Facebook Twitter

#ბს-1232(კ-18) 22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 27 იანვარს ნ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის #3525 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ნ. მ-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ნ. მ-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის #3525 ბრძანება; მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ნ. მ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რასაც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის #3525 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის გამო.

დადგენილია, რომ ნ. მ-ე წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, სოხუმი, ს. ბ-ი. ამასთან, მის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ..., ..., ... .

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქმის განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებისა და საქმის სხვა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ნ. მ-ე ბოლო 2 წელზე მეტი ცხოვრობდა ქ. თბილისში, ..., ... ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარი „...“ უკან, სადაც საცხოვრებლად მინიმალური პირობებიც კი არ იყო. საქმეში არსებული გარემოებებით, მათ შორის მონიტორიგის ჯგუფის მიერ ადგილზე გადამოწმების შედეგებით, არ დასტურდება ნ. მ-ის სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტი. მცირე პერიოდებით სხვაგან სტუმრად წასვლა კი, არ გამორიცხავს კონკრეტულ მისამართზე ცხოვრებას. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 8 სექტემბერს შვილთან წასვლის ფაქტს ადასტურებს თავად ნ. მ-ეც, რასთან დაკავშირებითაც მან წარმოადგინა 2016 წლის 7 და 9 სექტემბერს შვილის - თ. მ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარის მიმდებარედ მცხოვრებ ნ. მ-ეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2015 წლის 4 დეკემბრის #43/70165 წერილით ეცნობა, რომ იგი იმყოფებოდა უფასო სასადილოს მომლოდინეთა სიაში და შემდგომში განცხადებების რიგითობის მიხედვით მოხდებოდა მისი უფასო სასადილოს მოსარგებლეთა სიაში შეყვანა. ასევე, მითითებულ მისამართზე ნ. მ-ეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 5 თებერვლის #43/23351 და 2016 წლის 28 ოქტომბრის #43/283688 წერილებით ეცნობა შესაძლებლობების ფარგლებში სათბობი შეშით უზრუნველყოფის თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 24 ოქტომბრის #43/279105 წერილით, ზემოაღნიშნულ მისამართზე მ-ეს ეცნობა ერთჯერადი ფინანსური დახმარების შესახებ, რომელიც შეადგენდა 200 ლარს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ნ. მ-ის წარმომადგენლის განმარტებით, თავად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ნ. მ-ის მიმართ მიღებული ყველა წერილი გაგზავნილი და ჩაბარებულია ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარის მიმდებარედ არსებულ მისამართზე.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ნ. მ-ის მხრიდან მისი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე მცდარი ინფორმაციის მიწოდების შესახებ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სამინისტროს აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსთვის. ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ნ. მ-ისათვის მინიჭებული ქულა როგორც დაკლებამდე, ასევე დაკლების შემდეგ (6,5 ქულა) საკმარისი იყო მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის, ვინაიდან დადგენილია და მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2016 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე თანხმობა უთხრა ისეთ ერთსულიან ოჯახებს, რომელთაც 6,5 და მეტი ქულა გააჩნდათ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი