Facebook Twitter

საქმე Nბს-827(კს-18) 2 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მესამე პირები - ს. ბ-ი, ი. ბ-ი, ჯ. მ-ი

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. ბ-მა 2014 წლის 7 მარტს სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2001 წლის 21 სექტემბერს განხორციელებული ე. გ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა უძრავ ნივთზე ს/კ ...; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 12 თებერვლის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 26 თებერვლის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 20 სექტემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-მა თავისი წარმომადგენლის დ. ნ-ის მეშვეობით და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინებით, აპელანტ - ა. ბ-ს დაუდგინდა ხარვეზი, სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღე და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის განჩინებით დადგენილ ვადაში წარდგენა, ამასთან კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივლისის განჩინებით ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაიგზავნა აპელანტ ა. ბ-ის წარმომადგენელს - დ. ნ-ს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2018 წლის 31 მაისს (ჩაიბარა საადვოკატო ბიუროს წარმომადგენელმა ო. ს-მა პ/ნ ...). დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად აპელანტს სასამართლოსთვის არ მიუმართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზი არ შეავსო.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2018 წლის 22 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ბ-მა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 30 მაისის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა, რომლის წარუდგენლობის გამოც 2018 წლის 22 ივნისს განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის განხილვას, ამდენად სააპელაციო სასამართლოს მიერ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების მარეგულირებელი ძირითადი ნორმაა და შეიცავს მნიშვნელოვან საპროცესო სამართლებრივ გარანტიებს. ამასთან უზრუნველყოფს უფლების სასამართლო წესით დაცვას. კონსტიტუციური ნორმის ანალოგიურად, აღნიშნული უფლება გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ უნდა აბრკოლებდეს საქმის არსებითად განხილვას, აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა და ხარვეზის შეუვსებლობა მიჩნეულ იქნეს საპატიოდ და დაევალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივრის განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ა. ბ-ის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დაცვით მოხდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაგზავნა და შესაბამისად, ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გამოტანა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება სასამართლო აქტის მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განჩინება ა. ბ-ის წარმომადგენელს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2018 წლის 31 მაისს (ჩაიბარა საადვოკატო ბიუროს წარმომადგენელმა ო. ს-მა პ/ნ ...).

განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების შესახებ აპელანტისათვის საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 1 ივნისს, შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა დასრულდა 2018 წლის 11 ივნისს. აღნიშნულ ვადაში ა. ბ-ის მიერ არ იქნა შევსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, ა. ბ-ს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ მიუმართავს განცხადებით, განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა საპატიო მიზეზია და არ უნდა მოჰყვეს ასეთი შედეგი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რამდენადაც სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა განთავისუფლება შესაძლებელია კანონის იმპერატიული ნების საფუძველზე, როდესაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან პირის გათავისუფლება სასამართლოს ერთმნიშვნელოვანი, კანონისმიერი ვალდებულებაა, კერძოდ, საერთო სასამართლოებში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან კანონისმიერი გათავისუფლების საფუძველს ითვალისწინებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი. ხსენებული საკანონმდებლო აქტებით დადგენილია, როგორც კონკრეტული კატეგორიის დავების სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, ასევე იმ სუბიექტთა წრე, რომლებიც თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. გარდა კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევებისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ასეთი პოზიცია პირდაპირ გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დამკვიდრებული პრინციპიდან, „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა უგულებელყონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, ა. ბ-ს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ მიუმართავს განცხადებით, განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, შესაბამისად, კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები არ იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენილ საპროცესო ვადაში შეუვსებლობის გამო, სააპელაციო პალატას გააჩნდა ა. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განჩინება ა. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 64-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე