Facebook Twitter

#ბს-582-582(კ-18) 3 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 21 ივლისს ე. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ლენტეხის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხის - ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ ე. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 ივნისის #096 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინებით ე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთან, არასწორად განმარტა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც დაუკავშირა სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძველს. სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი.

ამასთან, კასატორმა ცაგერის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმის განხილვამდე საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა. კასატორის მითითებით, ცაგერის რაიონული სასამართლო იხილავს მის სარჩელს მოპასუხე მ. გ-ას მიმართ, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რის გამოც კასატორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით შეუძლებლად მიიჩნევს მოცემული საკასაციო საჩივრის განხილვას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ბ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მითითებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერებისას სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად შეიძლება სხვა საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ იქონიოს არსებითი მნიშვნელობა მოცემული საქმის გადაწყვეტაზე, ანუ საქმის წარმოების შეჩერებამდე უნდა დადგინდეს, თუ რა კავშირია სასამართლოს მიერ განსახილველ კონკრეტულ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება ან სხვა რომელიმე ორგანოს წარმოებაშია, რამდენად გამომდინარეობენ ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან.

ზემოთქმული მსჯელობიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლში სწორედ საქმის წარმოების გაგრძელების შეუძლებლობაზეა დათქმა, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ე. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 ივნისის #096 ბრძანება, რომელსაც საფუძვლად დაედო იმავე სამსახურის ... - მ. გ-ას მოხსენებით ბარათსა და განცხადებაში ასახული ფაქტი, რასაც მისი აღნიშვნით, ადგილი ჰქონდა სამსახურის ... კაბინეტში 2017 წლის 1 მაისს. მოხსენებითი ბარათით კი ირკვევა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამსახურის ... მოინდომა მისთვის ეკოცნა და მან იგი ხელის აქნევით მოიშორა.

2017 წლის 21 ივნისის ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა სხდომის #1 ოქმით ირკვევა, რომ ე. ბ-ის მხრიდან მ. გ-ას სექსუალური შევიწროების გამო ეთხოვა მუნიციპალიტეტის გამგებელს - ა. ჯ-ეს სიმართლის გარკვევამდე სასწრაფოდ გაეთავისუფლებინა სამსახურიდან შიდა აუდიტორის სამსახურის ... ე. ბ-ი.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 732.1 მუხლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურემ უნდა იმოქმედოს კოლეგიალობის პრინციპით, სამსახურებრივი ვალდებულების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას ამ კანონით დადგენილი ქცევის ზოგადი წესები, განსაკუთრებით იმ მოქალაქესთან ურთიერთობისას, რომელიც სარგებლობს მისი მომსახურებით. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით კი, საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ არსებობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის ... ე. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაც საკუთარი დისკრეციის ფარგლებში სწორად შეფასდა მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ბ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი