Facebook Twitter

#ბს-646-646(კ-18) 3 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ., მ. და მე. შ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 17 ივლისს დ., მ. და მე. შ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოქალაქე დ. შ-ის, მ. შ-ისა და მე. შ-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით უარის თქმის შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 ივნისის #468 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ქ. ფოთში, ... (...) ქ. #...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის დ. შ-ისათვის (პ/ნ ...) 1/3-ის, მე. შ-ისათვის (პ/ნ ...) 1/3-ის და მ. შ-ისათვის (პ/ნ ...) 1/3-ის თანასაკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ო. შ-ე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ, მ. და მე. შ-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დ., მ. და მე. შ-ეების სასარჩელო მოთხოვნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 ივნისის #468 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დ., მ. და მე. შ-ეების სასარჩელო მოთხოვნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.ფოთი, ... (...) ქ. #...-ში მდებარე საცხოვრებელ ფართზე თანაბარწილად (1/3-1/3) საკუთრების უფლების მოწმობის დ., მე. და მ. შ-ეების სახელზე გაცემის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ., მ. და მე. შ-ეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით დ. შ-ის, მ. შ-ისა და მე. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ., მ. და მე. შ-ეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილება მოითხოვს კუმულაციურად ორი პირობის არსებობას - პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად სარგებლობდეს სადავო ფართით. კასატორთა მტკიცებით, საქმეში მესამე პირად ჩაბმული ო. შ-ე ამოეწერა სადავო ფართიდან და არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ., მ. და მე. შ-ეების საკასაციო საჩივარი. ამასთან, ამავე განჩინებით კასატორებს – დ., მ. და მე. შ-ეებს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ, მ. და მე. შ-ეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 ივნისის #468 ბრძანება, რომლითაც დ. შ-ეს, მ. შ-ესა და მე. შ-ეს უარი ეთქვათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ 5.4 მუხლის თანახმად, თუ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე, მათ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირებული) ფართობი შეიძლება გადაეცეთ საერთო საკუთრებაში ყველა კანონიერი მოსარგებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ.

საქმეში წარმოდგენილი 04.08.1983წ. #1960 ორდერით უდავოდ დგინდება, რომ ო. შ-ეს და მისი ოჯახის სამ წევრს (მოსარჩელეებს) გადაეცათ სარგებლობაში ოროთახიანი ბინა - ფართობით 35.06 კვ.მ, კორპუსი #..., სართული მე-5, ... . ოჯახის შემადგენლობაში მითითებულნი იყვნენ: ო. ა. შ-ე, დ. დ. შ-ე, მე. ო. შ-ე, მ. ო. შ-ე.

ასევე დადგენილია, რომ ო. შ-ე უარს აცხადებს ქ. ფოთში, ... (...) ქ. #...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის დ. შ-ისათვის, მე. შ-ისა და მ. შ-ისათვის გადაცემაზე.

ამასთან, ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 04.12.2017 წელს გაცემული საინფორმაციო ბარათით ირკვევა, რომ ო. შ-ე, დაბადებული 01.08.1952 წელს, 1991 წლის 18 მარტიდან რეგისტრირებულია ..., სოფელ ... . მხარეთა ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ ო. შ-ემ მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთზე ... რაიონში 1885 წელს ააშენა საცხოვრებელი სახლი, მოაწყო რამდენიმე ოთახი და რადგან სამუშაო ადგილი ჰქონდა იქ, საცხოვრებლადაც გადავიდა, მას თან არ გაჰყვა მისი მეუღლე დ. შ-ე, რომელიც შვილებთან - მე. და მ. შ-ეებთან ერთად აგრძელებდა ცხოვრებას ქ. ფოთში, ორდერით გადაცემულ, ამჟამად სადავო ბინაში. მხარეები აღიარებენ, რომ ო. შ-ეს ურთიერთობა ჰქონდა დ., მე. და მ. შ-ეებთან, ზრუნავდა მათზე და წლების განმავლობაში სთხოვდა მეუღლეს გადასულიყო შვილებთან ერთად საცხოვრებლად ... რაიონში. დ. შ-ის განმარტებით, მან მხოლოდ 2004 წელს გაიგო, რომ მეუღლე, ო. შ-ე სხვა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ... რაიონში იმ სახლში, რომელიც მასაც (დ. შ-ესაც) ეკუთვნოდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ო. შ-ის მიერ უძრავი ქონების სამუდამოდ დათმობა ან მიტოვება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155.1 მუხლის მიხედვით, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ხოლო ამავე კოდექსის 156-ე მუხლით მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებს - დ, მ. და მე. შ-ეებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორებს - დ, მ. და მე. შ-ეებს თანაბარწილად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ., მ. და მე. შ-ეების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება;

3. დ., მ. და მე. შ-ეებს თანაბარწილად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი