საქმე Nბს-822(კ-18) 25 სექტემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ნ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება
კასატორი მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2017 წლის 21 სექტემბერს სარჩელი აღძრა გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე მ. ნ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ მ. ნ-ისათვის პირგასამტეხლოს - 28000 ლარის ოდენობით დაკისრება.
გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განჩინებით საქართველო თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 01 მაისის განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორი არ იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს, რომლითაც სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით ,რომ მ. ნ-ი წარმოადგენდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს, შესაბამისად, მასთან გასაფორმებელ კონტრაქტს საფუძვლად უნდა დასდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი-ბრძანებულება უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გავლის შესახებ, რასაც ადგილი არ ჰქონია.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N 729 ბრძანებით დამტკიცებულ „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი“, ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, იდება იმ პირებთან, რომლებიც დადგენილი წესით ექვემდებარებიან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვას. მ. რ. ნ-მა 2013 წელს მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში და გამოცდების შედეგის შესაბამისად, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2013 წლის 9 სექტემბრის N567 ბრძანების თანახმად, ჩაირიცხა აღნიშნული აკადემიის საბაკალავრო პროგრამაზე მსმენელად 2013 წლის 15 სექტემბრიდან. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ" ქვეპუნქტის და მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მ. რ. ნ-ი 2013 წლის 15 სექტემბრიდან გაწვეულ იქნა და ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიოლ) სამხედრო სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება.
ამასთან, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აკადემიის რექტორის შუამდგომლობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 13 სექტემბრის N256 ბრძანების თანახმად მ. რ. ნ-ს გაუფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N729 ბრძანებით დამტკიცებული სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი.
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის N609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების პირველი პუნქტის განსაზღვრავს სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესს, მითითებული დებულების მე-7 თავის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთა სამხედრო სამსახურის გავლის წესი სავალდებულო ვადიანი და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ანალოგიურია“ სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ „საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (2013 წლისთვის მოქმედი რედაქცია), „უცხო სახელმწიფოს მოქალაქე პირადი სურვილით და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სამხედრო სამსახურში. ამ შემთხვევაში ის სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურისადმი ერთგულებისა და კანონმდებლობის განუხრელად შესრულების თაობაზე. წერილობითი ვალდებულების ტექსტი განისაზღვრება დებულებით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი“ მითითებული ჩანაწერი ცალსახად არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვაზე ამ პირთან კონტრაქტის გაფორმებამდე უნდა იყოს წარმოდგენილი, შესაბამისად, არ არსებობს პირდაპირი აკრძალვა იმისა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი უცხო ქვეყნის მოქალაქესთან დაედო ხელშეკრულება, რასაც თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს სასამართლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში და მის მიერ დადებული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ. ნ-ი საქართველოს სამხედრო სამსახურში მიღებისას - 2013 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე იყო და მისი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვა არ მომხდარა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით, რამდენადაც არ არსებობს მ. ნ-ის საქართველოს სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება.
ამდენად, მართებულია მსჯელობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „აკადემიის“ რექტორატს მ. ნ-თან, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N729 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი” ხელშეკრულების გაფორმების უფლებამოსილება, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების გარეშე, არ ჰქონდათ, რაც გამორიცხავს მ. ნ-ისათვის კანონშეუსაბამო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე