Facebook Twitter

№ბს-718-718(კ-18) 20 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 20 ოქტომბერს ლ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2016 წლის 15 მარტის №14/14 გადაწყვეტილების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 24 მარტის N MIA 2 16 00728940 და 2016 წლის 21 სექტემბრის №2373387 წერილების ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, ჯ. ტ. ც-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის ფაქტის დადასტურებისა და მოსარჩელისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ც-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინებით ლ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ც-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, მოსარჩელე - ლ. ც-ე დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, 1993 წლის 13 მარტს ... საგუშაგოზე მის მეუღლეს - ჯ. ც-ეს დაეჯახა ავტობუსი და საავადმყოფოში გარდაიცვალა, რის გამოც ითხოვს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების ფაქტის დადგენა-დადასტურებას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

საკასაციო სასამართლო კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის №ბს-942-938(კ-17) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ „საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ტერმინი „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურის გარდაცვალება“ ფართო მოცულობისაა. აღნიშნული ფაქტები დგინდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და მასში იგულისხმება გარდაცვალება ზოგადად სამსახურში ყოფნის პერიოდში (მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დრო, რომელიც დასაქმებულს სამუშაო ადგილამდე მისვლისათვის და უკან დასაბრუნებლად სჭირდება, არის სამუშაო დრო). მაგალითად, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებად ითვლება, როგორც ავტოავარიაში დაღუპვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაცვალება, ასევე ისეთი შემთხვევები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიციელის პროფესიული საქმიანობის უშუალო განხორციელებასთან.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით იმპერატიულად არის განსაზღვრული იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომლებიც ექცევა მითითებული ნორმის რეგულაციაში და ასეთი შემთხვევებია: პოლიციელის გარდაცვალება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას. ამასთან, იმისათვის, რომ გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრზე გავრცელდეს ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმი, მნიშვნელოვანია დადგინდეს ორი გარემოება: პოლიციელის გარდაცვალება დაკავშირებული უნდა იყოს ამ ნორმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევასთან და იგი უშუალოდ ამ შემთხვევის შედეგს უნდა წარმოადგენდეს.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა გულისხმობს ობიექტური საფრთხის არსებობის პირობებში, უშუალოდ პოლიციური ღონისძიებების განხორციელების პროცესში, პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევას. ობიექტური საფრთხე იმ შემთხვევაში არის სახეზე, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საქმის გარემოებები ან მოვლენების შეუფერხებელი განვითარება გამოიწვევს „პოლიციის შესახებ“ კანონით დაცული სიკეთისთვის ზიანის მიყენებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული პუნქტის სუბიექტად მიჩნევისათვის სავალდებულოა უშუალოდ მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ მუხლში ჩამოთვლილ ქმედებასა და პოლიციელის გარდაცვალებას შორის. გარდაცვალება სწორედ უშუალოდ პოლიციელის პროფესიული საქმიანობის განხორციელებას უნდა მოჰყვეს შედეგად“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მეუღლის - ჯ. ც-ის გარდაცვალება არ უკავშირდება მის მიერ პროფესიული საქმიანობის უშუალოდ განხორციელებას და ვერ მიიჩნევა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი