საქმე Nბს-881-881(კ-18) 9 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-მა 2017 წლის 18 სექტემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 ივლისის MES 8 17 00866786 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ნ. მ-ის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის ალ №000001 დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 ივლისის MES 8 17 00866786 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. მ-ის სახელზე, გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის ალ №000001 (სარეგისტრაციო №000001) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი სრულიად შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საერთაშორისო აქტებითა და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. ცენტრის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნ. მ-ს უარი ეთქვა მის სახელზე 2006 წელს გაცემული დიპლომის "ალ" №000001 ნამდვილობის დადასტურებაზე იმ მოტივით, რომ "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (განსახილველ პერიოდში მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. შპს „...“ არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად. შესაბამისად, მის მიერ 2005-2006 სასწავლო წლის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა არ არის აღირებული სახელმწიფოს მიერ. ვინაიდან, ნ. მ-ს კვალიფიკაცია მიენიჭა 2006 წელს, ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაედასტურებინა მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, "ახალდაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის გავლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში." აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მუხლი ძალაში შევიდა 2006 წლის 17 მარტს (N2765) და მისი მოქმედება შეეხო ამ პერიოდის შემდგომ ახალდაფუძნებულ დაწესებულებებს, რომლებიც მოიპოვებდნენ ლიცენზიას. შესაბამისად, შპს „...“ აღნიშნული მუხლი ვერ გავრცელდება, რადგანაც ამ დაწესებულებამ ლიცენზია ამ მუხლის ამოქმედებამდე (17.05.2002) მიიღო. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს კანონის უკუძალით გამოყენებას. ამასთან, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია და განხორციელდა ქვეყანაში დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების სპეციალური მარეგულირებელი აქტის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" არსისა და მიზნის საწინააღმდეგო განმარტება. სასამართლომ არ გაითვალისწინა დიპლომის ნამდვილობის დადასტურების მიზანი და არსი, არასწორად განმარტა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის რიგი ნორმები, ამასთან კასატორს გაუმართლებლად მიაჩნია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით. მსგავსი ჩარევა იწვევს საკითხის გადაწყვეტას ისე, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი ,,მოცემულ შემთხვევაში ბოჭავს ადმინისტრაციულ ორგანოს - არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა", რაც სრულიად კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას იწვევს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა. ნ. მ-ი ითხოვდა შპს „...“ მიერ 2006 წელს გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებას, თუმცა ნამდვილობის დადასტურებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ნ. მ-ისათვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში (2006წ.) მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. შპს „...“ არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად, იგი ასევე არ წარმოადგენდა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა მიიჩნია,
რომ 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2006 წლის ჩათვლით ნ. მ-ის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ალ №000001 (სარეგისტრაციო №000001) დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2002 წლის 17 მაისს შპს „...“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №020641026 ლიცენზია, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნ. მ-ის სახელზე დიპლომის გაცემის დროს მოქმედებდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 661 მუხლი, რომლის თანახმად, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულებად ითვლებოდა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულების მიმართ მოქმედებდა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები. ამდენად, შპს „...“ 2002 წლის 17 მაისს გაცემული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №020641026 ლიცენზიის გათვალისწინებით, აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენდა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ დაწესებულებას, რადგან დიპლომის გაცემის დროისთვის (2006 წლისათვის) ლიცენზიის მინიჭებიდან ჯერ კიდევ არ იყო გასული 5 წელი.
ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (2005 სასწავლო წლის დასაწყისში მოქმედი რედაქცია) 88–ე მუხლის 11 პუნქტზე, რომელიც ადგენდა, რომ „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის N418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალნენ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. ხოლო რაც შეეხება ამავე მუხლის მე-3 პუნქტს, აღნიშნული პუნქტის საფუძველზე განისაზღვრა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა ჩაითვალოს აკრედიტებულად, შესაბამისად, შპს „...“ 2005-2006 წლებში ხელმძღვანელობდა ზემოთ მითითებული კანონმდებლობის შესაბამისად, ინსტიტუტის მხრიდან პროგრამული აკრედიტაციის შემდგომი განუხორციელებლობის მიუხედავად, 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებამდე ინსტიტუტის პროგრამა, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, ითვლებოდა აკრედიტებულად, რაც მას ამ პერიოდში აძლევდა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/ნ 202330566) დაუბრუნდეს 13.07.2018წ. №06502 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე