Facebook Twitter

საქმე №ბს-393-393(კ-18) 10 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - შ. მ-ი, ი. გ-ი, რ. გ-ა (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა ან ტოლფას თანამდებობაზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. მ-მა, ი. გ-მა და რ. გ-ამ 2017 წლის 20 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის MOD 8 16 00004715 შ. მ-ის, ი. გ-ისა და რ. გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და შ. მ-ის, ი. გ-ისა და რ. გ-ას იმავე ან მათ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. ასევე მოითხოვეს მოპასუხისათვის შ. მ-ის, ი. გ-ისა და რ. გ-ასათვის იძულებით განაცდურის ანაზღაურების დავალება, მათი გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შ. მ-ის, ი. გ-ისა და რ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის MOD 8 16 00004715 ბრძანება შ. მ-ის, ი. გ-ისა და რ. გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში; შ. მ-ის, ი. გ-ისა და რ. გ-ას სარჩელი სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის №4715 ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. კერძოდ: საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. მათ შორის რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის დროს სამხედრო პოლიციაშიც განხორციელდა საშტატო ერთეულების შემცირება.

კასატორის განმარტებით, შ. მ-ი, ი. გ-ი და რ. გ-ა კადრების განკარგულებაში გაყვანილი არიან „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011 წლის №582 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას); ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.

კასატორი მიუთითებს, რომ შ. მ-ი, ი. გ-ისა და რ. გ-ას კადრების განკარგულებში გაყვანის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის №4715 ბრძანების გამოცემის საფუძველია, J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 16 დეკემბრის №1191411 წერილი და თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის №1102 ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის №138 ბრძანებაში და ბრძანების დანართი №1 (სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი №…) ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით, განისაზღვრა 1118 საშტატო ერთეული. მითითებული ბრძანებით 2016 წლის 19 დეკემბრიდან გაუქმდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის მეორე საპატრულო ასეულის პირველი საპატრულო ჯგუფის უფროსი პატრულის თანამდებობა, რომელზეც დანიშნულები იყვნენ ი. გ-ი და რ. გ-ა, ასევე გაუქმდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის მეორე საპატრულო ასეულის საქმისწარმოებლის შტატი, რომელზეც დანიშნული იყო შ. მ-ი. შესაბამისად, შ. მ-ი, ი. გ-ი და რ. გ-ა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის №4715 ბრძანებით და გაყვანილ იქნენ კადრების განკარგულებაში 2016 წლის 19 დეკემბრიდან.

კასატორი აღნიშნავს, რომ რეფორმის ფარგლებში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონებში გაუქმდა არასამხედრო თანამდებობები და განხორციელდა ქვედანაყოფის მთლიანი გასამხედროება. რეორგანიზაციის შემდეგ მითითებულ ბატალიონში საერთოდ გაუქმდა ე.წ. „ვარსკვლავიანი შტატები“, რომლებზეც იყვნენ შ. მ-ი, ი. გ-ი და რ. გ-ა დანიშნულები. რეორგანიზაციის შემდეგ, ფუნქციური დატვირთვით დარჩა მხოლოდ სამხედრო შტატები. შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მოსარჩელეებზე თანამდებობების შეთავაზება, რადგან ისინი არ წარმოადგენდნენ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა ნაწილი წარმოადგენს რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებს, გააჩნიათ შესაბამისი სამხედრო წოდება, მაგრამ მათი კონკრეტული საშტატო ერთეულისათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნათა შესაბამისობის დადგენა ხდება საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლის შემდეგ და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში გაწვევის შესახებ, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, რომელიც რეზერვის სამხედრო მოსამსახურეს ანიჭებს მოქმედი მოსამსახურის სტატუსს.

ამდენად, მოსარჩელეებს შეიძლება მართლაც ჰქონდათ რეზერვის სამხედრო წოდება, მაგრამ ისინი არ იყვნენ მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები და არ მსახურობდნენ სამხედრო წოდებით. ის თუ რომელ საშტატო თანამდებობებს შეიძლება შეეხოს რეორგანიზაცია და შტატის შემცირება, აღნიშნულ საკითხს წყვეტს ადმინისტრაციული ორგანო, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

კასატორი ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, სადაც შტატი N… ჩამოყალიბდა უფრო მცირე რაოდენობის საშტატო ერთეულებით. შესაბამისად, განსხვავებული რაოდენობის შტატებით განისაზღვრა რიგი სტრუქტურული ერთეულები (სამმართველოები), თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ საშტატო ერთეულები, რომლებიც მოსარჩელეებს ჰქონდათ დაკავებული სამსახურიდან გათავისუფლებამდე, ფუნქციურად აღარ არსებობს. საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოს შეფასებებს, რომ საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. მოცემულ დავაზე, არ მომხდარა საკითხის შესწავლა რამდენად აკმაყოფილებდნენ მოსარჩელეები ახლებურად ჩამოყალიბებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის (შტატი N…) სტრუქტურით გათვალისწინებული რომელიმე საშტატო ერთეულისათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის MOD 8 16 00004715 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არ გამოურკვევიათ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე