#ბს-416-416(კ-18) 3 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. შ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 7 ივნისს დ. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის #2-16/163 მომართვის დ. შ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საიდენტიფიკაციო მონაცემები: 12.11.2009წ. #2-16/163 მომართვის დანართში რიგითი #..., რუკის #..., დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, ფართობი 2877 კვ.მ., დ. შ-ას საკუთრების მონაცემები: საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის განაცხადის რეგისტრაციის #... და #...) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის განჩინებით დ. შ-ას სასარჩელო განცხადება მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით დ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის #2-16/163 მომართვა დ. შ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საიდენტიფიკაციო მონაცემები: 12.11.2009 წ #2-16/163 მომართვის დანართში რიგითი #..., რუკის #..., დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, ფართობი 2877 კვ.მ, დ. შ-ას საკუთრების მონაცემები: საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის განაცხადის რეგისტრაციის #... და #...).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. შ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა აპელანტთა მოსაზრებები, არ მისცა სათანადო შეფასება საქმეში არსებულ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 მაისის #17/25875 და 2015 წლის 27 იანვრის #17/3933 წერილებს, რომლითაც დასტურდება, რომ დ. შ-ას მიწის ნაკვეთი ზედდებაში მოდიოდა სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებებთან. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ მისცა სათანადო შეფასება 1997 წლის 4 ნოემბრის #183 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტს, 2001 წლის 5 დეკემბრის მიწის სარეგისტრაციო მოწმობას, 2000 წლის 5 აგვისტოს მიწის სარეგისტრაციო მოწმობასა და ამონაწერს მიწის გადასახადის გადამხდელთა სიიდან, რომლითაც დასტურდება, რომ დ. შ-ას ჯერ კიდევ 1997 წლიდან საკუთრებაში გააჩნდა ზუგდიდში, სოფელ ... მდებარე სადავო მიწის ნაკვეთები.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია და საერთოდ უგულებელყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნები.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და სათანადო შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ დ. შ-ას ზუგდიდში, სოფელ ... საკუთრების უფლება გააჩნდა სამ უძრავ ქონებაზე, მათ შორის ერთი უძრავი ქონება მის მიერ გასხვისდა და საკუთრების უფლება დარჩა ორ უძრავ ქონებაზე, რომლებიც ზედდებაში მოდიოდა სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ ს.კ. ... და ს.კ. ... უძრავ ქონებებთან. ამდენად, კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებას დ. შ-ას მიერ გასხვისებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა იმ სადავო მიწის ნაკვეთებთან, რომლებზედაც დ. შ-ამ ვერ განახორციელა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან განხორციელებული ზედდებების გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. შ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის #2-16/163 მომართვის კანონიერება დ. შ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საიდენტიფიკაციო მონაცემები: 12.11.2009 წ. #2-16/163 მომართვის დანართში რიგითი #..., რუკის #..., დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, ფართობი 2877 კვ.მ., დ. შ-ას საკუთრების მონაცემები: საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის განაცხადის რეგისტრაციის #... და #...).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1997 წლის 4 ნოემბერს, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #183 აქტის საფუძველზე, დ. შ-ას ზუგდიდის რაიონის სოფ. ... გადაეცა 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელე დ. შ-ას, საქმეში არსებული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მიღებული აქვს ორი მიწის ნაკვეთი; კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართით 679,05 კვ.მ. განცხადების რეგისტრაციის თარიღია 2000 წლის 1 აგვისტო, #13524/00, ნაკვეთის ნომერი - ..., რომელიც შემდეგში გადასწორებულია #...-დ და მეორე ნაკვეთი, რომლის განცხადების რეგისტრაციის ნომერია ..., რეგისტრაციის თარიღი - 2001 წლის 11 იანვარი, ნაკვეთის ნომერი - ..., ფართობი დაუზუსტებელი - 0.062 ჰა.
საქმის მასალებში მოიპოვება ასევე მტკიცებულება, კერძოდ, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, რომლის განცხადების რეგისტრაციის ნომერია 13524, თარიღი - 01.08.00, სარეგისტრაციო ზონა - ზუგდიდი ..., სექტორი - სოფელი ..., კოდი - ..., კვარტალი - #..., ნაკვეთის ნომერი - ..., დაზუსტებული ფართობი - 679,05, მესაკუთრე - დ. შ-ას ოჯახი, უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების აქტი - #183.
დადგენილია, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ 2009 წლის 30 სექტემბრის სანოტარო წესით დადასტურებული #090582564 ხელშეკრულების თანახმად, დ. შ-ამ, როგორც „გამყიდველმა“ ნ. მ-ას, როგორც „მყიდველს“ მიჰყიდა 7500 (შვიდი ათას ხუთას) ლარად შეფასებული უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე 679,05 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, შემდეგი მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა – ზუგდიდი ..., სექტორი - ..., კოდი - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - #... .
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ნ. მ-ას სახელზე 2009 წლის 7 ოქტომბრის #... განაცხადის საფუძველზე, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 679.05 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ზუგდიდი, სოფელი ... (ს/კ ...), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება #090582564, დამოწმების თარიღი - 30.09.2009, ნოტარიუსი.
საკასაციო სასამართლო კასაციის მოტივებთან მიმართებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2009 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ზუგდიდის რაიონში, სოფელ ... მდებარე 679.05 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით - ..., რეგისტრირებული იყო დ. შ-ას საკუთრებაში, ხოლო უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღება-ჩაბარების აქტი #183. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ უფლების დამდგენი დოკუმენტით, რომლის საფუძველზეც კასატორი სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ასევე, ამ მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების დადგენასა და მის ბათილად ცნობას ითხოვდა, დ. შ-ამ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე მოიპოვა და აღნიშნული მიწის ნაკვეთი თავისსავე ნებით შემდგომში ნ. მ-აზე გაასხვისა კიდეც. კერძოდ, 2009 წლის 7 ოქტომბრის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ზუგდიდის რაიონში, სოფელ ... მდებარე 679 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით - ... (ნაკვეთის წინა ნომერი - ...) ასახულია ნ. მ-ას საკუთრებაში, ხოლო უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2009 წლის 30 სექტემბრის სანოტარო წესით დადასტურებული #090582564 ნასყიდობის ხელშეკრულება.
ზემოთ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ 2009 წლის 3 ნოემბერს დ. შ-ა, მისი წარმომადგენლის - მ. შ-ას მეშვეობით, სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი განცხადებით და თანდართული დოკუმენტებით ითხოვდა იმ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას საკუთრების უფლებით, რომელიც მან 2009 წლის 30 სექტემბერს ნ. მ-აზე გაასხვისა.
2001 წლის 22 ნოემბრის #... სარეგისტრაციო მოწმობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2009 წლის 3 ნოემბრის #... განცხადებაზე თანდართული იყო, ასევე, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა (ს.კ. ....), რომლის თანახმად, ზუგდიდში სოფელ ... მდებარე 0,062 ჰა მიწის ნაკვეთზე აღიარებულია დ. შ-ას საკუთრების უფლება. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აღნიშნული სარეგისტრაციო მოწმობით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთსა და დ. შ-ას მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიწის ნაკვეთების მონაცემების დატანისას აღმოჩნდა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზი ზედდებაშია ნ. დ-ის მიტოვებულ მიწის ნაკვეთის მონაცემებთან.
საკასაციო სასამართლო, ასევე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ წარმოდგენილი 2001 წლის 22 ნოემბრის #... სარეგისტრაციო მოწმობა დამოუკიდებლად არ წარმოადგენს უფლებადამდგენ დოკუმენტს, რაც შეიძლება გახდეს მისი რეგისტრაციის საფუძველი. გარდა იმისა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, თუ რა გახდა 2001 წლის 22 ნოემბრის #6491/2001 სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფუძველი, საჯარო რეესტრის 2009 წლის 18 დეკემბრის #... გადაწყვეტილებითა და ნ. დ-ის 2009 წლის 14 დეკემბრის #... განცხადებით ასევე დასტურდება, რომ დღევანდელი მდგომარეობით, დ. შ-ას მიერ ერთ-ერთ ნაკვეთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზი ექცევა ნ. დ-ის მიტოვებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში, საკადასტრო კოდით ... .
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ #... და #... სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები სრულად არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, სადავო აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ. შ-ას საკასაციო საჩივარზე თ. ბ-ს 29.05.2018წ. #1 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. შ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. შ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. დ. შ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. ბ-ის მიერ 29.05.2018წ. #1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი