№ბს-721-721(კ-18) 20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 15 ივნისს ნ. ზ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ „შვებულების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №21581 ბრძანების, ნ. ზ-ის „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1040104 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის ტრანსპორტის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის 2017 წლის 1 მარტიდან მის სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „შვებულების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №21581 ბრძანება მოსარჩელე ნ. ზ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1040104 ბრძანება მოსარჩელე ნ. ზ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის ნაწილში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ნ. ზ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის ტრანსპორტის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ნ. ზ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება 2017 წლის 1 მარტიდან, მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით; გადაწყვეტილება თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნ. ზ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების, კადრების განკარგულებაში აყვანისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება.
დადგენილია, რომ ნ. ზ-ი 2005 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 ნოემბრის ბრძანებით იგი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №804297 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის საშტატო განრიგში და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებაში განისაზღვრა დამატებით სამი მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3258187 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის საშტატო განრიგში და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურში, ნაცვლად აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებისა, განისაზღვრა ტრანსპორტის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილება, სადაც დამტკიცდა დამატებით სამი მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №21581 ბრძანებით, რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების საფუძვლით, მოსარჩელე ნ. ზ-ი გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1040104 ბრძანებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით, ნ. ზ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის ბრძანებით ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებაში განისაზღვრა დამატებით სამი მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული, ხოლო 2016 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით - ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს ტრანსპორტის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურში, ნაცვლად აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილებისა, განისაზღვრა ტრანსპორტის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განყოფილება, სადაც დამტკიცდა დამატებით სამი მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 1.3 მუხლის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის 5.2 მუხლის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 42.1 მუხლის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამასთან, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს, რომ კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.
ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება რეორგანიზაციის მოტივით, როდესაც განყოფილებას, სადაც იგი მსახურობდა შეეცვალა მხოლოდ დასახელება, ხოლო საშტატო ერთეულების რაოდენობა არ შეცვლილა, მიუთითებს ნ. ზ-ის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძვლის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლთან შეუსაბამობაზე. ამასთან, მართალია, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, მაგრამ ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ ნ. ზ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანისას ადგილი არ ჰქონია შტატების შემცირებას, შესაბამისად, არ არსებობდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ნ. ზ-ის თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი