#ბს-388-388(კ-18) 3 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 3 იანვარს ზ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 28 დეკემბრის #3230687 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 2016 წლის 20 დეკემბრის #3158698 განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის, კერძოდ, ზ. ქ-ას შესახებ მასთან არსებული სრული ინფორმაციის გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 28 დეკემბრის #3230687 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 20 დეკემბრის #3158698 განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის, კერძოდ, ზ. ქ-ას შესახებ მასთან არსებული სრული ინფორმაციის გაცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 და 105.2 მუხლებზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ არ მომხდარა საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა ადმინისტრაციული საქმე (მოსარჩელე - ზ. ქ-ა, მოპასუხე - შინაგან საქმეთა სამინისტრო), სადაც 12.02.2018წ. მიღებულ იქნა საოქმო განჩინება, რომლის თანახმადაც, შს სამინისტროს დაევალა ზ. ქ-ას პირადი საქმის წარდგენა. საქართველოს კონსტიტუციის 41.1 მუხლზე მითითებით კასატორმა აღნიშნა, რომ ქ-ს პირადი საქმე არის სახელმწიფო საიდუმლოება, შესაბამისად, მხარეს ვერ გადაეცემოდა გასაცნობად. გარდა ამისა, საქმეში დართულია ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ეხება ზ. ქ-ას და იგი გაცემულია სამინისტროს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 20 დეკემბერს ზ. ქ-ას წარმომადგენელმა - ზ. გ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზ. ქ-ასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული სრული ინფორმაციის (პირადი საქმე, ბრძანებები, სტატუსი, სამსახურის ისტორია, პერსონალური ინფორმაცია, სამსახურში მიღებისას ჩატარებული მოკვლევისა და გათავისუფლების თაობაზე გამართული წარმოების მასალები) გაცემა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ განცხადებას თან ერთვოდა 2016 წლის 20 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - მინდობილობა, რომლის თანახმად, ზ. ქ-ამ ზ. გ-ას მიანიჭა წარმომადგენლობის უფლებამოსილება მისი სახელით განეხორციელებინა ყველა იურიდიული ქმედება სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებაში, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 28 დეკემბრის #3230687 წერილი, რომლითაც განმცხადებელს - ზ. გ-ას მოეთხოვა დამატებით წარედგინა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კონკრეტული საფუძველი, კერძოდ, წარმომადგენლობის დამადასტურებელი მინდობილობა, სადაც ასახული იქნებოდა მონაცემთა სუბიექტის - ზ. ქ-ას თანხმობა მის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცული ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გაცემის თაობაზე. მოპასუხის ხსენებულ მოთხოვნას საფუძვლად დაედო სწორედ ის გარემოება, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო არ გაეხმაურებინა პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. წარმომადგენლობის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ წარმომადგენელი თავად ავლენს ნებას ნებისმიერი იურიდიული მოქმედების განხორციელებისას, თუმცა, მის მიერ გამოვლენილი ნება უნდა შეესაბამებოდეს წარმოდგენილის ნებას. ფაქტობრივად, რწმუნებული მოქმედებს სხვა პირის ვალდებულებათა შესასრულებლად. სწორედ ამიტომ, მარწმუნებელი არის პირი, რომელიც უშუალოდ ხდება სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე და სწორედ იგი გადასცემს მის მიერ გამოვლენილ ნებას წარმომადგენელს, რათა მისი სახელით განახორციელოს ესა თუ ის იურიდიული მნიშვნელობის ქმედება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით რწმუნებულებისთვის ფორმის სავალდებულო წესის განსაზღვრის მიზანს წარმოადგენს პირის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობის დადასტურება, სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულების მიმართ კი, მაღალი კანონიერი ნდობა არსებობს.
მოცემულ შემთხვევაში ზ. ქ-ა მოითხოვდა საკუთარი პირადი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას წარმომადგენლის მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მასზედ, რომ იმის მიუხედავად, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ზ. ქ-ას შესახებ ინფორმაცია თავისთავად შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს, აღნიშნული ინფორმაცია მოთხოვნილია იმ პირის მიერ, რომელიც ზ. ქ-ას სახელით მოქმედებდა და მის ნებას გამოხატავდა. ზ. ქ-ას მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობის წინაპირობას კი წარმოადგენდა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომელიც ზ. გ-ას მიერ წარდგენილ იქნა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში. ამასთან, ინფორმაციის თავისუფლებასთან მიმართებით, კანონმდებლობა მინდობილობაში სპეციალური დათქმის სავალდებულოობას არ ითვალისწინებს, რის გამოც ზ. ქ-ას თანხმობის წარმოდგენის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა არ შეესაბამება ინფორმაციის გაცემის სამართლებრივ საფუძვლებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი