 წლის 24 აპრილია აღნიშნული, არ შეიცავს მონაცემებს მისი გაცემის თარიღის შესახებ. მასში მითითებულია, რომ გაცემულია 1983 წლის 19 მაისს შედგენილი #... სააქტო ჩანაწერის საფუძველზე. სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 1983 წელს განხორციელებული #... დაბადების სააქტო ჩანაწერი, რომელიც ეკუთვნის არა ქ. მ-ს, არამედ სხვა პირს. ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 104-ე მუხლის თანახმად, სააქტო ჩანაწერის ნუმერაცია იწყებოდა პირველი ნომრით და თანმიმდევრულად ტარდებოდა მთელი წლის განმავლობაში 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. ამდენად, არ შეიძლება არსებობდეს 1983 წელს შედგენილი #... სააქტო ჩანაწერი ქ. მ-ის სახელზე, რადგან ამ ნომრით არსებობს სხვა პირის დაბადების სააქტო ჩანაწერი. ეს გარემოებები სასამართლომ მიიჩნია საკმარისად იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დაბადების მოწმობა, სადაც ქ. მ-ის დაბადების თარიღად მითითებულია 1983 წლის 24 აპრილი, არ შეიცავს სარწმუნო მონაცემებს ბავშვის დაბადების თარიღის შესახებ.

სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ პირადობის მოწმობის გასაცემად და პირის რეგისტრაციის შესახებ წარდგენილ განცხადება-ანკეტებში ქ. მ-ს თვითონ აქვს ჩაწერილი თავის დაბადების თარიღად 1984 წლის 24 აპრილი, რომელიც შემდეგ ერთგან არის გადასწორებული 1983 წლად. ამავე დროს შსს აკადემიაში თვითონვე აქვს წარდგენილი დაბადების მოწმობა 1984 წლის 24 აპრილის მონაცემებით. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ სკოლიდან გამოთხოვილი ცნობის მიხედვით, ქ. მ-ი პირველ კლასში ჩაირიცხა 1990 წელს. თუ მოსარჩელის მითითება სწორია, მაშინ ბავშვი სკოლაში, როგორც წესი, უნდა შესულიყო 6 წლის ასაკში 1989 წელს და არა 1990 წელს - შვიდი წლის ასაკში. რატომ არ იქნა მიყვანილი იგი სკოლაში 6 წლისა, ამის დამაჯერებელი ახსნა, რაიმე ობიექტური მიზეზი მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია. ამდენად, უნდა ჩაითვალოს, რომ ბავშვი სკოლაში მივიდა 1990 წელს 6 წლის ასაკში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. მ-ის დაბადების თარიღია 1984 წლის 24 აპრილი და არა 1983 წლის 24 აპრილი.

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ვინაიდან, ვერ დადგინდა იმ გარემოების საწინააღმდეგო, რომ ქ. მ-ის დაბადების თარიღია 1984 წლის 24 აპრილი, ხოლო 1984 წლის 19 მაისს რეგისტრირებული დაბადების აქტის #... ჩანაწერი მოქმედი კანონმდებლობის დაცვითაა შედგენილი, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ამ აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხაშურის მმაჩის განყოფილების მიერ შედგენილ დაბადების აქტის ჩანაწერს, უტყუარობის თვალსაზრისით, კონკურენციას ვერ გაუწევდა დმანისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 5 მაისს შედგენილი დაბადების აქტის ჩანაწერი, რადგან იგი შედგენილია იურიდიული მნიშვნელობის მქონე (დაბადების) ფაქტის დადგენის შესახებ დმანისის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 90-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შეუძლებელია ან დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან. მოცემულ შემთხვევში, ქ. მ-ის დაბადების შესახებ მონაცემები არსებობდა ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში და მისი აღდგენა არც შეუძლებელი იყო და არც არათანაზომიერ ხარჯებს იწვევდა. იმავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მიზნით და შემდგომ გამოვლინდა, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შესაძლებელია, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას წყვეტს ნებისმიერ სტადიაზე, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება. კანონის ეს ჩანაწერი ადასტურებს წერილობითი დოკუმენტების საფუძველზე შედგენილი სააქტო ჩანაწერის მონაცემების უპირატესობას, უტყუარობის თვალსაზრისით, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის საფუძველზე შედგენილი სააქტო ჩანაწერის მონაცემებთან.

ვინაიდან, 1984 წლის 19 მაისის დაბადების ჩაწერის #... აქტის ბათილობის საფუძველი არ არსებობდა, სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ქ. მ-ის განცხადებასთან და მის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული სსგ სააგენტოს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 1 სექტემბრის და სსგ სააგენტოს 2016 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებები და სარჩელი მათი ბათილად ცნობის ნაწილშიც არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ქ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაიზიარა ხაშურის რაიონული სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა მათზე და დამატებით განმარტა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობდა 1984 წლის 19 მაისის დაბადების ჩაწერის #... აქტის ბათილობის საფუძველი და შესაბამისად, ასევე კანონიერი იყო ქ. მ-ის განცხადებასა და მის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული სსგ სააგენტოს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 1 სექტემბრისა და სსგ სააგენტოს 2016 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებები.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის მხრიდან რაიმე ტიპის დამატებითი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა აპელანტისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტის მითითება გასაჩივრებული აქტების კანონშეუსაბამობის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სადავო აქტების ძალაში დატოვების შემთხვევაში, მას მიადგება გამოუსწორებელი ზიანი. იგი 9 წელია ცხოვრობს შვედეთის გაერთიანებულ სამეფოში და ელოდება მოქალაქეობას. ქ. მ-ის ორივე შვილის დაბადების მოწმობებში დედის დაბადების თარიღად მითითებულია 1983 წლის 24 აპრილი. 1984 წლის 19 მაისის სააქტო ჩანაწერის ძალაში დატოვება გავლენას მოახდენს შვედეთის მოქალაქეობის მიღებაზე. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით ასევე არ დაასაბუთა, თუ რა ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდა კასატორს, რომ დაბადების თარიღად მიუთითოს 1983 და არა 1984 წელი. ასევე, გაუგებარია მოწინააღმდეგე მხარის იურიდიული ინტერესი მაშინ, როცა თავად აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას ვერ მოიძებნა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კასატორის 1984 ან 1983 წელში დაბადებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საქმის სასამართლო განხილვისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ხაშურის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის (მმაჩის) განყოფილების მიერ 1984 წლის 19 მაისს რეგისტრირებული დაბადების აქტის #223 ჩანაწერის მიხედვით, ქ. მ-ი დაიბადა 1984 წლის 24 აპრილს, დაბადების ადგილი - ხაშური, მამა - გ. ნ-ის ძე მ-ი, დედა - ი. ვ-ის ასული კ. დაბადების ფაქტის დამადასტურებელ საბუთად მითითებულია ხაშურის რაისამშობიარო სახლის 1984 წლის 28 აპრილის ცნობა, ხოლო მამის მონაცემების შესახებ ჩანაწერის საფუძვლად - #290095 ქორწინების მოწმობა. დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე განმცხადებელი იყო მ. უ-ე (ბავშვის ბებია). საქმის მასალებით დასტურდება დაბადების აქტის ჩანაწერის ორი ეგზემპლარის არსებობა, სადაც ყველა მონაცემი ემთხვევა ერთმანეთს, მხოლოდ მეორე ეგზემპლარში აქტის ჩანაწერის ნომერი 223 გადასწორებულია 224-ად. სააქტო ჩანაწერის ორივე ეგზემპლარში აღნიშნულია, რომ მის საფუძველზე გაცემულია დაბადების მოწმობა #279331. სააქტო ჩანაწერის მეორე ეგზემპლარში დამატებით მითითებულია, რომ 1987 წლის 16 დეკემბერს გაცემულია #279466 დაბადების მოწმობა, ასევე გაცემულია #270290 დაბადების მოწმობა, რომლის გაცემის თარიღი ზუსტად არ იკითხება, სავარაუდოდ, 1988 წლის 29 მაისი. აღსანიშნავია, რომ სააქტო ჩანაწერებში მითითებული პირველადი დაბადების მოწმობა - #279331 სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. საქმეშია მხოლოდ განმეორებითი დაბადების მოწმობები - #270290 და #279466.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გადმოგზავნილ ქ. მ-ის #279466 დაბადების მოწმობაში მითითებული მონაცემები მთლიანად ემთხვევა სააქტო ჩანაწერებში მითითებულ მონაცემებს, მათ შორის, ბავშვის დაბადების წელი - 1984. მოწმობის გაცემის თარიღია 1987 წლის 16 დეკემბერი. ასევე, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ #270290 დაბადების მოწმობაში ქ. მ-ის დაბადების თარიღია 1983 წლის 24 აპრილი. მოწმობაში არ არის მითითებული მისი გაცემის თარიღი. მასში აღნიშნულია, რომ დაბადების აქტი რეგისტრირებულია 1983 წლის 19 მაისს, სააქტო ჩანაწერის ნომერი 224. სასამართლოს დავალებით, მოპასუხე მხარემ წარადგინა 1983 წელს 224 ნომრით რეგისტრირებული დაბადების სააქტო ჩანაწერი, რომელიც შედგენილია არა ქ. მ-ის, არამედ სხვა პირის - თ. გ-ის სახელზე. ამასთან, დადგენილია, რომ #270290 დაბადების მოწმობის საფუძველზე, ქ. მ-ის სახელზე 2001 წლის 29 მაისს შსს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების მიერ გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. ამავე დაბადების მოწმობის საფუძველზეა გაცემული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სამსახურის მიერ 2007 წლის 29 მაისს ქ. მ-ის პირადობის მოწმობა. ამ პირადობის მოწმობაში, ასევე 2007 და 2010 წლებში გაცემულ ქ. მ-ის საქართველოს მოქალაქის პასპორტში დაბადების თარიღად მითითებულია 1983 წლის 24 აპრილი. შსს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში შევსებულ პირადობის მოწმობის გაცემის და პირის რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება-ანკეტებში, რომლებსაც ქ. მ-ი თვითონ აწერს ხელს, მისი დაბადების თარიღად მითითებულია 1984 წლის 24 აპრილი, თუმცა ერთგან 1984 წელი გადასწორებულია 1983 წლად.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დმანისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ქ. მ-ი დაიბადა 1983 წლის 24 აპრილს ხაშურში, მშობლები: გ. მ-ი, ი. კ-ე. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, 2016 წლის 5 მაისს რეგისტრირებულია დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი #24161000048, 1983 წლის 24 აპრილს დაბადებული ქ. მ-ის მონაცემებით, რომლის საფუძველზეც გაცემულია დაბადების მოწმობა #24166000348 (ამჟამად აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად არის ცნობილი).

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ქ. მ-ის სახელზე გაცემული ხაშურის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის (მმაჩის) განყოფილების მიერ 1984 წლის 19 მაისს რეგისტრირებული #223 დაბადების სააქტო ჩანაწერის მართლზომიერების საკითხის დადგენა, რომლის თანახმად, ქ. მ-ი დაიბადა 1984 წლის 24 აპრილს. მეორე მხრივ, არსებობს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში წარდგენილი #270290 დაბადების მოწმობა, რომელშიც ქ. მ-ის დაბადების თარიღად მითითებულია 1983 წლის 24 აპრილი. აღსანიშნავია, რომ #270290 დაბადების მოწმობა არ შეიცავს მონაცემებს მისი გაცემის თარიღის შესახებ. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დმანისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ქ. მ-ი დაიბადა 1983 წლის 24 აპრილს. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებულია დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და გაცემულია დაბადების მოწმობა. ქ. მ-ის წარმომადგენელმა სწორედ ხაშურის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქ. მ-ის დაბადების შესახებ 1984 წლის 19 მაისის სააქტო ჩანაწერის გაუქმებისა და დმანისის სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერის ძალაში დატოვების მოთხოვნით მიმართა დმანისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს. ეს განცხადება დმანისის სამსახურმა გადაუგზავნა ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, დმანისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი ქ. მ-ის 1983 წლის 24 აპრილს დაბადების შესახებ, გაბათილებულია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოების დადგენას, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს თუ არა 1984 წლის 19 მაისის დაბადების ჩანაწერის #223 აქტის ბათილობის საფუძველი. ასევე, შეფასება უნდა მიეცეს იმ უმნიშვნელოვანეს საკითხს კანონიერია თუ არა ქ. მ-ის განცხადებასთან და მის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 1 სექტემბრისა და სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებები. აღსანიშნავია, რომ სსგს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 1 სექტემბრის #065516004148 გადაწყვეტილებით მოთხოვნა - ხაშურის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქ. მ-ის დაბადების შესახებ 1984 წლის 19 მაისის სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. მიღებული გადაწყვეტილება ქ. მ-ის წარმომადგენელმა - ი. კ-მ გაასაჩივრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და მოითხოვა ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დმანისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ განხორციელებული დაბადების აქტის ჩანაწერის ძალაში დატოვება. სააგენტოს 2016 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველი სამართალურთიერთობის მიმართ გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს და მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მთავარ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არ დასტურდება 1984 წლის 19 მაისის შედგენილი #223 დაბადების აქტის ჩანაწერის სიყალბე. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მოსაზრებებს გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმატიული აქტების არასწორი გამოყენებისა და #223 დაბადების აქტის ჩანაწერში არასწორი დაბადების თარიღის (1984 წელი) მითითების უკანონობის შესახებ. კასატორის მოსაზრება რეალური დაბადების თარიღისა და სადავო სააქტო ჩანაწერში მითითებული თარიღის შეუსაბამობის შესახებ არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს და არ უარყოფს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოყვანილ არგუმენტაციას, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებდა ბავშვის დაბადების რეგისტრაციას მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში როგორც ბავშვის დაბადების ადგილის, ასევე მშობლების ან ერთ-ერთი მათგანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს ქ. მ-ის დაბადების აქტის რეგისტრაციის დროს მოქმედი საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1971 წლის 9 მარტის #133 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, დაბადების რეგისტრაცია წარმოებს ბავშვის დაბადების ადგილის ან მშობლების ან ერთ-ერთი მათგანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ინსტრუქციის მე-13 მუხლის შესაბამისად, განცხადება ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ კეთდება სიტყვიერი ან წერილობითი სახით, მშობელთა ან ერთ-ერთი მათგანის მიერ, ხოლო მათი ავადმყოფობის, გარდაცვალების ან სხვა მიზეზის გამო თუ არ შეუძლიათ განცხადების შეტანა, - განცხადება შეაქვთ ნათესავებს, ან სხვა პირებს, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას, სადაც ბავშვის დედამ იმშობიარა. ინსტრუქციის მე-18 მუხლის მიხედვით, განცხადება შეტანილ უნდა იქნეს ბავშვის დაბადებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, ხოლო ამავე ინსტრუქციის მე-20 მუხლის მიხედვით, წარსადგენი საბუთები იყო ბავშვის დაბადების ფაქტისა და დროის დამადასტურებელი ცნობა სამშობიარო სახლიდან, მშობლების პირადობისა და ქორწინების მოწმობები. განსახილველ შემთხვევაში, მითითებული ინსტრუქციის მოთხოვნები დაცული იყო. სადავო აქტი არ იძლევა ინფორმაციას წარდგენილი იყო თუ არა მშობელთა პირადობის მოწმობები, თუმცა ეს გავლენას ვერ მოახდენდა დაბადების რეგისტრაციაზე, რადგან წარდგენილი იყო ცნობა სამშობიარო სახლიდან, ხოლო განაცხადი შეტანილი იყო არა მშობლების, არამედ ბებიის მიერ. ამდენად, კასატორის პრეტენზია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მას ამ მიმართებით არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არსებული შსს აკადემიიდან გამოთხოვილი დაბადების მოწმობით დგინდება, რომ იგი გაცემულია 1987 წლის 16 დეკემბერს სადავოდ გამხდარი სააქტო ჩანაწერის საფუძველზე და მასში ბავშვის დაბადების თარიღად მითითებულია 1984 წლის 24 აპრილი. ქ. მ-ის მიერ წარმოდგენილი დაბადების მოწმობა, სადაც დაბადების თარიღად 1983 წლის 24 აპრილია აღნიშნული, არ შეიცავს მონაცემებს მისი გაცემის თარიღის შესახებ. მასში მითითებულია, რომ გაცემულია 1983 წლის 19 მაისს შედგენილი #224 სააქტო ჩანაწერის საფუძველზე. საქმის მასალებში დაცულია ასევე 1983 წელს განხორციელებული #224 დაბადების სააქტო ჩანაწერი, რომელიც ეკუთვნის არა ქ. მ-ს, არამედ სხვა პირს. ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 104-ე მუხლის თანახმად, სააქტო ჩანაწერის ნუმერაცია იწყებოდა პირველი ნომრით და თანმიმდევრულად ტარდებოდა მთელი წლის განმავლობაში 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. ამდენად, არ შეიძლება არსებობდეს 1983 წელს შედგენილი #224 სააქტო ჩანაწერი ქ. მ-ის სახელზე, რადგან ამ ნომრით არსებობს სხვა პირის დაბადების სააქტო ჩანაწერი. გარდა ამისა, პირადობის მოწმობის გასაცემად და პირის რეგისტრაციის შესახებ წარდგენილ განცხადება-ანკეტებში ქ. მ-ს თვითონ აქვს ჩაწერილი თავის დაბადების თარიღად 1984 წლის 24 აპრილი, რომელიც შემდეგ გადასწორებული აქვს 1983 წლად. ამავე დროს შსს აკადემიაში თვითონვე აქვს წარდგენილი დაბადების მოწმობა 1984 წლის 24 აპრილის მონაცემებით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ სკოლიდან გამოთხოვილი ცნობის მიხედვით, ქ. მ-ი პირველ კლასში ჩაირიცხა 1990 წელს, ანუ 7 წლის ასაკში. რატომ არ იქნა მიყვანილი იგი სკოლაში 6 წლისა, ამ ფაქტის ლოგიკური ახსნა, ან რაიმე ობიექტური მიზეზი ქ. მ-ის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა არც ერთი ინსტანციის სასამართლოში. ამდენად, უნდა ჩაითვალოს, რომ ბავშვი სკოლაში მივიდა 1990 წელს 6 წლის ასაკში.

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ სამედიცინო დაწესებულებებიდან, სკოლიდან და ეროვნული არქივიდან ქ. მ-ის საქმესთან დაკავშირებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ბავშვის დაბადებისა და განვითარების ისტორიის შესახებ, თუმცა ამ დაწესებულებებში შესაბამისი ინფორმაცია დაცული არ აღმოჩნდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ხაშურის #3 საჯარო სკოლიდან, რომლის მიხედვით, ქ. მ-ი, სკოლის დირექტორის 1990 წლის 16 ოქტომბრის #16 ბრძანების საფუძველზე, ჩაირიცხა ხაშურის #3 საშუალო სკოლის პირველ კლასში. სხვა ინფორმაცია (სკოლის დამთავრების ან კლასიდან კლასში გადასვლის თაობაზე) ვერ იქნა მოძიებული.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დაბადების მოწმობა, სადაც ქ. მ-ის დაბადების თარიღად მითითებულია 1983 წლის 24 აპრილი, არ შეიცავს სარწმუნო მონაცემებს ბავშვის დაბადების თარიღის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. განსახილველ შემთხვევაში ვერ დადგინდა იმ გარემოების საწინააღმდეგო, რომ ქ. მ-ის დაბადების თარიღია 1984 წლის 24 აპრილი, ხოლო 1984 წლის 19 მაისს რეგისტრირებული დაბადების აქტის #223 ჩანაწერი მოქმედი კანონმდებლობის დაცვითაა შედგენილი და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ხაშურის მმაჩის განყოფილების მიერ შედგენილ დაბადების აქტის ჩანაწერს, უტყუარობის თვალსაზრისით, კონკურენციას ვერ გაუწევდა დმანისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 5 მაისს შედგენილი დაბადების აქტის ჩანაწერი, რადგან იგი შედგენილი იყო იურიდიული მნიშვნელობის მქონე (დაბადების) ფაქტის დადგენის შესახებ დმანისის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 90-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შეუძლებელია ან დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან. მოცემულ შემთხვევაში ქ. მ-ის დაბადების შესახებ მონაცემები არსებობდა ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში და მისი აღდგენა არც შეუძლებელი იყო და არც არათანაზომიერ ხარჯებს იწვევდა. ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მიზნით და შემდგომ გამოვლინდა, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შესაძლებელია, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას წყვეტს ნებისმიერ სტადიაზე, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება. კანონის ეს ჩანაწერი ადასტურებს წერილობითი დოკუმენტების საფუძველზე შედგენილი სააქტო ჩანაწერის მონაცემების უპირატესობას, უტყუარობის თვალსაზრისით, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის საფუძველზე შედგენილი სააქტოს ჩანაწერის მონაცემებთან შედარებით (დღეის მდგომარეობით დმანისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 5 მაისს შედგენილი დაბადების აქტის ჩანაწერი ბათილად არის ცნობილი).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს 1984 წლის 19 მაისის დაბადების აქტის #223 ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი და შესაბამისად, ასევე კანონიერია ქ. მ-ის განცხადებასა და მის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული სსგ სააგენტოს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 1 სექტემბრის და სსგ სააგენტოს 2016 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ქ. მ-ის ინტერესს წარმოადგენს მისი რეალური დაბადების თარიღის გამორკვევა, რის საფუძველზეც გასწორდება პირვანდელი დაბადების სააქტო ჩანაწერში აღნიშნული უზუსტობა. კასატორის მითითებით, საჯარო მოხელეთა შეცდომით, უკანონოდ იზღუდება მისი უფლებები და გამოუსწორებელი ზიანი ადგება მის ინტერესებს. განსახილველი სარჩელის ფარგლებში როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თვალსაზრისით, დასაბუთებულია.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სადავო აქტი - ხაშურის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის (მმაჩის) განყოფილების მიერ 1984 წლის 19 მაისს რეგისტრირებული დაბადების აქტის #223 ჩანაწერი, რომელსაც დაბადების ფაქტის დამადასტურებელ საბუთად საფუძვლად უდევს ხაშურის რაისამშობიარო სახლის 1984 წლის 28 აპრილის ცნობა, კანონიერია, ვიდრე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ამ დოკუმენტის სიყალბე არ დადგინდება, რაც შეიძლება გახდეს რეგისტრაციის ჩანაწერში ცვლილების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორს - ქ. მ-ს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააბათილებდა სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი