Facebook Twitter

№ბს-845(2კ-18) 20 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 4 აგვისტოს ნ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის 16 ივლისის №4 14 00447541 წერილის ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ნ. ჩ-ის სასარგებლოდ შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის გამო სარჩოს გადახდისა და სარჩელის წარმოდგენამდე 3 წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს (ყოველი თვისათვის 708 ლარის 60%-ის ოდენობით) ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 სექტემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების განმსაზღვრელი კომისია.

2015 წლის 18 თებერვლის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარეს დაევალა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება. 2015 წლის 14 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის 16 ივლისის №4 1400447541 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსარჩელე, ნ. ჩ-ისათვის (პ/ნ ...) ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის საფუძვლით სარჩოს დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ შრომისუნარიანობის 60%-ის დაქვეითების პროპორციულად სარჩელის შეტანის დღეს არსებული კურსის გადაანგარიშებით განცხადების შეტანიდან შემდგომი პერიოდისათვის და წარსული დროისათვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალებოდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ათი დღის ვადაში გამოეცა მოსარჩელე, ნ. ჩ-ის (პ/ნ ...) სასარგებლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება მოსარჩელისათვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის საფუძვლით სარჩოს გადახდა შრომისუუნარობის 60%-ის დაქვეითების გამო 2011 წლის 20 ივნისიდან სამომავლოდ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის არსებობამდე თითოეული პერიოდისთვის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობით, რაც ამ დრომდე 2011 წლის 20 ივნისიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლის შეადგენს 6083 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის 16 ივლისის №4 14 00447541 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ნ. ჩ-ს დაენიშნება სარჩო შრომისუნარიანობის 60%-ის დაქვეითების შესაბამისად და გასული 3 წლის მიუღებელი სარჩოს ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის 16 ივლისის №4 14 00447541 წერილი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2011 წლის აგვისტოდან 2014 წლის 15 მაისამდე მიუღებელი სარჩოს - 12956 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით ნ. ჩ-ის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ჩ-მა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი - ნ. ჩ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორის განმარტებით, ყოფილი ტანკსარემონტო ქარხანა სამინისტროს, როგორც სამართალმემკვიდრეს გადმოეცა 2005 წლის 15 ივნისს გადმოცემის აქტის საფუძველზე. 2005 წლის 15 ივნისის აქტით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გადასცა (სამხედრო ნაწილი პპ 55440 (142 ჯავშანსატანკო სარემონტო ქარხანა)) და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჩაიბარა (სამხედრო ნაწილი პპ 55440 (142 ჯავშანსატანკო სარემონტო ქარხანა)) შენობა-ნაგებობანი, საინჟინრო კომუნიკაციები, რომლის საერთო ღირებულება იყო 35803,88 რუბლი. მითითებული გადმოცემის აქტი მიუთითებს იმაზე, რომ სამინისტროს, როგორც სამართალმემკვიდრეს გადმოეცა მხოლოდ უძრავი ქონება და არა ფინანსური ვალდებულებები (აქტივები, პასივები).

კასატორის მითითებით, თავდაცვის სამინისტროს №06328 სამხედრო ნაწილს, როგორც ყოფილი სარემონტო ქარხნის №55440 სამხედრო ნაწილის უფლებამონაცვლეს, გადაბარების საფუძველზე, არანაირი ფინასური დოკუმენტაცია, მათ შორის აქტივები და პასივები, ასევე არანაირი სხვა ვალდებულებები, რომლებიც ს/ნ 55440 ლიკვიდაციამდე ჰქონდა, არ გადმოსცემია. აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან კასატორის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსური ვალდებულებები არ დაკისრებია, რაც დასტურდება თუნდაც იმით, რომ მოხდა მხოლოდ უძრავი ქონების გადმოცემა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნ. ჩ-ი, დაბადებული 1949 წლის 15 მაისს, 1976 წლის 6 ივლისამდე ტანკსარემონტო ქარხანაში, 55440 სამხედრო ნაწილში მუშაობდა ზეინკლად, ვიდრე საწარმოო ტრავმის გამო არ დაკარგა შრომისუნარიანობა.

ქ. თბილისის საქარხნო რაიონის სახალხო სასამართლოს 1977 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით 55440 სამხედრო ნაწილს ნ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 72 მანეთის ოდენობით სარჩოს გადახდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე. რაც განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ნ. ჩ-მა სამსახურში საწარმოს ბრალით მიღებული ტრავმის შედეგად პროფესიული შრომის უნარი 60%-ით დაკარგა.

შრომის უნარის დაკარგვასთან დაკავშირებით, 2005 წლის 13 ივნისს ნ. ჩ-მა გაიარა სამედიცინო შემოწმება, რომლის შედეგად, ისანი-სამგორის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების №... აქტით ნ. ჩ-ი ცნობილ იქნა შრომისუნარდაქვეითებულად უვადოდ, თუმცა შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი ექსპერტიზამ არ განსაზღვრა.

საქმის მასალების შესაბამისად, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა ასევე ის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს №1 რეგიონალური ბაზის ბალანსზე არსებული შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა (ს/ნ 06328) წარმოადგენს ტანკსარემონტო ქარხნის - 55440 სამხედრო ნაწილის სამართალმემკვიდრეს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებთან და სამოქალაქო კოდექსის 408.2 მუხლთან მიმართებაში და აღნიშნული მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, მართებულად მიაჩნია ნ. ჩ-ისათვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის 2011 წლის აგვისტოდან 2014 წლის 15 მაისამდე მიუღებელი სარჩოს - 12956 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ხოლო რაც შეეხება ნ. ჩ-ის საკასაციო პრეტენზიას, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რა დრომდეა ძალაში რჩენის ვალდებულება, რა დრომდე იქნებოდა ვალდებული მარჩენალი, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. მოცემულ საქმეზე სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლი განმარტებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ პირის ვალდებულება, არჩინოს მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, მოქმედებს სწორედ ამ უკანასკნელის საპენსიო ასაკამდე. ამდენად, დაანგარიშებული სარჩო მომავლის პერიოდისათვის უნდა შემოიფარგლოს გარკვეული ჩარჩოთი - კონკრეტული ვადით, როდესაც მოპასუხის ვალდებულება - ეხადა სარჩო, უნდა შეწყვეტილიყო. საქართველოს კანონმდებლობით, მამაკაცებისათვის 65 წლის ასაკი მიიჩნევა იმ ზღვრად, რომლის დადგომამდეც, როგორც წესი, პირი შრომისუნარიანია, 65 წლის შემდეგ კი სახელმწიფო იღებს მისი პენსიით უზრუნველყოფის ვალდებულებას, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შესაბამისი ეტაპიდან, მას ასეთი საჭიროება გააჩნია შრომის უნარის დაქვეითების გამო. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ითვლება, რომ 65 წლის შემდეგ პირი ვეღარ შეძლებდა პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ვინაიდან მოსარჩელეს შრომითი მოვალეობის შესრულებისას შრომის უნარის 60%-ით დაკარგვის გამო სარჩოს მიღების უფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვრა, ასეთი უფლება მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე მიენიჭა, ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული გარემოება კი საქმის მასალებიდან არ ირკვევა. ამდენად, სარჩოს გაცემაზე ვალდებული პირის უფლებამონაცვლე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია, ნ. ჩ-ს აუნაზღაუროს სარჩო იმ ხელფასის 60%-ის ოდენობით, რასაც იგი ჯანმრთელობის შენარჩუნების პირობებში მუშაობის გაგრძელებით 65 წლის ასაკამდე მიიღებდა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრის საკასაციო პრეტენზიას და განმარტავს, რომ საქმის მასალების შესაბამისად, მოსარჩელე მუშაობდა ტანკსარემონტო ქარხნის - 55440 სამხედრო ნაწილში, სადაც მან მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საწარმო ტრამვა და მისთვის სარჩოს გადახდის ვალდებულებაც მას ეკისრებოდა. ვინაიდან, ტანკსარემონტო ქარხნის - 55440 სამხედრო ნაწილის სამართალმემკვიდრეა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს №1 რეგიონალური ბაზის ბალანსზე არსებული შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა, შესაბამისად, ის ვალდებულებები რაც გააჩნდა ტანკსარემონტო ქარხნის - 55440 სამხედრო ნაწილს მოსარჩელის მიმართ, გადავიდა მის სამართალმემკვიდრეზე, რის გამოც, დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კასატორის მსჯელობა, რომ მასზე გადავიდა მხოლოდ ტანკსარემონტო ქარხნის - 55440 სამხედრო ნაწილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და არა მისი ფინანსური ვალდებულებები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი