Facebook Twitter

საქმე Nბს-1123(გ-18) 16 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - მ. კ-ა

მოპასუხე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 23 აპრილს მ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მ. კ-ას მუშაობის შესახებ ფაქტის დადასტურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებით მ. კ-ას სარჩელი მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელზე მოპასუხედ მითითებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე საქმიანობას ახორციელებენ სხვადასხვა ტერიტორიაზე. თავისი ფუნქციის განხორციელებისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოები, თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, თბილისი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ადგილსამყოფელი. ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.07წ. 1/150-2007 გადაწყვეტილების 381-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს ადგილსამყოფლად განსაზღვრულია ასევე ქ. თბილისი. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 აგვისტოს N01/1459-ს წერილით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - ოჩამჩირის რაიონ სოფელ მერკულადან, შესაბამისად, ადმინისტრაციული დავის მონაწილე ორივე მხარე წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს, აქედან გამომდინარე, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლით დადგენილი, განსჯადობის განსაზღვრის საერთო წესისაგან განსხვავებული განსაკუთრებული წესი და მ. კ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს სოხუმისა და გაგრა -გუდაუთის რაიონულ სასამართლოს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. კ-ას სარჩელი, მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს.

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მ. კ-ას სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. 2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორცილებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია. ანუ ამ მუხლით დადგენილი სარჩელის განხილვის განსჯადობის წესი მოქმედებს მაშინ, თუკი ორივე მხარე იძულებით გადაადგილებული პირია. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 აგვისტოს N01/1459-ს მომართვიდან ირკვევა, რომ მ. კ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - ოჩამჩირის რაიონი, სოფ. მერკულადან. იგი დევნილად იყო რეგისტრირებული ქ. სენაკი, „ბ/ბაღი 6“ (არ გაუვლია 2007 წლის დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია). ასევე, წარმოდგენილი პასპორტიდან ირკვევა, რომ მ. კ-ა 2008 წლის 06 სექტემბრიდან არის რუსეთის მოქალაქე. ამდენად, ვინაიდან მ. კ-ა, 2007 წლიდან არ არის რეგისტრირებული დევნილად და წარმოადგენს რუსეთის მოქალაქეს, სარჩელი სოხუმისა და გაგრა - გუდაუთის რაიონული სასამართლოს იურისდიქციას არ ექვემდებარება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია მ. კ-ას მიერ, რომელიც არ წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, რაც იმთავითვე გამორიცხავს სარჩელის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს იურისდიქციისათვის დაქვემდებარების შესაძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. მართალია, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე და საერთო წესის თანახმად სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობა აწესებს აფხაზეთის სასამართლოებისათვის ამ წესისაგან განსხვავებულ, განსაკუთრებულ განსჯადობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.

ამდენად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოების იურისდიქციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზეთის სასამართლოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ არა მარტო ტერიტორიული პრინციპით, არამედ დევნილი მოსახლეობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოების დროებითი, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნორმის შინაარსს და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია მოსარჩელეზე, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირზე, რაც გამორიცხავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. კ-ას არ აქვს მინიჭებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი.

განსახილველ შემთხვევაში მ. კ-ას მოთხოვნა, მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიმართ არის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და იურიდული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე საქმიანობას ახორციელებენ სხვადასხვა ტერიტორიაზე. თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას, აფხაზეთის ავტონომიური რესბუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოები, თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის N33 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი 0102, დ. უზნაძის 68.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მ. კ-ას, არ აქვს მინიჭებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, შეუძლებელია მისი სარჩელი სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს იურისდიქციას დაექვემდებაროს, ამ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის საფუძველზე დადგენილი საერთო განსჯადობის წესები, ანუ სარჩელი უნდა წარედგინოს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს.

,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ. კ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. კ-ას სარჩელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე