საქმე Nბს-426-426(კ-18) 10 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. კ-ემ 2016 წლის 3 აგვისტოს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 მარტის №714440 წერილობითი მიმართვა, თ. კ-ისათვის ნამსახურობის საერთო ვადაში 2008 წლის 18 ივნისიდან, 2008 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით სამსახურის ჩათვლაზე უარის თქმის შესახებ; 2) ბათილად იქნეს ცნობილის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 5 მაისის №1098935 წერილობითი მიმართვა საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ; 3) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 6 მაისის №1111391 წერილობითი მიმართვა საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 28 ივლისის №MIA 7 16 01880486 წერილობითი მიმართვა განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ; 4) სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც თ. კ-ეს ნამსახურობის საერთო ვადაში ჩაეთვლება 2008 წლის 18 ივნისიდან; 2008 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით სამსახური სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით თ. კ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 მარტის №714440 წერილობითი მიმართვა, თ. კ-ისათვის ნამსახურობის საერთო ვადაში 2008 წლის 18 ივნისიდან, 2008 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით სამსახურის ჩათვლაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 5 მაისის №1098935 წერილობითი მიმართვა საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც თ. კ-ეს ნამსახურობის საერთო ვადაში ჩაეთვლება 2008 წლის 18 ივნისიდან, 2008 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით სამსახური სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში; დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად განმარტა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი (წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან). სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებული კანონის მე-16 მუხლის არც ერთ პუნქტში არ წერია, რომ „მუშაობის სტაჟის ათვლა იწყება სპეციალური წოდების მინიჭების დღიდან“. მართალია, კონკრეტულად კანონში არ წერია „სპეციალური წოდების მინიჭების დღიდან“, მაგრამ კანონის ზოგადი შინაარსიდან გამომდინარე და აღნიშნული პუნქტის ჩანაწერიდან გამომდინარე კანონი ეხება მხოლოდ „სპეციალური წოდების მქონე პირებს“. კერძოდ, ჩანაწერში მოხსენებულია „სამხედრო მოსამსახურე“, რაც იმას ნიშნავს, რომ „სპეციალური წოდება“ თუ არა აქვს მინიჭებული პირს კონკრეტულ თანამდებობაზე მუშობის პერიოდში, ის არ ითვლება „სამხედრო მომსახურედ“. საქმეში არსებული მასალებიდან დასტურდება რომ თ. კ-ე 2008 წლის 18 ივნისიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს სს „...“ შუახევის სერვისცენტრის დაცვის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე, შესაბამისად, ის არ იყო დანიშნული პოლიციელად, მას იმ პერიოდში არ ჰქონდა მინიჭებული „სპეციალური წოდება“ და საპოლიციო საპენსიო სტაჟში მას არ ეთვლება აღნიშნული დღეები.
კასატორის მოსაზრებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ თ. კ-ის შრომითი სტაჟის გამოთვლა არასწორად მოხდა მისი პირადი საქმისა და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-16 მუხლებზე დაყრდნობით, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქმედება, რომლითაც თ. კ-ეს უარი ეთქვა 2008 წლის 18 ივნისიდან - 2008 წლის 27 ოქტომბრამდე გამოსაცდელი ვადით სამსახურის ნამსახურობის საერთო პერიოდში ჩათვლაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოების მიერ მართებულად იქნა გამოყენებული „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვით, გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება საერთო შრომით სტაჟში. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე