#ბს-623-623(კს-18) 20 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – მ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, მ. ჯ-ე და ი. ვ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 21 ივნისს მ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 23 მაისის #1-1168 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 23 მაისის #1-1168 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2 თებერვლის #24 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, მ. ჯ-ე და ი. ვ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოსარჩელე - მ. ბ-ის წარმომადგენელს - უ. ზ-ს საქმეში მითითებულ მისამართზე, თბილისი, ..., მე-... კორპ., ბინა #... და ჩაჰბარდა, დედას, ც. მ-ს 2018 წლის 30 მარტს, 13:39 საათზე.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება (გზავნილი) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის მიხედვით, სასამართლო უწყება (გზავნილი) შეიძლება გაიგზავნოს ფოსტის მეშვეობით. ამავე კოდექსის 73.8 მუხლის შესაბამისად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერაა განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსი თუ კანონის მიერ) განასხვავებენ კანონისა და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსთვის, ასევე მხარებისთვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გაგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით, ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხარემ - მ. ბ-ემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა მისი წარმომადგენლის - უ. ზ-ის ოჯახის წევრს, დედას, პირადად საქმეში მითითებულ მისამართზე. მოსარჩელე მხარეს მ. ბ-ეს სააპელაციო საჩივრის წარდგენა სასამართლოში შეეძლო 2018 წლის 13 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი შედგენილია და სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის 20 აპრილს. იგივე თარიღია დაფიქსირებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარზეც (20.04.2018 წელი) გასაჩივრებისათვის დაწესებული 14-დღიანი ვადის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არაა დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი იმპერატიულად აწესებს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გაგრძელება ან აღდგენა არ შეიძლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ბ-ემ (წარმომადგენელი - უ. ზ-ი), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
მ. ბ-ის წარმომადგენლის განმარტებით, მას 2018 წლის 14 აპრილს ჩაჰბარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა 2018 წლის 20 აპრილს.
მ. ბ-ის წარმომადგენელი - უ. ზ-ი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნა, რომ ც. ზ-მა ვერ შეძლო მისთვის გზავნილის დროულად გადაცემა და ინფორმირება. ამასთანავე, უ. ზ-მა აღნიშნა, რომ ც. ზ-ი ვერ განსაზღვრავდა, რა ტიპის გზავნილი იყო კონვერტში და ვერ შეაფასებდა, რომ მისი დროულად ვერ გადაცემა გამოიწვევდა ამ ტიპის შედეგებს. უ. ზ-ის განმარტებით, ც. ზ-ი ყოველ თვე იბარებს მისთვის გაგზავნილ ათობით გზავნილს, თუმცა არ ეცნობა მათ. მოცემულ შემთხვევაში პრობლემა წარმოქმნა იმ ფაქტმა, რომ 30 მარტი იყო პარასკევი და სახლში დაბრუნებამდე ც. ზ-ი ოჯახთან ერთად გაემგზავრა ქალაქგარეთ და დაბრუნდა მხოლოდ სააღდგომო უქმე დღეების შემდგომ, ინფორმირება კი დაავიწყდა. უ. ზ-მა აღნიშნა, რომ იგი ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. თბილისში, … , მე-5 კორპ., ბინა #..-ში, რომელიც ბინა #...-ს ემიჯნება აივნით, მაგრამ წარმოადგენს დამოუკიდებელ და ინდივიდუალურ ბინას.
მ. ბ-ის წარმომადგენელი - უ. ზ-ი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ქ. თბილისი, ..., მე-... კორპ., ბინა #...-ის მისამართად მითითება მოხდა მის მიერ სააპელაციო საჩივარშიც, რადგან დღის საათებში არ იმყოფება ბინა #...-ში, რაც ართულებს გზავნილის მიღებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით მ. ბ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოსარჩელე - მ. ბ-ის წარმომადგენელს - უ. ზ-ს საქმეში მითითებულ მისამართზე - ქალაქი თბილისი, ..., მე-5 კორპ., ბინა #... და ჩაჰბარდა, დედას, ც. ზ-ს 2018 წლის 30 მარტს, 13:39 საათზე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ც. ზ-ის ხელწერილით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი მ. ბ-ის წარმომადგენელს - უ. ზ-ს ჩაჰბარდა 2018 წლის 30 მარტს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2018 წლის 31 მარტიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 14-დღიანი ვადა 2018 წლის 13 აპრილს, 24:00 საათზე იწურებოდა. ამასთან, მ. ბ-ემ სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილს, ე.ი. სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მიმართა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონისა და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის; ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დაშვებულია მხოლოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის აღდგენა, თუ სასამართლო ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი), თუმცა კანონისმიერი ვადის აღდგენის შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული დანაწესი ცხადყოფს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა კანონით იმპერატიულად არის განსაზღვრული, იგი წარმოადგენს კანონისმიერ განსაზღვრულ შეუქცევად ვადას, შესაბამისად, იგი არ ექვემდებარება გაგრძელებასა და აღდგენას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაწესი დამოუკიდებელია ვადის დარღვევის მიზეზებისაგან, რაც გულისხმობს იმას, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით იმპერატიულად დადგენილი ვადის აღდგენა და გაგრძელება დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის, ვადის საპატიო მიზეზებით გაშვების დროსაც.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მ. ბ-ის (წარმომადგენელი - უ. ზ-ი) მიერ საპროცესო უფლება კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა რეალიზებული, რის გამოც სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით იმპერატიულად განსაზღვრული ვადის გაგრძელების (აღდგენის) შეუძლებლობის პირობებში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის გათვალისწინებით, გასაჩივრების კანონისმიერი ვადის დარღვევით მ. ბ-ის (წარმომადგენელი - უ. ზ-ი) მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადის გაგრძელების ან/და აღდგენის შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელე მ. ბ-ემ (წარმომადგენელი - უ. ზ-ი) ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა საპატიო მიზეზის არსებობასა და აღნიშნული საპატიო მიზეზის გამო სააპელაციო საჩივრის დროულად წარდგენის შეუძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის (წარმომადგენელი - უ. ზ-ი) მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით იმპერატიულად დადგენილი შეუქცევადი ვადის დარღვევით, რის გამოც კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი