#ბს-585-585(კს-18) 20 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ ბმა „…“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ქ-ე
მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 18 სექტემბერს ნ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 13 ივნისის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 18 ივლისის #... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქ. ბათუმში, ... ქ. #...-ში მდებარე ნ. ქ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, ნ. ქ-ის მიერ წარდგენილი შპს „...“ მიერ 2017 წლის 31 მაისს შესრულებული აზომვითი ნახაზის მიხედვით კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარების დავალება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ბმა „...“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 13 ივნისის #... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 18 ივლისის #... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს #... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ქ. ბათუმში, ... ქ. #...-ში მდებარე ნ. ქ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარება ნ. ქ-ის მიერ წარდგენილი შპს „...“ მიერ 2017 წლის 31 მაისს შესრულებული აზომვითი ნახაზის მიხედვით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბმა „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით ბმა „...“ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბმა „...“ მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმა არ მოუთხოვია. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბმა „...“ 2008 წლის 10 იანვრის #4 კრების ოქმის საფუძველზე ნ. ქ-ეს გადაეცა 54.96 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი მონაცემით დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში და გახდა ამ უძრავი ქონების მესაკუთრე. საკუთრებაზე უფლების დამდგენი დოკუმენტისა და უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება სადავოდ არ გამხდარა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ბმა „...“ მოცემული სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე არ იყო და არც მის ინტერესებს შეიძლება შეხებოდა სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ბმა „...“ არ გააჩნდა მხარის უფლებამოსილება, გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბმა „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ბმა „...“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიუთითებს, რომ ბმა „...“ მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმა არ მოუთხოვია. სააპელაციო სასამართლომ ჯეროვნად არ შეამოწმა ის საკითხი, თუ რამდენად სწორად იქნა ჩაბმული საქალაქო სასამართლოს მხრიდან ბმა „...“ მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და უნდა ყოფილიყო თუ არა იგი მოცემულ საქმეში ჩაბმული მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თუ საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბმა „...“ არ წარმოადგენდა იმ უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეეძლო ესარგებლა მხარის უფლებით და გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება, მაშინ საქალაქო სასამართლოს არც მისი შესაგებელი არ უნდა მიეღო და არც მისი, როგორც მხარის (მესამე პირის) პოზიცია უნდა გაეთვალისწინებინა გადაწყვეტილებით.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2008 წლის 10 იანვრის #4 კრების ოქმის კანონიერებას ამხანაგობის წევრთა უმრავლესობა არ ცნობს იმ საფუძვლით, რომ მათ ნ. ქ-ისათვის ეზოს ნაწილის გადაცემაზე თანხმობა არ განუცხადებიათ. ამხანაგობის წევრებმა თანხმობა მხოლოდ აივნის მიშენებაზე განაცხადეს, რაც განხორციელდა კიდეც. ამხანაგობის მიერ წარდგენილ შესაგებელში, ასევე, მითითებულია, რომ ამხანაგობის კრების ოქმი არის გაყალბებული.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს სწორედ იმ წინაპირობაზე, რაც სამართლებრივად ბმა „...“ საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად არასწორად ჩაბმასა და ამავე კოდექსის ამავე მუხლის მე-2 ნაწილით ჩართვის უპირობო აუცილებლობაზე მიუთითებს, რაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ყურადღების მიღმა და სამართლებრივი შეფასების გარეშე დარჩა. კერძოდ, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა შეხებოდა ბმა „...“ ინტერესებს, თუმცა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით მან არასწორად ჩააბა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა საქმეში, რისი აღმოფხვრაც უნდა განეხორციელებინა სააპელაციო სასამართლოს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინებით დასტურდება, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიღო განჩინება სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ და უსაფუძვლოდ ხელყო მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები. აღნიშნულით ბმა „...“ მოესპო საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ განჩინებასთან დაკავშირებით ადგილი აქვს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებაზე უკანონოდ უარის თქმის ფაქტს, რითაც უხეშად დაიღვა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის ფუძემდებლური დებულებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით ბმა „...“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბმა „...“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე - ნ. ქ-ე სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 13 ივნისის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 18 ივლისის #... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქ. ბათუმში, ... ქ. #...-ში მდებარე ნ. ქ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, ნ. ქ-ის მიერ წარდგენილი შპს „...“ მიერ 2017 წლის 31 მაისს შესრულებული აზომვითი ნახაზის მიხედვით კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარების დავალებას ითხოვს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ბმა „...“.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. ხსენებული ინსტიტუტი წარმოადგენს სასამართლოსათვის მინიჭებულ საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას, უზრუნველყოს უშუალოდ მხარეებს შორის წარმოშობილი დავის ყოველმხრივი განხილვა და გადაწყვეტა იმ მესამე პირთა უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების დაცვით, რომლებიც არ წარმოადგენენ პროცესის მხარეებს, თუმცა დაკავშირებულნი არიან სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან იმგვარად, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამ შესაძლოა უშუალო გავლენა იქონიოს მათ სამართლებრივ ინტერესებზე. ამდენად, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მონაწილეობა, ერთი მხრივ, სასამართლოს მხრიდან საქმის ყოველმხრივი განხილვასა და მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, მიზნად ისახავს სამართლებრივ უზრუნველყოფასა და პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნებას. ამასთან, მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს თავად მესამე პირებს, დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. ჩაბმის ხსენებულ ფორმებს შორის შინაარსობრივი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მესამე პირთა მარტივი ფორმით ჩაბმა სასამართლოს უფლებამოსილებაა, ხოლო სავალდებულო (აუცილებელი) ჩაბმა - ვალდებულება შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაცილ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებითაც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 13 ივნისის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 18 ივლისის #... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს #... გადაწყვეტილების კანონიერება, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ქ. ბათუმში, ... ქ. #...-ში მდებარე ნ. ქ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, ნ. ქ-ის მიერ წარდგენილი შპს „...“ მიერ 2017 წლის 31 მაისს შესრულებული აზომვითი ნახაზის მიხედვით კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარების დავალება.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2008 წლის 10 იანვრის #4 კრების ოქმის კანონიერებას ამხანაგობის წევრთა უმრავლესობა არ ცნობს იმ საფუძვლით, რომ მათ ნ. ქ-ისათვის ეზოს ნაწილის გადაცემაზე თანხმობა არ განუცხადებიათ. ამხანაგობის წევრებმა თანხმობა მხოლოდ აივნის მიშენებაზე განაცხადეს, რაც განხორციელდა კიდეც. კერძო საჩივრის ავტორი, ასევე, მიუთითებს, რომ ამხანაგობა წარდგენილი შესაგებლით ეჭქვეშ აყენებს ამხანაგობის კრების ოქმის კანონიერებასაც.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს გააჩნია როგორც უფლებამოსილება, ასევე, აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასამართლოს განჩინება პირის მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ არ გასაჩივრდება. ამ მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელიც ჩაბმულ იქნა საქმეში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირად ჩასაბმელი პირის სტატუსის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. ზემოხსენებული დანაწესი ცხადყოფს, რომ მარტივი ფორმით საქმეში ჩაბმული მესამე პირი მოკლებულია შესაძლებლობას, სადავოდ გახადოს სასამართლოს მიერ მისი სტატუსის განსაზღვრის კანონიერება და გასაჩივრების გზით მოითხოვოს სტატუსის შეცვლა სავალდებულო (აუცილებელი) ფორმით ჩასაბმელ მესამე პირად. საგულისხმოა ისიც, რომ საქმეში მონაწილე მესამე პირის საპროცესო-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების მოცულობის განსაზღვრა სწორედ ჩაბმის ფორმას უკავშირდება, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ მარტივი ფორმით ჩაბმულ მესამე პირს თავად არ აქვს ბერკეტი, გაასაჩივროს განჩინება მისი მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ, სწორედ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ეკისრება ვალდებულება, ასეთი მესამე პირის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების დროს მხედველობაში მიიღოს არა მხოლოდ მისი სტატუსი საქმეში, არამედ, ასევე, შეამოწმოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული მესამე პირის მარტივი ფორმით ჩაბმის მართლზომიერებაც. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირის სტატუსის შეცვლისათვის შესაბამისი საფუძვლების დადგენის შემთხვევაში, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი და, ამასთანავე, ვალდებულიცაა, თავადვე განუსაზღვროს მას სავალდებულო ფორმით ჩასაბმელი მესამე პირის სტატუსი და, შესაბამისად, მიანიჭოს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც.
განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. #...-ში მდებარე 394.92 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ სახელზე (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი #...).
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 2007 წლის 21 მარტის #1 კრების ოქმის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ დებულების და შპს „პ...“-ს აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ქ. ბათუმში, ... ქ. #...-ში მდებარე 54.96 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ სახელზე (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი #...).
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 2008 წლის 10 იანვრის #4 კრების ოქმის საფუძველზე, ქ. ბათუმში, ... ქ. #...-ში მდებარე 54.96 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ. ქ-ის სახელზე (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი #...). 2017 წლის 1 ივნისს ნ. ქ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს, წარადგინა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, დისკი და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. #... .
ამასთან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 13 ივნისის #... გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთის გამიჯვნა განხორციელდა დაუზუსტებელი მონაცემებით და ასევე გაიმიჯნა დაუზუსტებელი მონაცემებით, რომლის თანახმადაც შეუძლებელია სწორი საზღვრების დადგენა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ცალსახაა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემოქმედება ბმა „...“ არა თუ სამართლებრივ ინტერესზე, არამედ საკუთრების უფლებაზეც. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მიწის ნაკვეთთა გამიჯვნა დაუზუსტებელი მონაცემებით განხორციელდა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მომიჯნავე მიწის ნაკვეთებიდან ერთი მიწის ნაკვეთისათვის ზუსტი საზღვრების დადგენით ავტომატურად განისაზღვრება მისი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრის გარკვეული ნაწილი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება მოიცავს როგორც პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზუსტ მოცულობას და იცავს მას მესამე პირთა ხელყოფისაგან, ასევე, საკუთრების უფლება უზრუნველყოფს აღნიშნული მიწის ნაკვეთის ზუსტი კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას, აღნიშნული საზღვრების მესამე პირთა დაუსაბუთებელი და უკანონო ხელყოფისაგან დაცვას. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ მომიჯნავე მიწის ნაკვეთებიდან ორივე მიწის ნაკვეთის ფართობი და საზღვრები დაუზუსტებელია და ამასთან, ერთი ნაკვეთისთვის ზუსტი საზღვრის დადგენით ავტომატურად დგინდება მეორე ნაკვეთის საზღვრის გარკვეული ნაწილიც, ცალსახად იკვეთება ბმა „...“ საკუთრების უფლებასთან შემხებლობა და აღნიშნული უფლების შელახვის რეალური რისკებიც.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ტერმინი „სამართალურთიერთობა“ არ უნდა იქნეს ფორმალურად განმარტებული. სამართალურთიერთობაში მონაწილეობასთან ერთად მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს კანონით დაცული უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესებისადმი რეალური შემხებლობის არსებობა და ამასთან, სასამართლოს მიერ შეფასდეს პირის მიერ დავის გაგრძელების და ამ დავის ფარგლებში საკუთარი კანონით დაცული, რეალურ ინტერესთა დაცვის სამართლებრივი პერსპექტივები. განსახილველ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო გადაწყვეტილება გავლენას ახდენს ბმა „...“ საკუთრების უფლებაზე, ამდენად იგი იმ სამართალურთიერთობის მონაწილე ხდება, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, რის გამოც მას აღნიშნული დავის ფარგლებში უნდა მიეცეს შესაძლებლობა, პროცესში აქტიური მონაწილეობით, ერთი მხრივ, გავლენა მოახდინოს სასამართლო გადაწყვეტილებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით დაიცვას საკუთარი უფლებები და კანონით დაცული ინტერესები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბმა „...“ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სავალდებულო მოწვევის მესამე პირს. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რის გამოც ბმა „...“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება და საქმე ბმა „...“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბმა „...“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება და საქმე ბმა „...“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი