საქმე Nბს-230-230(კ-18) 15 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს … (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს … 2016 წლის 13 მაისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ პაციენტის - ნ. ა-ის (პ/ნ ...) შემთხვევის ნაწილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 25 დეკემბრის №04/99588 გადაწყვეტილებისა და შპს... 2016 წლის 27 იანვრის №94/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“ პაციენტის - ნ. ა-ის (პ/ნ ...) შემთხვევის ნაწილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 15 აპრილის №04/30563 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს .... სარჩელი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ... .
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით აპელანტის - შპს .... სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ... სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 25 დეკემბრის №04/99588 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ პაციენტის - ნ. ა-ის (პ/ნ ...) შემთხვევის ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 15 აპრილის №04/30564 გადაწყვეტილება შპს ... 2016 წლის 27 იანვრის №94/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“ პაციენტის - ნ. ა-ის (პ/ნ...) შემთხვევის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. ა-ის შემთხვევაში რეალურად ჩატარებულია ... კოდირებით .... - საზარდულის თიაქრის პარკის გამოყოფა და ლიგატურის დადება, ხოლო შეტყობინებათა სისტემაში დაფიქსირებულია ინტერვენცია ... - საზარდულის თიაქრის აღდგენითი ოპერაციები, რაც პრაქტიკულად არ განხორციელებულა, რადგან ... - საზარდულის თიაქრის აღდგენითი ოპერაცია არის ფართო მასშტაბის სამედიცინო ჩარევა და არა კონკრეტული მიმართულებით მანიპულაციის განხორციელება. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში აღწერილი პირობების თანახმად არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველი საქმის გამოსაკვლევ და შესაფასებელ საკითხს წარმოადგენდა - პაციენტს - ნ. ა-ს სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა ... კოდით თუ ... კოდით და რამდენად შეესაბამებოდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული ინფორმაცია ჩატარებულ ოპერაციას. ანუ რამდენად თანხვედრაშია რეალურად ჩატარებული ოპერაციის კატეგორია და ელექტრონულად მიწოდებულ ინფორმაციაში ასახული მონაცემები.
საქმეზე დადგენილია, რომ სამედიცინო დოკუმენტებში ასახულია კოდი ... და დაფიქსირებულია საზარდულის არხის პლასტიკა. ოპერაციის N403 პროტოკოლში ქირურგმა - ზ. ბ-ამ, გრაფაში - ოპერაციის მსვლელობისას თანმიმდევრობითი აღწერა, განმარტა, რომ თიაქრის პარკი გამოიყო სათესლე ბაგირაკის ელემენტებისგან, ფუძესთან გადაიკვანძა, გადაიკვეთა. საზარდულის არხის პლასტიკა კრასნობაევის წესით. საქმეში წარმოდგენილი „ასოციაცია - …“ დასკვნით განიმარტა კრასნობაევის მეთოდის შინაარსი, რაც გულისხმობს, რომ საზარდულის არხის პლასტიკა გაკეთდა რუ-კრასნობაევის წესით, რაც წარმოადგენდა საზარდულის არხის დისტალური ნაწილის შევიწროვებას არხის გაუხსნელად, ხოლო აღნიშნული დასკვნის გასაბათილებლად კასატორის მიერ რაიმე მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და არც საკასაციო საჩივარში მიუთითებს წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი გარემოებების გამაბათილებელ არგუმენტებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს იმის მტკიცების შესაძლებლობა, რომ ჩატარებულ ოპერაციას ის კოდი არ მიენიჭა, რასაც მისი შინაარსი მოიაზრებდა.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1.3. ითვალისწინებს ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურების პირობებს. დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი, მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს.
მოცემულ შემთხვევაში 2015 წლის 12 ივნისის N305708 მიმართვის (შეტყობინების) საფუძველზე დადგენილია, რომ .../ლაბორატორიულ კოდად მითითებულია - ... . აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ კლინიკის მიერ ელექტრონულად მიწოდებულ იქნა სწორედ ის მონაცემი, რა ოპერაციაც რეალურად ჩატარდა. ამდენად, ნ. ა-ის (პ/...) შემთხვევაში ჩატარებული ქირურგიული ჩარევის კოდი შეესაბამებოდა ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ კოდს, რის გამოც გეგმიური ქირურგიული პროგრამული შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე