Facebook Twitter

საქმე Nბს-709-709(2კ-18) 18 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

კ. მ-ი (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - ო. ლ-ა (მოსარჩელე)

მესამე პირები - გ. შ-ი, სს „...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ლ-ამ 2015 წლის 14 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოთხოვნათა არაერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 15 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 17 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 11 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 7 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 7 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 5 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 07 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 მარტის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 21 აპრილის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 აპრილის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ო. ლ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე N... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ კ. მ-ი და გ. შ-ი, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს ,,...“ ბანკი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 15 იანვრის N... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 17 იანვრის N... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 11 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 7 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 7 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, უძრავ ნივთზე, მდებარე ... (საკადასტრო კოდი N...) ს/კN..., ... კვ.მ გადაფარვის ნაწილში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის N003793614 დასკვნისა და მოცემული დასკვნის დანართი N1-ზე განთავსებულ ნახაზზე მითითებული კონფიგურაციისა და საკადასტრო მონაცემების გათვალისწინებით. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ. მ-მა, გ. შ-მა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით კ. მ-ის, გ. შ-ი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. მ-მა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდნენ საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია სასამართლოს დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ... საკადასტრო კოდზე არსებული ... კვ.მ. გადაფარვის ნაწილში, უნდა გამოსცეს ახალი აქტი მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. კ. მ-ის მიწის ნაკვეთის პირველი დაზუსტებული რეგისტრაციის (№... (07.10.2008)) კანონიერება სადავოდ არ გამხდარა, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა არ შეხებია აღნიშნულ გადაწყვეტილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ წინააღმდეგობრივია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა და მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება მიმართული უნდა იყოს სადავო საკითხის გადაჭრისაკენ, იგი უნდა იყოს შედეგის მომტანი, სასამართლო ფორმალურად არ უნდა უდგებოდეს საკითხის გადაჭრას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა გარანტირებულია კანონმდებლობით, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს გამოიტანოს აღსრულებადი გადაწყვეტილება, რაც განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს არ გაუთვალისწინებია.

კასატორის განმარტებით, თავად მოსარჩელე მხარე ვერ მიუთითებს უტყუარად მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასა და მდებარეობას და ამ მოცემულობით, მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მიზანშეუწონელია და არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან, არც თბილისის საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მომხდარა საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენა და სათანადო შეფასება, დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები და გამოტანილ იქნა არასწორი გადაწყვეტილება/განჩინება.

კასატორი კ. მ-ი თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი და არ არის გამყარებული სამართლებრივი არგუმენტებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან გადაწყვეტილება მთლიანად არასწორ ფაქტობრივ გარემოებებზეა დამყარებული. ასევე შეუძლებელი იყო მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის ფარგლებში მიმდინარე ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში ვინაიდან მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნით მოითხოვდა კ. მ-ის სახელზე გაცემული საკადასტრო გეგმების ბათილად ცნობას. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით უძრავი საკადასტრო გეგმის გაცემის თაობაზე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის თანახმად, საკადასტრო გეგმა გაიცემა საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად და ის ასახავს უკვე რეგისტრირებულ ინფორმაციას. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის ან გაუქმების მოთხოვნის გარეშე, სარჩელი რომლითაც მოთხოვნილია საკადასტრო გეგმის ბათილად ცნობა არ არის დასაშვები და არ უნდა ყოფილიყო განხილული.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა მისი შინაარსობრივი თვალსაზრისითაც. უკანონობის ხარისხს ზრდის გადაწყვეტილების ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათი. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა გ. შ-ზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და გადაფარვის გამო მისი საკუთრების რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულის მიზეზი გახდა შემძენი გ. შ-ის კეთილსინდისიერება და ის გარემოება, რომ სადავოდ არ იყო გამხდარი უფლების წარმოშობის საფუძველი, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ საქმეში მონაწილე ორივე მესამე პირის უფლების წარმოშობის საფუძველი სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულებები იყო და არც ერთი ეს ხელშეკრულება, მათ შორის კ. მ-სა და შ. ზ-ეს შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც კ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა. სასამართლო გადაწყვეტილება აშკარად უსამართლო და დისკრიმინაციულია კ. მ-ის მიმართ, რადგანაც ერთ მესამე პირს მიეცა იმ სამართლებრივი მექანიზმებით სარგებლობის საშუალება, რაც არ გავრცელდა კ. მ-ზე. კასატორი განმარტავს, რომ მან საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე შეიძინა 2004 წელს, როდესაც მოსარჩელე ო. ლ-ამ ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა და უფლება მიიღო 2006 წელს. შესაბამისად, მას (კ. მ-ს) ნებისმიერ შემთხვევაში გააჩნია უძრავ ქონებაზე უპირატესი საკუთრების უფლება, რაც არსებული პრაქტიკის მიხედვით გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას. ყოველივეს გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად მისი დაუსაბუთებულობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით კ. მ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და კ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება - თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. საკუთრების უფლება არის მესაკუთრის უფლება, ისარგებლოს და განკარგოს თავისი საკუთრება. საკუთრების უფლების ამ ფუნქციებიდან გამომდინარე, ამ პროცესის თანმდევია ის, რომ ერთი პირის საკუთრების უფლება თავისთავად ზეგავლენას ახდენს გარშემო მყოფებზე, საზოგადოების სხვა წევრებზე. სწორედ ამაზეა დაფუძნებული კანონმდებლის უფლებამოსილება (ან თუნდაც მისი კონსტიტუციური ვალდებულება), დაარეგულიროს საკუთრების სამართლებრივი მხარე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2006 წლის 11 ივლისს თ. ა-ემ თავის საკუთრებაში არსებული, გარდაბნის რაიონში, ..., მდებარე ... ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან ... კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ზონა გარდაბანი, კოდი ..., სექტორი ..., კოდი ..., კვარტალი N..., ნაკვეთის N... უფლება კერძო საკუთრება, ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო, განაცხადის რეგისტრაციის N..., უძრავი ქონების სარეგისტრაციო N...) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ბ. ს-ეს, ხოლო ... კვ.მ სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ზონა გარდაბანი, კოდი ..., სექტორი ..., კოდი ..., კვარტალი N... ნაკვეთის N..., უფლება კერძო საკუთრება, ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო, განაცხადის რეგისტრაციის N...) ო. ლ-ას. შესაბამისად, უდავოა, რომ ო. ლ-ას მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთს წარმოადგენს სწორედ გ. შ-ისა და მანამდე ბ. ს-ის მიწის ნაკვეთები, ამ უკანასკნელის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებამ კი გამოიწვია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოცემული მიწის ნაკვეთის ნაწილი დღეის მდგომარეობით ზედდებაშია მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ნაწილთან, ხოლო კ. მ-ის მიწის ნაკვეთის კოორდინატებისა და კონფიგურაციის სადავო დაზუსტებებმა ხელყო მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სახეზეა სარეგისტრაციო მონაცემის შეუსაბამობა კანონმდებლობასთან, რამდენადაც ო. ლ-ა მართალია არის საკუთრების უფლების მატარებელი, მაგრამ არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად, რეალურად იგი სხვა - მესამე პირის საკუთრებაა, რაც მესაკუთრის უფლებებიდან და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე დაუშვებელია.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. მ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 29.06.2018წ. №17641 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. კასატორს - კ. მ-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს 14.05.2018წ. №7 საგადახდო დავალებით შპს „...“ (ს/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე