Facebook Twitter

საქმე Nბს-1010(კ-18) 16 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ხ. კ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. კ-მა 2017 წლის 2 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 29 მაისის №MES 7 17 00560036 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ხ. კ-ის სახელზე, 2009 წელს გაცემული „ალ“ №000194 დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს საოქმო განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა კერძო სამართლის იურიდიული პირი - ... .

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 29 მაისის №MES 7 17 00560036 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხ. კ-ის სახელზე 2009 წელს გაცემული „ალ“ №000194 დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „...“ ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საბჭოს (ოქმის N22 24.06.2008წ.) გადაწყვეტილებისა და მოპოვებული კრედიტების (240 კრედიტი) საფუძველზე, ხ. კ-ს მიენიჭა საბანკო საფინანსო საქმის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მის სახელზე 2009 წელს გაიცა AL/"ალ" N000194 დიპლომი. ამასთან, შპს „...“ არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად. "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 1-ლი პრიმა პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (განსახილველ პერიოდში მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 66-ე 1-ლი პრიმა მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. მიუხედავად აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა, სასამართლო უგულებელყოფს იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას, რომლის შესაბამისადაც, შპს „...“ 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან 2007 წლის ჩათვლით ხ. კ-ის სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, ხ. კ-ისათვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში შპს ... არ მოქმედება შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში და მოსარჩელის სახელზე 2009 წელს გაცემული უმაღლესი განათლების AL/"ალ" N000194 დიპლომი, ასევე არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. აღნიშნული კი გამორიცხავს მისი კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან სახეზე არაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (შემდგომში - წესი) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შინაარსი. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება წარმოადგენს, როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსსა და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის მიღებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა. ხ. კ-ი ითხოვდა შპს „...“ მიერ 2009 წელს გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებას, თუმცა ნამდვილობის დადასტურებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ „...“ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდეგ ხ. კ-ის სწავლის პერიოდი და აღნიშნულის საფუძველზე გაცემული ბაკალავრის ალ/AL №000194 დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2002 წლის 17 მაისს შპს „...“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №020641026 ლიცენზია, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის მითითება, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (2007 წლის 25 მაისის რედაქცია) 88–ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომელიც ადგენდა, რომ „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის N418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალნენ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტს, აღნიშნული პუნქტის საფუძველზე განისაზღვრა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა ჩაითვალოს აკრედიტებულად. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „...“ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 2002 წლის 17 მაისს გაცემულია საგანმანათლებლო საქმიანობის N020641026 ლიცენზია, ინსტიტუტის მხრიდან პროგრამული აკრედიტაციის შემდგომი განუხორციელებლობის მიუხედავად, 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებამდე ინსტიტუტის პროგრამა, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, ითვლებოდა აკრედიტებულად, რაც მას ამ პერიოდში აძლევდა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ. კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/ნ 202330566) დაუბრუნდეს 04.07.2018წ. №06268 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე